ჟურნალისტი ნანა აკობიძე პარიზში მოკლული პედაგოგის დაკრძალვის ამსახველ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს:
"უკანასკნელი ტანგო პარიზში - ბოლომდე უყურეთ და არასოდეს დაგავიწყდებათ არც ეს მელოტი, გამხდარი კაცი, არც ეს მუსიკა (Nat King Cole - L-O-V-E), არც ეს ამბავი, რომელმაც მართლა შეძრა საფრანგეთი.
ორი კვირის წინ დაკრძალეს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში მოსწავლის მიერ მოკლული მასწავლებელი აგნეს ლასალი (53 წლის). „რაღაც ხმამ მითხრა, რომ ეს უნდა გამეკეთებინა“, - ამბობს 16 წლის მოზარდი.
დაკრძალვაზე, გამოსვენებისას მუსიკა ჩაირთო და აგნესის მეგობარმა მამაკაცმა ცეკვა დაიწყო. ხალხი ჯერ დაიბნა, შემდეგ თვითონაც ჯერ გაუბედავად, მერე კი თამამად აუბეს მხარი და აცეკვდნენ.
ასე გააცილეს აგნესი - ქალი, რომელიც ამ მუსიკაზე ხშირად ცეკვავდა სიცოცხლეში თავის საყვარელ მამაკაცთან ერთად.
არასოდეს მინახავს დამშვიდობების და თანაგრძნობის გამოხატვის ასეთი ლამაზი აქტი.
ინტერნეტში ამ ცეკვის ბევრი ვიდეო იძებნება. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვერსია ესაა, განსაკუთრებით - ფინალით, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს საყვარელი ადამიანის ბოლო გზაზე გაშვების, გაცილების ფაქიზი სცენა", - წერს ნანა აკობიძე.