მეთორმეტეკლასელი მარიამ ქურდაძე მსოფლიოს ასობით ახალგაზრდას შორის FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა - "მუდამ ვცდილობ, არ გავჩერდე, განვავითარო თავი და წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის სახელის პოპულარიზებაში" - მშობლები

მეთორმეტეკლასელი მარიამ ქურდაძე მსოფლიოს ასობით ახალგაზრდას შორის FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა - "მუდამ ვცდილობ, არ გავჩერდე, განვავითარო თავი და წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის სახელის პოპულარიზებაში"

2023-03-16 19:18:43+04:00

ქართველი მოსწავლე მარიამ ქურდაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამით სწავლობს, ასობით ახალგაზრდას შორის FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. მარიამ ქურდაძე შეარჩიეს მაღალი აკადემიური მოსწრების, მოხალისეობისა და საკუთარი ქვეყნის კულტურის განსაკუთრებული ენთუზიაზმით გაზიარების გამო. მარიამს დღეს უფრო უკეთ გაგაცნობთ. ის საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გვიყვება:

- როგორც მოგეხსენებათ, FLEX პროგრამის ფინალისტი ვარ, ამჟამად ნებრასკაში, ქალაქ ფრემონტში გაცვლითი წლის მერვე თვეს ვატარებ, Fremont High Senior School-ის მეთორმეტე კლასში ვსწავლობ. ჩემთვის აქ ცხოვრება დიდ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული, დამოუკიდებლად, ათასობით კილომეტრის დაშორებით, ჩემი მეორე "სახლი” შევქმენი.

- როგორ მოხვდი FLEX პროგრამაში - ინგლისური ენის ცოდნის გარდა, რა დაგეხმარა წარმატების მიღწევაში?

- პროგრამაში მოსახვედრად, ალბათ, ის მიზანი დამეხმარა, რომელიც ბავშვობიდან მქონდა. ინგლისურის ცოდნაზე მეტად უნარ-ჩვევები გამომადგა, რომელიც სკოლასა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით შევიძინე, მადლიერი ვარ ყველა მასწავლებლისა და დირექტორის, რომლებიც საინტერესო იდეების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გვერდით მედგნენ. ამ პროგრამის შესახებ ადრეულ ასაკში გავიგე და მიზანი დავისახე. მუდამ ვცდილობ, არ გავჩერდე, განვავითარო თავი და წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის სახელის პოპულარიზებაში.

- რატომ გსურდა პროგრამაში მოხვედრა, რა მოლოდინები გქონდა და თუ გამართლდა შენი მოლოდინები?

- მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა - თავადვე სახელი გამოხატავს არსს და მინდოდა, ის უნარ-ჩვევები მიმეღო, რაც თვითგანვითარებასა და ლიდერულ თვისებებთან არის დაკავშირებული. ასევე, მინდოდა, ჩემი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციის შესახებ ხალხისთვის გამეზიარებინა, განმევითარებინა ჩემი პიროვნება და პატარა წვლილი შემეტანა საკუთარი ქვეყნის სხვებისთვის გაცნობაში. ვფიქრობ, მოლოდინები გამართლდა, ამ პროგრამამ დამოუკიდებლად განვითარების და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა მომცა.

1-1678980147.jpg

- FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდი, მოგვიყევი წარმატების შესახებ, რა აქტივობებს ახორციელებ, რა ნიშნებია ის, რის გამოც ასობით ბავშვში გამოგარჩიეს?

- თვის მონაწილის სტატუსის მიღება ისეთ კონკურენტუნარიან გარემოში, როგორშიც FLEX-ის გაცვლითი სტუდენტები არიან, ძალიან რთულია. 600 მოსწავლიდან 10 საუკეთესო სტუდენტში მოხვედრა ჩემთვის წარმოუდგენლად ჟღერდა, ამიტომ ნამდვილად მოულოდნელი იყო ამ სტატუსის მიღება. წელს 100 საათზე მეტი მოხალისეობრივი აქტივობა განვახორციელე, დაწყებით სკოლაში მასწავლებელს ვეხმარებოდი და ბავშვებს 2 თვის მანძილზე საქართველოს კულტურის და ისტორიის შესახებ ვაცნობდი, რომელთაგან ბევრს გაუჩნდა საქართველოში მოგზაურობის სურვილი, ვატარებდი პრეზენტაციებს ჩემი ქვეყნის შესახებ უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკებსა თუ სკოლებში. მეგობრებსაც ბევრ ასპექტს ვუზიარებდი, ქართული სამზარეულოდან რამდენიმე კერძის გაკეთებაც კი იციან. სკოლაშიც საკმაოდ რთული გზა ავირჩიე. ამერიკული სკოლის დიპლომს ვიღებ და ამისთვის გარკვეული კლასების აღება დამჭირდა, რომ კრედიტები დამეგროვებინა, მიუხედავად კლასების სირთულისა, შევძელი შეფასებაში A-ს შენარჩუნება, რომელიც ამერიკულ სკოლაში უმაღლესი ქულაა. ჩემმა კოორდინატორმა, რომელიც ჩემს მუშაობას აკვირდება, როგორც ბოლოს აღნიშნა, ექვსჯერ წარმადგინა ნომინაციაზე და საბოლოოდ მარტის თვის სტუდენტად დავსახელდი, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. მინდა აქვე მადლობა გადავუხადო ჩემს კოორდინატორებს, Aspect Foundation-ს, Flex პროგრამასა და ამერიკის საელჩოს ნდობისთვის.

- რაში გეხმარება ამერიკაში ცხოვრება და განათლების მიღება?

- ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დამეხმარება. ამ წელმა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დამარწმუნა. მასწავლა, რომ არასდროს დავნებდე და განვაგრძო წინსვლა. რაც არ უნდა წარმოუდგენლად გვეჩვენოს, არაფერია ისეთი, რასაც ვერ შევძლებთ, მთავარია, ვცადოთ და ვიბრძოლოთ. მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ ოდესმე ბავშვებს ასე კარგად თუ გავუგებდი, მაგრამ მათთან მუშაობამ საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა. გაცვლითი წლის განმავლობაში ასეთი ბევრი გამოცდილება მივიღე.

2-1678980170.jpg

- რა შეგიძლია ურჩიო ქართველ ბავშვებს, რომლებსაც FLEX პროგრამაში მონაწილეობა სურთ?

- FLEX პროგრამა უდიდესი გამოცდილება და დიდი ოჯახია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე დარჩება. ყველა თანატოლს ვურჩევდი FLEX-ში მონაწილეობას, ეს არის ოცნებებისა და მიზნების ახდენის პროექტი. წარმოაჩინეთ თავი მაქსიმალურად, დაისახეთ მიზანი და არასდროს დანებდეთ, ნებისმიერი დაბრკოლებისას გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

- რა დაგეხმარა ინგლისური ენის კარგად შესწავლაში და ამ მიმართულებით რა შეგიძლია ქართველ თანატოლებს ურჩიო?

- ინგლისური ენის სწავლაში ძალიან დამეხმარა ინგლისურენოვანი პროექტები, რომლებშიც გაცვლით წლამდე ვიყავი ჩართული, ფილმების ყურება და ინგლისურად წიგნების კითხვა. ჩემი აზრით, მთავარია მონდომება და საკუთარ თავზე მუშაობა.

- როგორია შენი გეგმები საქართველოში დაბრუნების შემდეგ - რა მიმართულებით აპირებ სწავლის გაგრძელებას და როგორ ფიქრობ, რაში დაგეხმარება ამერიკული გამოცდილება?

-საქართველოში იურიდიული განხრით ვაპირებ კარიერის გაგრძელებას, ამერიკულ გამოცდილებას კი საკუთარი ქვეყნის განვითარებას მაქსიმალურად მოვახმარ. როგორც FLEX პროგრამის კურსდამთავრებულმა, მინდა, რომ საზღვრისპირა სკოლის მოსწავლეებს განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებაში დავეხმარო.

თამარ იაკობაშვილი