ბავშვის ტვინის განვითარება საშვილოსნოში და სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და მთავარი საფუძველია მომავალი ჯანმრთელობისთვის: მრავალი ფაქტორი, მათ შორის კვება, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ტვინი შემდგომ ცხოვრებაში. ნერვული უჯრედები იზრდება, ერთმანეთთან კავშირს ამყარებს და იქმნება სისტემები, რომლებიც განსაზღვრავენ, რას ფიქრობს და გრძნობს ბავშვი თუ მოზრდილი.
პროცესები და კავშირები, რომლებიც ამ პერიოდში წარმოიქმნება, გავლენას ახდენს სენსორულ სისტემებზე, სწავლაზე, მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარეზე, იმპულსების და განწყობის კონტროლის უნარზე და რამდენიმე ამოცანის გადაჭრის ან დაგეგმვის უნარზეც კი.
ამ კავშირების რაოდენობა და ხარისხი ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის შემდეგ აღარ იცვლება. უფრო სწორად, ამის შემდეგ ტვინში ცვლილებები სიბერემდე თითქმის არ ხდება.
ძალიან მნიშვნელოვანია ძუძუთი კვება - გარდა იმისა, რომ დედის რძე იდეალური პირველი საკვებია, კვების დროს დედასთან მჭიდრო ტაქტილური კონტაქტი მყარდება, კანი კანთან.
რა ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს დედის რძე და შემდგომ დამატებითი საკვები, რომლებიც უცილებელია ტვინის ჯანსაღი განვითარებისთვის:
ცილა
ის გვხვდება ხორცეულში, ზღვის პროდუქტებში, ლობიოსა და ბარდაში, კვერცხში, სოიოში, თხილსა და თესლში, ასევე რძეში, კეფირში, ხაჭოში.
თუთია
საინტერესოა, ყველაზე მეტ თუთიას ხამანწკები, შეიცავს, მაგრამ პატარამ ეს მიკროელემენტი ხორცისა და რძის პროდუქტების, თევზისა და თხილისგან უნდა მიიღოს.
რკინა
ხორცი, ლობიო და ოსპი, მარცვლეული და პური, მუქი ფოთლოვანი ბოსტნეული და გამომცხვარი კარტოფილი რკინის საუკეთესო წყაროა.
ქოლინი (ვიტამინი B4)
ხორცი, ძროხის ღვიძლი, რძის პროდუქტები და კვერცხი შეიცავს უამრავ ქოლინს და ის ასევე გვხვდება ბოსტნეულში (კარტოფილი, კომბოსტო, ისპანახი) და სხვა პროდუქტებში.
ფოლიუმის მჟავა
ეს ნივთიერება განსაკუთრებით ორსულობის დროს არის აუცილებელი, რადგან ნერვული სისტემის ფორმირებას უწყობს ხელს და ბავშვის ტვინს თავისუფალი რადიკალებისგან დაზიანების საფრთხეს აშორებს. ფოლიუმის მჟავა დიდი რაოდენობითაა ღვიძლში, ისპანახში,, გამდიდრებულ მარცვლეულსა და პურში.
იოდი
ზღვის მცენარეები და ზღვის პროდუქტები დედისთვის იოდის შესანიშნავი წყაროა. ბავშვს შეუძლია მათი მიღება იოდირებული მარილის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულისგან.
ვიტამინი A
A ვიტამინის ყველაზე მაღალი შემცველობის საკვები არის ღვიძლი. პატარები მას სტაფილოდან, ტკბილი კარტოფილიდან და ისპანახიდანაც იღებენ.
ვიტამინი D
ეს არის "მზის ვიტამინი" და მისი მიღების საუკეთესო საშუალება გარეთ გასვლაა. ის გვხვდება ცხიმიან თევზებში, როგორიცაა ორაგული, ამმ ვიტამინით ამდიდრებენ რძის ნაწარმსაც.
ვიტამინი B6
ამ ვიტამინის საკმარისი რაოდენობა საჭიროა ნეირონებს შორის ეფექტური, „სასარგებლო“ კავშირების ჩამოსაყალიბებლად, ბავშვის სწავლისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ბავშვობაში B6 ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება ამცირებს ბავშვში ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის აშლილობის ალბათობას, ისევე როგორც გუნება-განწყობის დარღვევებს (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა) ზრდასრულ ასაკში. ვიტამინი B6-ის საუკეთესო წყაროა ღვიძლი და ხორცი, თევზი, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორიცაა კარტოფილი, ასევე ხილი (ციტრუსების გარდა).
ვიტამინი B12
ვიტამინი B12 ბუნებრივად გვხვდება ცხოველურ პროდუქტებში, როგორიცაა ხორცი, თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები.
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები
ომეგა-3 და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ნერვულ უჯრედებს გარემო ფაქტორების უარყოფითი გავლენისგან იცავს. თუმცა, ომეგა-3-ის ზედმეტმა რაოდენობამ შეიძლება თავის ტვინში ანთება ან სიმსივნეც კი გამოიწვიოს, ამიტომ საკმარისი ომეგა-6 უნდა მოიხმაროთ, რომ ომეგა-3-მა საუკეთესო შედეგი გამოიღოს. ომეგა -6-ის პოლიუჯერი ცხიმოვან მჟავებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ. მათი პოვნა ყველაზე ადვილია ცხიმიან თევზში, ასევე გვხვდება ზოგიერთ ზეთში და ჩვილ ბავშვთა ფორმულებში, რომლებიც გამიდრებულია ამ ნივთიერებით.
ზოგიერთი ორსული ქალისთვის და ჩვილისთვის ამ საკვები ნივთიერებების მიღება ხშირად პრობლემურია. მაგალითად, რთულია ასეთი მენიუს შედგენა ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის. გარდა ამისა, ბევრ ოჯახში არ აქვთ საშუალება საკმარისი ხორცი, თევზი და რძის ნაწარმი მოიხმაროს. ამიტომ, ასეთ ოჯახებში ორსული ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები ყველაზე ხშირად განიცდიან ტვინის განვითარებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტს.