სქესობრივი ცხოვრების დროს წყვილს შესაძლოა, არაერთი პრობლემა შეექმნას, რაც მათ ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ასევე, გასათვალისწინებელია უამრავი მითი, არასწორი წარმოდგენა, რაც ადამიანებს ხელს უშლის, რომ ნორმალური სქესობრივი ცხოვრება ჰქონდეთ. ექიმი-სექსოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ზურაბ მარშანია გვიყვება, ძირითადად, რა ჩივილებით მიმართავენ პაციენტები, რა პრობლემებია გამოკვეთილი, როგორ ახერხებს პაციენტების დახმარებას და რა ხდება სექსუალური დისფუნქციების მიზეზი:
- ექიმი-სექსოლოგის მუშაობის სპეციფიკა ანდროლოგისა და გინეკოლოგის საქმიანობისგან განსხვავდება. ანდროლოგი, როგორც წესი, მამაკაცებთან არსებული პრობლემების შესახებ მუშაობს, გინეკოლოგი კი, პირიქით. ექიმი-სექსოლოგი მკურნალობს როგორც ქალს, ასევე მამაკაცს. მომართვიანობა ძალიან დიდია და სხვადასხვა პრობლემაა გამოკვეთილი. თუ ქალის სექსუალურ დისფუნქციებს ავიღებთ, ბევრი პაციენტი მყავს ვაგინიზმით, როცა სქესობრივი აქტის ჩატარება შეუძლებელია, ასევე ანორგაზმიით, ანუ ქალის მიერ ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა, ან ხშირი გაძნელება. სამწუხაროდ, ქალებში ხშირია სხვა სექსუალური დისფუნქციებიც. მაგალითად, როგორებიცაა სექსუალური ლტოლვის, ანუ ლიბიდოს დაქვეითება, სექსუალური აგზნებადობის დაქვეითება. საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა დისპარეუნია, ანუ მტკივნეული სქესობრივი აქტი. ასევე, ლუბრიკაციის ნაკლებობა, როდესაც ქალის ორგანიზმი სქესობრივი აქტის დროს საკმარისი რაოდენობის ლუბრიკანტს ვერ გამოიმუშავებს, რომლის მეშვეობითაც აქტი კომფორტულად მიმდინარეობს. შესაბამისად, ამასაც გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა აქვს.
რაც შეეხება მამაკაცის სექსუალურ დისფუნქციებს, აქ უდავოდ ლიდერი ერექციული დისფუნქცია, ანუ ერექციის დარღვევაა, რომლის უამრავი მიზეზის შედეგად შეიძლება არსებობდეს და კლინიკური მიმდინარეობაც განსხვავებული აქვს. გამომწვევი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მამაკაცებში ხშირი პრობლემაა ნაადრევი ეაკულაცია, ანუ სპერმის გამოყოფის იმდენად აჩქარება, რომ ეს ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის. დისკომფორტი კი დისტრესის მიზეზი ხდება. მამაკაცების შემთხვევაშიც ლიბიდოს დაქვეითება ხშირი პრობლემაა. ასევე, ეაუკულაციის გაძნელება, ან საერთოდ ორგაზმის მიუღწევლობა. ამიტომ, მომართვიანობა მსგავსი დარღვევებით ხშირია, რასაც სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა სჭირდება.
- პაციენტებისაგან ხშირად გვესმის, რომ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, არ იციან, სად, ვისთან მივიდნენ და ასე შემდეგ. ამავდროულად, ძალიან ლეგიტიმური ინტერესია, როგორი სპეციალისტია კონკრეტული ექიმი, რა ტიპის გამოცდილება, შედეგები აქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანებს ზოგჯერ ფიქრი ეზარებათ. როცა ადამიანს სექსუალური დისფუნქცია აქვს, რატომ უნდა მივიდეს გინეკოლოგთან ან უროლოგთან, არ მესმის, თუ კიდევ რაიმე სხვა არ აწუხებს. თუ შარდვაა დარღვეული, ან ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უროლოგთან, გინეკოლოგთან უნდა მიხვიდე და მერე მიმართო სექსოლოგს. ჯერ გინეკოლოგიური, უროლოგიური დაავადებები უნდა იყოს განკურნებული და მხოლოდ მომდევნო ეტაპზე შეუდგეს სექსუალური დისფუნქციის მოგვარებას. მაგრამ, როცა პაციენტს სექსუალური დისფუნქციაა აქვს და ამ თვალსაზრისით ექმნება პრობლემა, რატომ უნდა წავიდეს სხვა სპეციალისტთან? ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს, ბევრი უროლოგი, გინეკოლოგი მეგობარი მყავს, ძალიან კარგი ექიმები არიან და განსაკუთრებით მიყვარს. მაგრამ ნებისმიერ სფეროზე საუბრისას უნდა გაგვახსენდეს, რომ "პურს მეპურე აცხობს". ყველამ უნდა აკეთოს ის საქმე, რაც მის კომპეტენციაში შედის. სამწუხაროდ, ხშირია არაკვალიფიცირებული მიდგომები და ამიტომ გვაქვს ამდენი გართულებული შემთხვევა. როდესაც ექიმი ხედავს, რომ პრობლემა სხვა პროფილისაა, კოლეგას დახმარება უნდა სთხოვოს და პაციენტი დააკვალიანოს, ვისთან შეიძლება გააგრძელოს მკურნალობა. პაციენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ვინც სექსუალური პრობლემის სამკურნალოდ ფსიქოლოგს მიმართავს, არასწორად იქცევა.
- ამ პროცესს პარტნიორული წყვილის სექსუალური დისჰარმონია ჰქვია. ქალისა და მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია, თავისთავად, დისჰარმონიას იწვევს. უფრო ზუსტად კი, ეს სექსუალური დისფუნქციის შედეგია. მაგრამ, საინტერესოა შემთხვევები, როდესაც არც ქალს აქვს სექსუალური დისფუნქცია და არც მამაკაცს, მაგრამ დისჰარმონია მაინც არსებობს. ასეთ დროს სექსოლოგის ჩარევა აუცილებელია. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში კლინიკური სექსოლოგიის მიმართულებას სათანადო ყურადღება არ ექცევა. ეს იშვიათი გამონაკლისებია: ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი. შესაბამისად, პრობლემები გადაუჭრელად რჩება. დისჰარმონიას შეიძლება, ძალიან ბევრი რამ იწვევდეს. ამიტომაა საჭირო, რომ პაციენტმა ძალიან კვალიფიციური დახმარება მიიღოს. პირველ რიგში, ყველა ორგანული მიზეზი უნდა გამოირიცხოს. ასევე, უნდა გამოვრიცხოთ ყველა შესაძლო ფარული დისფუნქცია, რომელიც შესაძლოა, გამოხატული არ იყოს, მაგრად არსებობდეს. ამის გარდა, მიზეზების საკმაოდ დიდი კომპლექსი რჩება, რომლებმაც შეიძლება, აღნიშნული პრობლემა გამოიწვიოს. პირველ რიგში, ეს სქესობრივი განათლების ძალიან დაბალი დონეა. სქესობრივი განათლების დაბალი დონიდან გამომდინარე, კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება არარეალისტური მოლოდინები იყოს. სექსის დროს ამ მოლოდინს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ზოგჯერ ადამიანს სრულიად არარეალური, მცდარი წარმოდგენა აქვს.
მამაკაცებს პრობლემა აქვთ ასოს სიგრძესთან დაკავშირებით და არსებობს ილუზია, რომ რაც უფრო დიდია, ქალისთვის სექსი ბევრად უფრო სასიამოვნოა, არადა, პირიქითაა. ასევე, ხშირად ერთ ღამეში ჩატარებული სქესობრივი აქტების რაოდენობას ითვლიან და ფიქრობენ, რომ თუ რამდენჯერმე არ შეუძლიათ, დარღვევაა. სინამდვილეში, ღამეში, ერთხელ, ხარისხიანი სექსი ნორმაა. ქალების მხრიდანაც ხშირადაა არარეალისტური მოლოდინები და იმ ფაქტს, რომ წყვილს ერთდროულად ორგაზმის მიღწევა არ შეუძლია, დარღვევად თვლიან, რაც სინამდვილეში, საერთოდ არ არის პათოლოგია. მსგავს მიდგომებს კი სქესობრივი განათლების სავალალოდ დაბალი დონე იწვევს. გარდა ამისა, ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც დისჰარმონიას იწვევს, ეს სექსის ხარისხით დაუკმაყოფილებლობაა. არარეალისტური მოლოდინებისაგან განსხვავებით, ეს სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნაა. თუ სექსით უკმაყოფილება არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.ბევრი პაციენტი მყავს, რომელიც ორგაზმს აღწევს, მაგრამ სექსით კმაყოფილი არ არის. ამასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს, რომლებსაც დადგენა სჭირდება. ასევე, შესაძლოა პარტნიორებს შორის სექსში განსხვავებული მისაღებობის დიაპაზონი არსებობდეს. რაც უფრო მრავალფეროვანია ეს პროცესი, რაც უფრო მეტი რამ "მოსულა" სექსის დროს, მით უფრო მძაფრია შეგრძნება. პარტნიორებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და ურთიერთობაში შებოჭილობა მოიხსნან.
ხშირად პაციენტებთან კოგნიტურ ფსიქოთერაპიას ვატარებ და ვფიქრობ, კოგნიტური ფსიქოთერაპია სქესობრივი განათლების ასამაღლებლად ძალიან სერიოზული იარაღია.
- ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ადამიანს ჯანსაღი, რეგულარული სექსი უნდა ჰქონდეს. რამდენად ხშირი, ეს ინდივიდუალური გადასაწყვეტია. თუ პარტნიორებს სურთ, შესაძლოა, ყოველდღიურად, დღეგამოშვებით, ან კვირაში 1-2-ჯერ ჰქონდეთ. რაც შეეხება ზიანს, ამ ტერმინთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არსებობს ცნება, რასაც ცელიბატში ცხოვრება ჰქვია. ცელიბატში ცხოვრობენ ქალებიც და მამაკაცებიც. არის პროფესიები, ცხოვრების წესი, რომელიც ცელიბატში ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე ითვალისწინებს. მაგალითად, მონაზვნების, ბერების შემთხვევაში. ამიტომ, ტერმინი "ზიანი" ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ. ეს ხდება ადამიანისთვის ცხოვრების წესი და კომფორტული მდგომარეობა.
რაც შეეხება ადამიანს, რომელსაც სქესობრივი ცხოვრება ჰქონდა და შემდეგ სხვადასხვა მიზეზის, მაგალითად, პატიმრობის, ემიგრაციის, სამსახურებრივი მოვალეობის გამო წყვეტა მოხდა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. უფრო მეტად კი მამაკაცების შემთხვევაში. ქალები ცელიბატს ძალიან კარგად უძლებენ. ამიტომ, მამაკაცებს ხშირად ვეუბნები, გაუფრთხილდით ცოლს, სექსუალურ პარტნიორს. რაც უფრო დიდი ხნით წყდება სქესობრივი ცხოვრება, ეს ფაქტი სექსუალურ ფუნქციაზე მით უფრო ნეგატიურ გავლენას ახდენს და სავსებით შესაძლებელია სერიოზულ დისფუნქციაში გადაიზარდოს. ამიტომაც, ფრანგები მამაკაცებს ურჩევენ: Cherchez la femme- ეძიე ქალი. ჩემი რჩევაცაა, მოძებნეთ პარტნიორი. ქალის შემთხვევაში რომ ვთქვათ, რომ სქესობრივი ცხოვრების დროებით შეწყვეტა მის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანი აყენებს, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით ასე ვერ ვიტყვით. თუმცა, ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც რეგულარული სექსი ძალიან მნიშვნელოვანია. არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს, არ დაფეხმძიმებულა და არ უმშობიარია. ერთ-ერთია, მაგალითად, ძუძუს კიბო. ასე რომ, ყველა ქალსა და მამაკაცს მინდა ვუსურვო, რომ ნუ იცხოვრებენ ცელიბატში, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს, რელიგიას არ მიუძღვნიან.
- მყოლია პაციენტები, რომლებსაც 13 წელი არ ჰქონიათ სექსი იმის გამო, რომ ვაგინალური პენეტრაცია ფიზიკურად ვერ ხერხდება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა და ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. ვაგინიზმის ძირითადი მკურნალობის მეთოდი ექიმი-სექსოლოგის მიერ ფსიქოთერაპიული ინტერვენციაა და თავად ამ პრობლემისაგან 500-ზე მეტი პაციენტი მყავს განკურნებული. როცა ვაგინიზმის მკურნალობასა და მიზეზებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მთავარი „დამნაშავე" ტრავმა ან ცუდი გამოცდილება კი არა, სქესობრივი განათლების დაბალი დონეა. მაგალითად, მოლოდინი იმისა, რომ პირველი ღამე მტკივნეული იქნება, „სისხლისგან დაიცლება", საავადმყოფოში აღმოჩნდება და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. თუ სქესობრივი კავშირის დროს ტკივილს განიცდი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაგინიზმი გაქვს, მსუბუქი ფორმით. ვაგინიზმი ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციაა და როგორც აღვნიშნე, ასეთ დროს ფსიქოთერაპია კარგად მუშაობს. ჩემთან ძალიან ბევრი ქალი მოსულა, რომლებიც ფსიქიკურად, მორალურად დათრგუნულები არიან, ტირიან და ფიქრობენ, რომ ამ მდგომარეობას არაფერი შველის. მაგრამ, როდესაც ჩემი კაბინეტიდან ადამიანები გალაღებულები, ბედნიერები გადიან, ეს ცხოვრებას მიხანგრძლივებს და მოტივაციას მაძლევს.
- 45-50 წლის ასაკი არის პერიოდი, როდესაც ქალსაც და მამაკაცსაც რეგულარული და ხშირი სქესობრივი ცხოვრება უნდა ჰქონდეთ, რაც მათი ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგია. განსაკუთრებით კი ქალისთვის, რადგან მას ამ პერიოდში პრეკლიმაქტერული პერიოდი ეწყება, რაც შესაძლოა, შემდეგში კლიმაქტერულ სინდრომშიც, კლიმაქტერულ ნევროზში გადავიდეს. მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივ ცხოვრებაში პრობლემები აქვთ, დაბალია ტესტოსტერონის დონე, ხშირად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და ეს დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს. შესაძლოა, გართულდეს გულის კუნთის ინფარქტითა და სხვა პრობლემებით, ამიტომ, სექსი წამალიცაა.
თამარ იაკობაშვილი