რა უნდა იცოდეს 13 წლამდე მოზარდმა ინტიმურ თემებზე, რომ სქესობრივი ცხოვრება ნაადრევად არ დაიწყოს ან მოძალადის მსხვერპლი არ გახდეს - მშობლები

რა უნდა იცოდეს 13 წლამდე მოზარდმა ინტიმურ თემებზე, რომ სქესობრივი ცხოვრება ნაადრევად არ დაიწყოს ან მოძალადის მსხვერპლი არ გახდეს

2023-03-20 11:23:09+04:00

ბავშვებისგან ინტიმურ თემებზე საუბარი და შეკითხვების მოსმენა, უფროსებს, როგორც წესი, არ სიამოვნებთ. მშობლები ღელავენ, რომ რაც უფრო ადრე ექნებათ ბავშვებს ეს ინფორმაცია, უფრო ადრე ემუქრებათ სქესობრივი ცხოვრების დაწყება, ნაადრევი ქორწინება და ის პრობლემები, რომლებიც ნაადრევ სექსს მოსდევს თან. სინამდვილეში არაერთი კვლევა და ცხოვრებისეული პრაქტიკა მიუთითებს, რომ სწორად და დროულად მიწოდებული ინფორმაცია მოზარდს ყველა ზემოჩამოთვლილისგან იცავს. ქვეყნებში, სადაც სქესობრივი განათლებას საკმარისი დრო ეთმობა, ახალგაზრდები გაცილებით გვიან იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, ნაკლებია ნაადრევი ორსულობებისა და აბორტების რიცხვი, ნაკლებია სქესობრივი ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები.

ინტიმურ ურთიერთობებზე საუბარი ბევრ ზრდასრულსაც კი უჭირს. ამიტომ ხშირად ვერ ვპასუხობთ ბავშვის „უხერხულ“ კითხვებს: სიტყვა „სექსზე“ მშობლები წითლდებიან, ფერმკრთალდებიან, ხუმრობაში ატარებენ ან საყვედურობენ ბავშვს: „არ გრცხვენია, ასეთი კითხვების დასმა? გაიზრდები და გაიგებ." მშობლები ვერ ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ამ კითხვებზე ჩვენი რეაქციებით ყალიბდება ბავშვის გენდერული ცნობიერება და ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან.

შეგიძლიათ თავი ისე დაიჭიროთ, თითქოს გოგოებს არ აქვთ მენსტრუაცია, ხოლო ბიჭებს - „სველი“ სიზმრები, მაგრამ ადრე თუ გვიან ბავშვი ამას თავად გაიგებს, თუმცა რა ხარისხის და რამდენად ჯანსაღი იქნება იქნება ეს ინფორმაცია, არავინ იცის.

რა ასაკში უნდა გაიგოს ბავშვმა სექსის შესახებ

სექსუალური განათლებისთვის ყველაზე შესაფერისი პერიოდი 8-9-დან 10-11 წლამდე ასაკია, ანუ სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე ერთი წლით ადრე. სწორედ ამ ასაკშია საჭირო ბავშვს ავუხსნათ, რა არის სქესობრივი ურთიერთობა და განვიხილოთ ყველა ის თემა, რომელიც პირადი სივრცის დაცვას ეხება, ასევე ქალისა და მამაკაცის ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს. ამ ცოდნით ბავშვი სწრაფად ამჩნევს არაჯანსაღ შეხებასა და ინტერესს პოტენციური მოძალადისგან, მეორე მხრივ კი იმდენად აღარ სტრესავს და აკომპლექსებს საკუტარ სხეულში მიმდინარე ცვლილებები.

გაურკვევლობა და სიმკაცრე, რომელსაც მშობლები ბავშვებთან ინტიმური თემების წამოჭრისას იჩენენ, არა მხოლოდ არასწორი, არამედ საშიშიცაა. თქვენ უნდა გეშინოდეთ არა იმის, რომ ბავშვი სიმართლეს ნაადრევად გაიგებს და ამით ზიანი მიადგება, არამედ იმისა, რომ შეიძლება სხვამ“ დაგასწროთ“, ისარგებლოს ბავშვის გულუბრყვილობით და ზიანი მიაყენოს.

ბავშვმა უნდა გაიგოს მოახლოებული პუბერტატის შესახებ, რა არის „სველი სიზმრები“ და რა არის მენსტრუაცია. ბიჭმაც და გოგომაც უნდა იცოდნენ საპირისპირო სქესის პუბერტატის თავისებურებები. თუ გრძნობთ, რომ ბავშვი ჯერ არ არის მზად, შეგიძლიათ დაელოდოთ სქესობრივ მომწიფებას - 12-13 წლამდე, მაგრამ არა უგვიანეს 15 წლისა.

რაზე ვილაპარაკოთ

თუ გსურთ, რომ ბავშვს სწორი აზრები მიაწოდოთ, მაშინ ყველაფერზე უნდა ისაუბროთ. არ არსებობს თემები, რომლებიც მშობლებისგან დამალული უნდა იყოს. მხოლოდ მშობლებისგან უნდა ისწავლოს ბავშვმა ორ ადამიანს შორის სიყვარული , პარტნიორის პატივისცემა, ღირსება და ოჯახის დაგეგმვა.

რა უნდა იცოდეს ბავშვმა 12-13 წლამდე:

  • რა არის სქესობრივი ურთიერთობა, კონტრაცეფცია, პრეზერვატივი;
  • როგორ მოიქცეს, როცა მის მიმართ ვინმემ ინტერესს გამოიჩენს
  • როგორ პატივი სცეს საკუთარ და სხვის პირად საზღვრებს;
  • რა ზიანი მოაქვს ალკოჰოლს, სიგარეტს, ნარკოტიკებს;
  • რა არის სიყვარული, ქორწინება, ოჯახი, ოჯახური ღირებულებები, შვილები;
  • როგორი რეაქცია ჰქონდეს სექსის შესახებ ფიქრებზე;
  • რა არის აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და რა მოხდება, თუ დაინფიცირდებით;
  • რა უნდა გააკეთოს ორსულობის თავიდან ასაცილებლად;
  • რა უნდა გააკეთოს, თუ მასზე იძალადეს
  • რა უნდა გააკეთოს სექსუალური შევიწროების შემთხვევაში;
  • რა არის სექსთინგი.

როგორ დავიწყოთ საუბარი

თუ ბავშვი არაფერს გეკითხებათ, ეს არ ნიშნავს, რომ მას სექსის თემა არ აინტერესებს. დაიწყეთ საუბარი სქესობრივ მომწიფებამდე.

  1. მოემზადეთ ბავშვის ნებისმიერი რეაქციისთვის: გულწრფელი ინტერესიდან პროტესტის ან ზიზღის რეაქციამდე. ალბათ მას უკვე ჩამოუყალიბდა გარკვეული იდეები და მკვეთრად რეაგირებს (ჩვეულებრივ 11-12 წლის ასაკში).
  2. გაეცით იმდენი პასუხი, რამდენ კითხვასაც ბავშვი დაგისვამთ. თუ ბევრი კითხვაა, კარგია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვი ბოლომდე გენდობათ.
  3. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შეეცადეთ თქვენი საუბარი ჩვეულებრივი საუბარი იყოს და არ დაემსგავსოს დიდაქტიკურ, ჭკუის სასწავლებელ ლაპარაკს. ნუ წამოიწყებთ თემას უცებ, წინაპირობების გარეშე. ჯობია იპოვოთ მიზეზი (მაგალითად, ბავშვმა დაინახა ან გაიგო რაღაც ქუჩაში ან ტელევიზორში) და ამას მოაყოლოთ.
  4. მხარი დაუჭირეთ ბავშვის მსჯელობას. შეიძლება გაიგოთ: „რა კოშმარია, მე არასოდეს არ ვიმშობიარებ“ ან „აჰ, სექსი ძალიან ამაზრზენია“. ეს არის ნორმალური რეაქციები, რომლებსაც უნდა დაეთანხმოთ და თქვათ: „რა თქმა უნდა, უკვე დიდი იქნები და თვითონ გადაწყვეტ, როგორ მოიქცე“ - და ა.შ.

რამდენად საშიშია უცოდინრობა

ყველაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულებები ცხოვრების შესახებ ჩამოყალიბებულია 5-დან 12 წლამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რა ღირებულებებს გადასცემენ მშობლები და როგორ აუხსნიან ბავშვს ყველაფერს. თუ მამა და დედა თავს არიდებენ სექსუალური განათლების საკითხებს, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვი ამ ცოდნას ინტერნეტიდა, ქუჩიდან,თანატოლისგან მიიღებს და შეიძლება გაუკუღმართებული იდეები გაუჩნდეს.

სექსუალურ ძალადობას ყველაზე ხშირად განიცდიან ბავშვები და მოზარდები, რომლებმაც არ იციან როგორ თქვან „არა“. ეს მოდის უცოდინრობის, დანაშაულის გრძნობისა და შიშისგან. თუ ოჯახში ბავშვი ინტიმურ თემებზე ვერ საუბრობს, ესე იგი მშობლებსა და შვილებს შორის არ არის საკმარისი ნდობა, კონტაქტი და ბავშვი მშობლებს არაფერს უყვება.

ბავშვი აუცილებლად „მოაგროვებს“ ინფორმაციას ინტერნეტიდან (და არა აუცილებლად სანდო საიტებიდან) ან მეგობრებისგან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მშობლებთან რაიმეს განხილვა მოინდომოს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ გავლენა მოახდინოთ და სწორი ხედვა ჩამოუყალიბოთ ინტიმური ურთიერთობების მიმართ. საუბრის თავიდან აცილება ასევე საშიშია: ბავშვებს შეიძლება ჰგონიათ, რომ სექსი რაღაც არანორმალური და ცუდია. მოზრდილობაში ესეც იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს.

შესაძლოა თავიანთ კითხვებზე პასუხების ძებნა ეროტიკულ და პორნოგრაფიულ ფილმებში დაიწყონ... დაგვეთანხმებით, რომ ამას, თუნდაც უხერხული, მაგრამ ისევ მშობლებთან გამართული საუბარი ჯობია.

პედოფილების ამოცნობა ასეთი მარტივი რომ იყოს, ამდენი შემთხვევა არ გვექნებოდა - რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს, რომ სექსუალური ძალადობისგან დაიცვათ
ბავშვს თუ ეს ეცოდინება, დაიცავთ დაკარგვისგან და ძალადობისგან - სპეციალისტის საჭირო რჩევები
ოჯახის შექმნა მოზარდებისთვის დროებითი თავშესაფარია... ვნება, ინტერესი მალევე გაივლის და მერე გოგონაც და ბიჭიც ძალიან მწარე რეალობის წინაშე დგებიან - რა საფრთხეს უქმნის მოზარდის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ნაადრევი ქორწინება და სქესობრივი ცხოვრება