რატომ ჭამენ მოზარდები ბევრს და სულ რატომ შიათ? - სინამდვილეში რამდენი უნდა მიირთვან და რა კავშირია ზრდასა და მომწიფებასთან - მშობლები

რატომ ჭამენ მოზარდები ბევრს და სულ რატომ შიათ? - სინამდვილეში რამდენი უნდა მიირთვან და რა კავშირია ზრდასა და მომწიფებასთან

2023-03-17 11:32:47+04:00

ბევრ ადამიანს აწუხებს შეკითხვა, თუ რატომ იმატებს წონაში ყოველწლიურად. წონის პრობლემა მოზარდებშიც საკმაოდ აქტუალურია და მთელ მსოფლიოში იმ ბავშვების რიცხვი, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები აქვთ, სულ უფრო მეტად იზრდება. დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს არა მხოლოდ უმოძრაო ცხოვრების წესით, არამედ ზედმეტი კვებითაცაა გამოწვეული.

ხშირად მშობლები ამბობენ, რომ მათი მოზარდი შვილები განსაკუთრებით ბევრს მიირთმევენ და სულ შიმშილის შეგრძნება აქვთ. თუმცა, ამაზე არ რეაგირებენ და ფიქრობენ, რომ მათი სხეული ზრდისა და განვითარების ფაზაშია და სწორედ ამიტომ აქვთ საჭმლის მიმართ ასეთი მოთხოვნილება. პედიატრები და დიეტოლოგები განმარტავენ, რატომ აქვთ მოზარდებს მომატებული მადა და უნდა შეზღუდოს თუ არა მშობელმა საკვების მიღებაში:

რატომ მიირთმევენ მოზარდები ბევრ საკვებს?

მოზარდების მადაზე ყველაზე აქტიურად ორი ფაქტორი მოქმედებს. ესენია: გააქტიურებული სქესობრივი ჰორმონები და აქტიური ზრდის პროცესი.

1-1679038696.jpeg

აქტიური ზრდის პროცესი:

სპეციალისტების თქმით, 13-დან 18 წლამდე ასაკი აქტიური ზრდისა და განვითარების პერიოდია. საშუალოდ, თინეიჯერი გოგონები წელიწადში 5-20 სანტიმეტრით იზრდებიან და ზრდის პროცესს 16-17 წლის ასაკში ასრულებენ. ბიჭები კი საშუალოდ წელიწადში 10-30 სანტიმეტრით იზრდებიან და ზრდის პროცესს დაახლოებით 18-20 წლის ასაკში წყვეტენ. მოზარდებს ძალიან ბევრი ცილა, ცხიმი თუ სხვა ნივთიერება სჭირდებათ, რომ ორგანიზმი საჭირო ენერგიით მოამარაგონ. ამიტომაც, მათი მადა იმატებს. სპეციალისტების თქმით, თუ შიმშილის გრძნობა მხოლოდ მოზარდის აქტიური ზრდით აიხსნებოდა, მაშინ ისინი წონაში საგრძნობლად არ მოიმატებენ.

ჰორმონების გავლენა წონაზე:

ცნობილია, რომ ჩვენს სხეულს, ფაქტობრივად, ჰორმონები აკონტროლებენ და ისინი შიმშილის გრძნობის შესახებ შესაბამის სიგნალს გვაძლევენ. მაგრამ, ჰორმონების გავლენის დროს, ჭამით არა მხოლოდ ენერგიით ვივსებით, არამედ სიამოვნებასაც ვიღებთ. სპეციალისტების თქმით, ეს ჩვილობიდან იწყება, როცა დედის რძე ბავშვისთვის არა მხოლოდ საკვები, არამედ დამშვიდების, დაძინების საშუალებაა. ვიზრდებით, მაგრამ სტრესის დროს ჭამის ჩვევა ჩვენთან მაინც რჩება. მოზარდობის ასაკში კი სტრესის დონე განსაკუთრებით მაღალია. ბავშვებს კონფლიქტი აქვთ საკუთარ თავთან, თანატოლებთან, მშობლებთან, ნერვიულობენ შეცვლილ სხეულსა და ფორმებზე, უჭირთ კომუნიკაცია და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ხშირად ამ ასაკში უჩნდებათ აკნე, ეცვლებათ ხმა, რაც შესაძლოა, ბევრ კომპლექსს იწვევდეს.

სტრესის ჰორმონი კორტიზოლი მადაზე დიდ გავლენას ახდენს. ძლიერი ემოციების მომენტში ის სხეულის მობილიზებას იწყებს, გადარჩენის რეჟიმში გადაჰყავს და ამ დროს ადამიანი საკვებს ივიწყებს. მაგრამ როგორც კი ყველაფერი დაწყნარდება, ჭამის გაძლიერებული სურვილი გვაქვს.

ძირითადი ჰორმონები, რომლებიც მადას არეგულირებენ, გრელინი და ლეპტინია. გრელინის შემთხვევაში, როცა წონაში ვიმატებთ, ეს ჰორმონი ასე აქტიურად არ მუშაობს, მაგრამ როცა წონაში ვიკლებთ, ფაქტობრივად ყვირის: „საჭმელი მომეცი!“

გრელინის სინთეზზე ძილის რაოდენობაც ახდენს გავლენას. თუ ადამიანს მინიმუმ 8 საათი სძინავს და თავს დასვენებულად გრძნობს, მისი მადა იკლებს. მაგრამ მოზარდებს,ზოგადად, ძილის პრობლემები ხშირად აქვთ, ეს კი წონაში მატებას იწვევს.

მეორე ჰორმონი, ლეპტინი, ცხიმოვანი ქსოვილის მიერ წარმოიქმნება და შიმშილის გრძნობას თრგუნავს. ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობასა და ლეპტინის გამომუშავებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. რაც უფრო მეტი ცხიმია ორგანიზმში, მით მეტი ლეპტინი გამომუშავდება. თუ დიეტაზე ხართ, ლეპტინის ეფექტი იკლებს, მადაც იღვიძებს. ამგვარად, ორივე ჰორმონი, ლეპტინი და გრელინი, ფაქტობრივად, ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს და ,,გვაიძულებს“, წონაში მოვიმატოთ.

ასევე, გარდატეხის ასაკში ბიჭებსა და გოგონებში ჰორმონების ესტროგენისა და ტესტოსტერონის დონე იცვლება. პირველი ჰორმონი ქალის სხეულის განვითარებისთვისაა აუცილებელი. მენსტრუაციის დაწყებამდე დაახლოებით ორი წლით ადრე გოგონას მადა საგრძნობლად ემატება, იწყებს აქტიურად ზრდას და ფიგურა ეცვლება. მაგრამ თუ ამ პერიოდში მარტივ ნახშირწყლებს, არაჯანსაღ კალორიებს მიიღებს, წონაში მოიმატებს.

ბიჭებში კი პუბერტატის პერიოდში ტესტოსტერონი აქტიურად გამომუშავდება და მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს. ეს ჰორმონი კუნთოვანი მასის მატებაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ თუ ბავშვი სპორტით არ არის დაკავებული, მაშინ წონაში მატების დიდი შანსია.

2-1679038712.jpg

კალორიების ლიმიტები მოზარდებისთვის

სპეციალისტების თქმით, მოზარდს არ შეიძლება კვება ავუკრძალოთ, მაგრამ პედიატრებს დღეში მოხმარებული კალორიების რაოდენობის შესახებ გარკვეული ნორმები მაინც აქვთ.

გოგონები:

  • ასაკი 7-10: 2300 კალორია და 77 გრამი ცილა
  • ასაკი 11-13: 2500 კალორია, 82 გრ ცილა
  • ასაკი 14-17: 2600 კალორია, 90 გრ ცილა

ბიჭები:

  • ასაკი 7-10: 2300 კალორია და 77 გრამი ცილა
  • ასაკი 11-13: 2700 კალორია, 90 გრ ცილა
  • ასაკი 14-17: 3000 კალორია, 100 გრ ცილა

შესაძლებელია თუ არა მოზარდების კვების რაციონის შეზღუდვა?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სქესობრივი მომწიფების დასრულებამდე ბავშვის მკაცრ დიეტაზე ან ვეგეტარიანულ კვებაზე გადაყვანა არ ღირს. უმჯობესია მისი კვების რაციონი სარგებლობის მიხედვით შეაფასოთ. შეეცადეთ, სწორად შეარჩიოთ საკვები, რომელსაც ბავშვი მიირთმევს. კვების რაციონში დაბალანსებული ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ჩართეთ. ჯანსაღი ნახშირწყლები კი შეგიძლიათ, მარცვლეულიდან, ბოსტნეულიდან და ხილიდან მისცეთ. რა თქმა უნდა, იდეალურია, თუ საკვები პროდუქტები ჯანსაღი და უსაფრთხო იქნება.