"დილიდან საღამომდე მაზლი მიკონტროლებს, როგორ ვზრდი შვილებს და როგორ ვუვლი ოჯახს... ოჯახში ყველა მუშაობს და ჩვენ მარტო ვრჩებით" - მშობლები

"დილიდან საღამომდე მაზლი მიკონტროლებს, როგორ ვზრდი შვილებს და როგორ ვუვლი ოჯახს... ოჯახში ყველა მუშაობს და ჩვენ მარტო ვრჩებით"

2023-03-20 20:54:57+04:00

„დიდი ოჯახი გვაქვს. მე და ჩემი მეუღლე ორი ბავშვით მისი მშობლებისა და უმცროსი ძმის სახლში ვცხოვრობთ.

ოჯახის შექმნა რომ დავაპირეთ, გირაოთი ვაპირებდით გადასვლას, მაგრამ მამამთილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ჩვენი ამბავი გადაიდო.

შემდეგ ვეღარ შევაკოწიწეთ ის თანხა და აგერ უკვე მე-5 წელია, ვუცდი საკუთარ ჭერს.

ზრდასრულ ქალს ათასი უფროსი რომ გყავს სახლში, ძალიან ძნელია. მე კიდევ უფრო „გამიმართლა“ და დედამთილთან და მამამთილთან ერთად „ბონუსად“ მაზლიც მერგო, რომელსაც თვისი ფილოსოფია აქვს ყველაფერზე: ურთიერთობებზე, ოჯახზე, ბავშვების აღზრდაზე. ჩემი მაზლი ჩემსა და ჩემს მეუღლეზე ბევრად უმცროსია, მაგრამ ოჯახში წინამძღოლის როლი აქვს მორგებული.ათას დედამთილს გაუტოლდება თავისი პრეტენზიებით.

მე და ჩემი მაზლის გარდა საღამომდე ყველა გასულია, ყველა მუშაობს.როცა ჩემი ქმარი სახლშია, მაშინ ვერ ბედავს, მაგრამ დღის განმავლობაში, საღამომდე სისხლს მიშრობს. ბავშვი თუ ატირდა, მიაძახებს ხოლმე, ვითომ მზრუნველი ტონით: „გშია ახლა შენ, ალბათ, მაგრამ ვინ გყავს პატრონი?!“ .

უფროსს სულ შენიშვნებს აძლევს: „დაჯექი! ნუ ცელქობ, ნუ ხმაურობ, გაჩუმდი“- რა გააჩერებს 4 წლის ბავშვს გაუნძრევლად?!.

ჩემი დედამთილ-მამამთილის ძირითადი ხელფასის ნაწილი ჩემი მაზლის ჯიბეში მიდის, სად მიაქვს და რაში ხარჯავს, წარმოდგენა არ მაქვს.

არც შეყვარებული ჰყავს, არც მეგობრებთან ერთად დადის სადმე, მთელი დღე ან კომპიუტერთან ზის ან ტელეფონი უჭირავს ხელში და წევს.

თავის გასარეცხ ტანსაცმელს და წინდებს გამოყრის და საძინებლის კართან ტოვებს.მაგის ნასუფრალიც კი მე უნდა ავალაგო. ჩვევად აქვს, არ მახსოვს ოდესმე ჩვენთან ერთად ეჭამოს, მარტო თაგვივით უნდა დაჯდეს ტელეფონით ხელში და ისე ჭამოს.

სადაც რას შეჭამს, იქ ყრის. ბანანის ქერქებითა და ვაშლის კანებით აქვს მოფენილი კომპიუტერის მაგიდა, იტყვით, რას ალაგებო, მაგრამ არ შემიძლია, ასე მშვიდად ვუყურო არეულობასა და უწესრიგობას.

სხვისი კონტროლი არ ეშლება და თავად დედამისს ელოდება კვირიდან კვირამდე, რომ ოთახი დაულაგოს, ამხელა კაცი თითს არ გაანძრევს.სამაგიეროდ გაწმენდილს, დარეცხილსა და დაუთავებულს ითხოვს.ჩემთან და ჩემს მეუღლესთან გაუთავებელი ჩხუბი აქვს ათას წვრილმანზე. შეუძლია ყველაფერში იპოვოს უსიამოვნების მიზეზი და შენც გამოგიყვანოს წყობილებიდან.ასეთი საშინელი ხასიათი როგორ უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ბიჭს, წარმოუდგენელია.წასასვლელი არსად მაქვს ამ ეტაპზე.

ჩემი ქმარი, რომ იტყვიან, კაპიკს კაპიკზე დებს, რომ თვიდან თვემდე ათას ხარჯს გავუმკლავდეთ.არადა აქ გაძლებაც უკვე შეუძლებელია.სახლი რომ ჩემი მაზლისაა, ამას განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს ოჯახში.საოცარია, თითქოს ჩემი მეუღლე ციდან ჩამოვარდა და მათი შვილი არ იყოს.

სამართლებრივად ნამდვილად არ არის სწორი და ჩემს მეუღლესაც ეკუთვნის გარკვეული წილი, მაგრამ ამას რომ გამოვეკიდო, შუღლი უნდა ჩამოვარდეს ოჯახის წევრებს შორის.პრობლემებს კიდევ პრობლემა უნდა დაემატოს, ამიტომ ვერ ვიღებ ხმას, არ მყოფნის გამბედაობა.

როცა საჭირო იყო და შეგვეძლო, ჩვენ დავუდექით ჩემი ქმრის ოჯახს გვერდით, დავეხმარეთ ფინანსურად, მაგრამ ახლა აღარსად ჩანს გაკეთებული სიკეთე. არავის ვაყვედრი, უბრალოდ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, კბილებით იცავენ ჩემი დედამთილი და მამათილი თავიანთ უქნარა შვილს. ისე გამოდის, რომ ჩემი მაზლი ყოველთვის მართალია ჩვენთან მიმართებაში, რაც არ უნდა ხდებოდეს.

თქვენგან რას ვითხოვ, არ ვიცი, მაგრამ აქ წერით გული მოვიოხე. ხანდახან ემოციები მძლევს ხოლმე. გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, არის ისეთი რაღაცებიც, რაც ახლო მეგობართანაც კი არ ითქმება, ანონიმურობა ამიტომ ვარჩიე.

კარგია, როცა შეგიძლია გული გადაუშალო ვინმეს“.

ნათია, 31 წლის