"თუ ბავშვმა ნახა, რომ ყვირილით, აგრესიული ქცევით მოთხოვნა შეუსრულეს, კვლავ ასე გააგრძელებს... რთულ და პრობლემურ ბავშვებზე მეტად რთულ და პრობლემურ მშობლებს ვხვდები" - მშობლები

"თუ ბავშვმა ნახა, რომ ყვირილით, აგრესიული ქცევით მოთხოვნა შეუსრულეს, კვლავ ასე გააგრძელებს... რთულ და პრობლემურ ბავშვებზე მეტად რთულ და პრობლემურ მშობლებს ვხვდები"

2023-03-21 13:01:38+04:00

მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვებთან კომუნიკაცია უჭირთ, რადგანაც ისინი აგრესიას გამოხატავენ, ნეგატიური ფრაზებით ცდილობენ იმის მიღებას, რაც სურთ, უყვირიან უფროსებს, განგებ აზიანებენ ნივთებს და ამბობენ, რომ სახლიდან წავლენ. პრობლემის შესახებ არაერთმა მშობელმა აღნიშნა. ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე გვესაუბრება, სინამდვილეში რა რეაქცია უნდა ჰქონდეს უფროსს, როდესაც ბავშვი განგებ ცუდად იქცევა და რა ხდება ხოლმე ძირითადად მსგავსი ქცევის მიზეზი:

- მსგავსი ქცევა ხშირად ბავშვის მხრიდან ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი მექანიზმია და ცდილობს, მშობლების რეაქცია გამოიწვიოს. თუ ნეგატიურ ქცევას მშობელი წაახალისებს, რა თქმა უნდა, ის განმტკიცდება და განმეორებით ხასიათს მიიღებს. შესაბამისად, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ეს ქცევა დააიგნოროს და ყურადღება პოზიტიურ ნაწილზე გადაიტანოს. მაგალითად, თუ ბავშვი რაღაცას ამტვრევს, აფუჭებს, მნიშვნელოვანია, აუხსნას, რომ ეს ცუდი საქციელია და შედეგების შესახებ შეახსენოს, უთხრას, რომ კონკრეტული ნივთი აღარ ექნება, ასევე, გაუზიაროს თავის ემოციები და აუხსნას, რომ მისი ასეთი ქცევით, გული ეტკინა, ინერვიულა და ასე შემდეგ. ახსნის შემდეგ კი მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მსგავს ქცევას ყურადღება აღარ მიაქციოს და დააიგნოროს. როგორც კი მშობელი ყურადღებას მიაქცევს, ქცევა კი არ აღმოიფხვრება, განმტკიცდება.

თუ 4 წლამდე ასაკის ბავშვებზე ვსაუბრობთ, ქცევის უგულებელყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, შემდგომ ასაკებში აუცილებელია, რომ მშობელმა მკაფიოდ ახსნას, რა ტიპის სანქციები მოჰყვება მსგავს ფაქტებს. ეს ძალიან მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ და აუცილებლად შეასრულონ. სანქციები, რომლებიც წინასწარვეა შეთანხმებული, უნდა ამოქმედდეს და უპირობოდ შესრულდეს. მაგალითად, თუ ბავშვი განგებ იქცევა ცუდად, ნივთებს აზიანებს, აგრესიულია, შესაძლოა, მშობელმა უთხრას, რომ თუ არ შეწყვეტს მსგავს ქცევას, საღამოს შოკოლადს ვეღარ მიიღებს. ან კიდევ სხვა ტიპის სანქცია გამოიყენოს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, სანქცია უპირობოდ უნდა შესრულდეს და ამ კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში, შოკოლადი აღარ უნდა მივცეთ, თუკი ის პირობას დაარღვევს. მაგრამ, თუ მეორე დღეს ქცევას შეცვლის, მნიშვნელოვანია, დაპირებული შოკოლადი გავუზიაროთ და სიტყვიერადაც განვუმარტოთ, რომ ამ შოკოლადს იღებს იმისთვის, რომ კონკრეტული დაპირება შეასრულა.

- როდესაც ბავშვი მშობელს, უფროსებს ცუდად ელაპარაკება, ეუზრდელება, უყვირის, ემუქრება, რომ სახლიდან წავა, ასეთ დროს როგორ უნდა იყოს მშობლის რეაქცია?

- 5-6 წლის ბავშვს, როდესაც უჩნდება განცდა, რომ სახლიდან მიდის, ეს გაუცნობიერებელი ქცევაა და სავარაუდოდ, ზრდასრულების მხრიდან არეკლილი ფრაზებია. რაც ნანახი და გაგონილი აქვს, იმას იმეორებს. შესაბამისად, გაცნობიერებული ვერ იქნება. როდესაც ბავშვი ზრდასრულების მიმართ ნეგატიურ ფრაზებს იყენებს, კომუნიკაციისას აგრესიას გამოხატავს, აუცილებელია, აუხნან, როგორ უნდა მოიქცეს ოჯახში. მნიშვნელოვანია, წინასწარ ვესაუბროთ ნებისმიერ წესზე, დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენი ოჯახისთვისაა მისაღები. რაც მთავარია, მშობელი უნდა განამტკიცებდეს იმ სიტყვებს, რომლებსაც ბავშვს ეუბნება. თუ ბავშვი ხედავს, რომ დედა ბებიას უყვირის, ოჯახის სხვა წევრებს ცუდად ექცევა და ამავე დროს, მას ეუბნება, რომ აგრესიის გამოვლენა ცუდია და პატივისცემა უნდა გამოიჩინოს, არ იმუშავებს, რადგანაც ბავშვი მშობლის, უფროსების ქცევას იმეორებს.

- რა შეიძლება გახდეს ბავშვის აგრესიული ქცევის მიზეზი?

- შესაძლებელია, ეს გამოწვეული იყოს პროტესტით ან კიდევ რომელიმე მშობლის, უფროსის ქცევას იმეორებდეს. გარდა ამისა, როდესაც, პირობითად, ბავშვმა დაიყვირა, აგრესია გამოხატა და ეს წაახალისეს, ქცევა განმტკიცდება. თუ ბავშვმა ნახა, რომ მისი აგრესიული ქცევით, ყვირილით კონკრეტული მოთხოვნა შესრულდა, კომუნიკაციის ამ ფორმას კვლავ გააგრძელებს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ერთი, საკუთარი მაგალითით ვაჩვენოთ, რომ კომუნიკაციის ეს ფორმა მიუღებელია და ასევე, განვუმარტოთ, რატომ არ შეიძლება მსგავსად იქცეოდეს. ძალიან რთულია, 2-3 წლის ბავშვს მხოლოდ განმარტებით ზუსტად ავუხსნათ, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს იმ ფაქტმა, რომ მაგალითად, განგებ ცდილობს ნივთებისა და საკუთარი თავის დაზიანებას, მაგრამ შეგვიძლია, მივიყვანოთ ცხელ ქურასთან და ავუხსნათ, რა დაემართება, თუ მას ხელს დაადებს. ასაკთან შესაბამისი ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ, რომ ბავშვებმა ქცევის შეცვლა შეძლონ.

- როდესაც ბავშვი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადის, მშობელს, უფროსებს ურტყამს, ნივთებს ესვრის - ასეთ დროს რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა?

- პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რა არის აგრესიის წყარო და ბავშვში რა იწვევს გაბრაზებას. შესაძლებელია, ასეთ დროს თიხა მივცეთ და რაიმეს გაკეთება შევთავაზოთ, ვათამაშოთ, მასთან ერთად ვირბინოთ და ემოციები სხვა კუთხით დავაცლევინოთ. თუ აგრესია, მაგალითად, ბებიის მიმართ უჩნდება, დავაკვირდეთ, რა იწვევს ამას. პრობლემა ბებიის დამოკიდებულებაში ხომ არ არის, რაიმე ხომ არ ეწყინა? ამის შემდეგ კი აღნიშნული პრობლემის მოგვარებასა და კომუნიკაციაზე ვიმუშაოთ.

- როგორც აღვნიშნეთ, გაბრაზების ფონზე, ბავშვები ხშირად მუქარას გამოხატავენ და მშობლებს ეუბნებიან, რომ სახლიდან წავლენ, აივნიდან გადახტებიან. როგორ უნდა უპასუხოს მშობელმა მსგავსი ტიპის მუქარას?

- აუცილებელია, შვილს გამოვკითხოთ, რა არის იმის მიზეზი, რომ სახლიდან წასვლა, აივნიდან გადახტომა უნდა. როგორც კი ასეთი ტიპის ინფორმაციის გაჟღერდება, მნიშვნელოვანია, რომ ნაკლები ყურადღება მივაქციოთ. "შეგისრულებ შენს მოთხოვნას, ოღონდ სახლიდან არ წახვიდე, თავი არ დაიზიანო, მეტი არ თქვა, თორემ მოვკვდები" - მსგავს ფრაზებს ნუ გამოვიყენებთ. მნიშვნელოვანია, შვილს ვუთხრათ, რომ აივნიდან გადახტომა გამოსავალი არ არის და მუქარის გამო კონკრეტული მოთხოვნის შესრულებას არ ვაპირებთ. თუმცა, ასეთ დროს, მშობლის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მშობელი უსმენს, ინტერესდება მისი პრობლემით და მზადაა, დაეხმაროს. მაგრამ, თუ მსგავსი ქცევა ხშირია, დალაპარაკება, სხვა ტიპის აქტივობის შეთავაზება არ ჭრის, ჯობს, სპეციალისტის ჩართვაზეც ვიფიქროთ და მასთან ერთად კომუნიკაციის სწორ ფორმას მივაგნოთ.

- რა ხდება მაშინ, როდესაც მსგავს ფრაზებს მოზარდები იყენებენ?

- მოზარდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს უფრო გაცნობიერებული ქცევაა. შესაბამისად, აუცილებელია, დავფიქრდეთ, რას აკეთებს მშობელი ისეთ ნეგატიურს, რომ ბავშვს სახლიდან წასვლა ან თავის დაზიანება სურს. გამოვკითხოთ, რა პრობლემა აქვს, რა არის მისთვის მიუღებელი. მსგავსი ფრაზების გაჟღერების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ საკითხში ფსიქოლოგი ჩავრთოთ და მასთან ერთად ვიმუშაოთ.

- არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი სახლში სულ სხვანაირად იქცევა, გარეთ კი განსხვავებულია. მაგალითად, სახლში ძალიან აქტიურია, გარეთ რომ გადის, საპირისპირო ქცევას ავლენს. რა ხდება ამის მიზეზი?

- ამის მიზეზი, როგორც წესი, კომფორტისა და დაცული გარემოს შეგრძნებაა. ადამიანი, სადაც უფრო კარგად, კომფორტულად გრძნობს თავს, იქ უფრო მეტად აქტიური და თავისუფალია. ნეგატიურ ქცევასაც სახლში უფრო მარტივად შეიძლება გამოხატავდეს, ვიდრე გარეთ, რადგან ეს გარემო მისთვის ნაცნობი და კომფორტულია. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი სკოლაში, თანაკლასელების გარემოში უფრო გახსნილი და აქტიურია, სახლში კი საკუთარ ოთახშია შეკეტილი. ეს მიგვანიშნებს, რომ სკოლაში უფრო თავისუფალი გარემოა მისთვის, ვიდრე ოჯახში.

- ბავშვის ნეგატიური ქცევის შესაცვლელად, რამდენად გამართლებულია მშობლების მხრიდან დაშინების, მუქარის მეთოდი?

- მუქარა არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი რამ, რასაც მშობელი იტყვის, შესრულდეს - კარგიც და ცუდიც. შესაბამისად, როცა ბავშვს ვეუბნებით, რომ თუ რაღაცას არ გააკეთებს, პირობითად, მშობლების გარეშე დარჩება, მივატოვებთ და ასე შემდეგ და მეორე წუთს მივდივართ და ვეფერებით, მას ქცევაში უმტკიცდება, რომ მშობელთან საუბარი არ ღირს, იმიტომ, რომ რასაც ამბობს, არ ასრულებს. გარდა ამისა, მუქარა ცალსახად მიუღებელია და ამან შესაძლოა, ბავშვის ტრავმირება გამოიწვიოს.

- ზოგადად, როცა ბავშვი რთულად სამართავია, რა არის ხოლმე ამის წინაპირობა?

- ვიტყოდი, რომ რთულად სამართავი ბავშვი არ არსებობს. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში, მშობელია რთულად სამართავი. მშობელი, რომელიც საკუთარ შვილთან არ თანამშრომლობს, არ უსმენს ბავშვს, საკუთარი მიუღწეველი მიზნების რეალიზებას შვილის დახმარებით ცდილობს, ეს განაპირობებს მსგავს ქცევას. შესაბამისად, რთულ და პრობლემურ ბავშვებს კი არა, რთულ და პრობლემურ მშობელს ვხვდებით. ხშირად ვამბობ, იყავით ბავშვების გვერდით და არც ერთი ნაბიჯით წინ ან უკან. ბავშვმა საკუთარი მშობლის თანადგომა უნდა იგრძნოს. მიიღეთ შვილები ისეთები, როგორებიც არიან. ისინი ამ ქვეყნად არ მოსულან იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები გაამართლონ. ვაღიაროთ მათი პიროვნული თავისუფლება და რამდენადაც შეგვიძლია, მათი ემოციების გაზიარება შევძლოთ, რადგანაც ეს ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

თამარ იაკობაშვილი