"მთელ სხეულზე წყლულ-წინწკლოვანი, სისხლჩაქცევის მსგავსი გამონაყარი იწყება... დაავადება ამ სეზონზეა გავრცელებული..." - თემურ მიქელაძე გამონაყარით მიმდინარე ინფექციების შესახებ საუბრობს - მშობლები

"მთელ სხეულზე წყლულ-წინწკლოვანი, სისხლჩაქცევის მსგავსი გამონაყარი იწყება... დაავადება ამ სეზონზეა გავრცელებული..." - თემურ მიქელაძე გამონაყარით მიმდინარე ინფექციების შესახებ საუბრობს

2023-03-20 13:05:03+04:00

პედიატრი, პროფესორი თემურ მიქელაძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" გამონაყრით მიმდინარე ინფექციების შესახებ საუბრობს და განმარტავს, ბაღის, სასკოლო ასაკსა და უფრო მცირე ასაკში რა ტიპის ნიშნებით შეიძლება ამოიცნონ მშობლებმა მე-4, მე-5 და მე-6 ვირუსი:

- ბაღისა და სკოლის პერიოდიდან ჩვენ შეიძლება ქუნთრუშის ან პარვოვირუსული ინფექცია, ანუ მე-5 ინფექცია გვქონდეს. რაც შეეხება უფრო ადრეული ასაკის ბავშვს, 6 თვიდან 15 თვემდე გავრცელებით შეიძლება, მე-6 ინფექცია, ანუ ვირუსული ეგზანთემა შეგვხვდეს. ასაკის მიხედვით, ეს ერთ-ერთი სადიფერენციო კრიტერიუმია. ქუნთრუშა ე.წ. გენერალიზებული სტრეპტოკოკული ინფექციაა. პირველ რიგში, ახასიათებს ყელის ტკივილი, მაღალი ცხელება, სისხლჩაქცევის მსგავსი გამონაყარი ჯერ სასაზე, შემდეგ კი პეტექიური გამონაყარი იწყება მთელ სხეულზე. უფრო მეტად ცხვირ-ტუჩის არეში ე.წ. თეთრი სამკუთხედი რჩება, კისრის მიდამოდან იწყება და მთელ სხეულზე წყლულ-წინწკლოვანი, სისხლჩაქცევის მსგავსი გამონაყარი იწყება. საკმაოდ მარტივი სადიაგნოსტიკოა. ეს დაავადება ახლა, ამ სეზონზეა გავრცელებული და თუ ექიმი მასზე ეჭვს მიიტანს, სატელეფონო კონსულტაციითაც შესაძლებელია ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება. ბავშვი უნდა დარჩეს სახლში. ანტიბიოტიკის ჩართვიდან დაახლოებით 24-48 საათის შემდეგ გადამდები აღარაა. ჯერ არ აღმოჩენილა ბუნებაში ამოქსაცილინზე, ანუ ყველაზე მარტივ ანტიბიოტიკზე რეზისტენტული სტრეპტოკოკი. შესაბამისად, ამოქსაცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკით ვიწყებთ და ბავშვის ზოგადი მდგომარეობა 24-დან 48 საათის განმავლობაში უმჯობესდება და ის, პრაქტიკულად, გადამდებიც აღარაა. 10-დღიანი ანტიბიოტიკოთერაპიაა საჭირო, მაგრამ 5 დღის შემდეგ შეიძლება, სოციალურ აქტივობას დაუბრუნდეს.

რაც შეეხება მე-5 ინფექციას, რომელსაც ქართულად ინფექციურ ერითემას, ე.წ. ალიყურის სინდრომს ვუწოდებთ, ჰიპერემიით, ლოყაზე წითელი, დიდი ლაქოვანი გამონაყარით იწყება და თან ახლავს ცხელება. ეს ინფექციური ერითემის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. გამონაყრის გავრცელება მთელ სხეულზე იწყება. თუმცა, პარვოვირუსული ინფექცია შეიძლება, გამონაყრის გარეშე მიმდინარეობდეს. იყოს პარვოვირუსული კარდიტები, პარვოვირუსული სახსრის ანთებები. ასევე, პარვოვირუსულ ინფექციას საკმაოდ ხშირად ჰემოლიზური კრიზები ახლავს, ანუ როცა სისხლძარღვებში ჰემოგლობინის დაშლა ხდება. ეს უფრო მეტად ისეთ პაციენტებს ემართებათ, რომლებსაც რაიმე ქრონიკული პათოლოგია აქვთ. მაგალითად, ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია და ასე შემდეგ. თუმცა, პარვოვირუსული ინფექცია, ქუნთრუშისაგან განსხვავებით, ვირუსული ეტიოლოგიისაა და მას, პრაქტიკულად, მკურნალობა არ აქვს. თუ გართულებები გვაქვს, მაგალითად, კარდიტი, ართრიტის მძიმე შემთხვევები ან ჰემოლიზური კრიზები, ასეთი პაციენტი აუცილებლად თავსდება კლინიკაში და მას სპეციფიკური მკურნალობა უტარდება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ პარვოვირუსული ინფექციის უმეტესი შემთხვევა თვითგანკურნებადია და გართულებების გარეშე ჩაივლის. პანდემიამდე პერიოდში, მარტში, აპრილსა და მაისში მისი გავრცელება საკმაოდ აქტიური იყო. სასკოლო და ბაღის ასაკის ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ. სეზონურად, ახლა აქტუალური პერიოდია. ე.წ. ალიყურის სინდრომს გამონაყართან ერთად, ცხელებაც თან ახლავს, რაც ალერგიული გამონაყრისგან განსხვავდება.