ბავშვებში მეტყველების დარღვევა, საუბრის გვიან დაწყება, ენაბორძიკი, გარკვეული სიტყვების დამახინჯება ბევრი მშობლისთვისაა პრობლემა. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი, "ლოგომედის" მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ეკა ჭავჭავაძე გადაცემაში "ექიმები" დეტალურად განმარტავს, როდის უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება აღნიშნულ პრობლემას და რა არის საგანგაშო ნიშნები:
- 2 წლამდე ასაკის ბავშვი 2-3-სიტყვიანი წინადადებით უნდა საუბრობდეს. მშობლის მხრიდან "ენის მოჩლექით" საუბარი გამართლებული არ არის. როდესაც ბავშვი დედასა და მამას თავისებურად მიმართავს, ამაში დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ ენის მოჩლექით საუბარი ფუნქციური დისლალიის მიზეზი ხდება, როდესაც ის ფიქრობს, რომ აღნიშნული ფორმა სიტყვის სწორი ვარიანტია და შემდგომ, მის გამოსწორებას ჩვენი ჩართულობაც კი სჭირდება. ენის მოჩლექით საუბარი ყველაზე დიდი შეცდომაა, რასაც ჩვენს შვილებთან ვუშვებთ. დღეს ისეთი მოცემულობის წინაშე ვდგავართ, რომ შესაძლოა, ბავშვი, რომელიც გაცილებით ნაკლები ლექსიკური მარაგით საუბრობს, უფრო სწორად და ნორმალურად ვითარდებოდეს, ვიდრე ის, რომლის ლექსიკური მარაგიც პირველ შემთხვევას აჭარბებს. მთავარია ის, თუ რამდენად სწორად იყენებს ლექსიკურ მარაგს, რამდენად ახერხებს საკუთარი ცოდნის გამოხატვას კომუნიკაციის თვალსაზრისით. მაგრამ, თუ ბავშვი 1,5 წლის ასაკში არ საუბრობს, 2-სიტყვიან, ძალიან მარტივ წინადადებებს არ ამბობს, ჯობს სპეციალისტს ერთხელ მაინც ვაჩვენოთ, რომ მან ყოველგვარი საფრთხე და რისკები გამორიცხოს.
ეკა ჭავჭავაძემ ასევე ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებაზეც, რომლის თანახმადაც ბიჭები უფრო გვიან იწყებენ საუბარს, ვიდრე გოგონები:
- ეს ნერვული სისტემის სიმწიფეს უკავშირდება. ვიცით, რომ ვაჟებში ნერვული სისტემა ცოტა უფრო გვიან მწიფდება, ვიდრე გოგონებში. შესაბამისად, ის ქერქული ფუნქციები, რაც ნერვული სიმწიფისთვისაა აუცილებელი, ვაჟებში ცოტა იგვიანებს. მაგრამ იმის იმედად ყოფნა, რომ ბიჭია და თუ გვიან დაიწყებს საუბარს, პრობლემა არ არის, არ შეიძლება.
ეკა ჭავჭავაძემ განმარტა, ფერხდება თუ არა ბავშვის ამეტყველების პროცესი, როდესაც პირველ ეტაპზე ოჯახში ორი ან მეტი განსხვავებული ენა ესმის:
- თავად ლინგვისტებიც ვერ თანხმდებიან, როდის უნდა მივაწოდოთ ბავშვს მეორე ენა. თუმცა, ჯობს, როდესაც მეტყველების ფუნქციის ჩონჩხი ყალიბდება, ამ ფუნქციას საფუძველი ეყრება, მხოლოდ ერთი ენა მივაწოდოთ და შემდეგ უკვე მეორე. მაგრამ, შერეულ ოჯახებში ნამდვილად შესაძლებელია, რომ ბავშვი თანაბარ დონეზე ორივე ენაზე ამეტყველდეს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ბავშვს ენას უკვე ცოცხალი სახით, კომუნიკაციით ვაწვდით და ციფრული სახით, გაჯეტებიდან არ იღებს. თუ ოჯახში ორ ენაზე საუბრობენ, დედა, პირობითად, ყოველთვის ერთ ენაზე უნდა მიმართავდეს და მამაც. ბავშვმაც უნდა იცოდეს, დედასა და მამას რა ენაზე ესაუბროს, რომ თანაბარ დონეზე განვითარდეს. მაგრამ, დღეს ბავშვებს ეს პროცესი ცოტა უჭირთ.
სპეციალისტი ასევე საუბრობს, როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან:
- ყველაზე მაქსიმუმ, ეს ორი წლის ასაკია. თუმცა, თუ დაგვიანებული მეტყველება გარკვეული სერიოზული მდგომარეობების გამოა გამოწვეული, ეს 1,5-1,2 წლიდან უკვე ჩანს. ჩვილს 4-5 თვიდან უნდა ვესაუბრებოდეთ. ჩვეულებრივ მივმართოთ და გავუხმოვანოთ ყველაფერი. ცოცხალი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ტელეფონი კი დავმალოთ. 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ნებისმიერი სახის ეკრანის გამოყენება იკრძალება, 2-დან 6 წლამდე კი გამოყენების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 1 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ეს დოზირებულად უნდა იყოს და არა ერთდროულად. ფიზიოლოგებისა და ნეიროფსიქოლოგების დასკვნებია, რომ ტვინში მთელ რიგ პროცესებს ცვლის და თრგუნავს. ასე რომ, გაჯეტების გამოყენების დროს ზომიერება უნდა დავიცვათ. თუ ბავშვი სიტყვებს არ ამბობს და მისი მთავარი საკონტაქტო გაჯეტებია, მანდ პრობლემა იწყება.
ეკა ჭავჭავაძე მეტყველებასთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო სიგნალს ასახელებს, როცა მშობელი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს:
ის განმარტავს, რა ასაკამდე შეიძლება არასწორად წარმოთქმული ბგერები ნორმა იყოს:
- ყველა ბგერას თავისი გაჩენის ფიზიოლოგიური პერიოდი გააჩნია, როცა ის დარღვეულია, მაგრამ ნორმაა. მაგალითად, "რ" ბგერას შეიძლება 5 წლამდე ვერ ამბობდეს და სისინა და შიშინა ბგერების სუფთად წარმოთქმაც უჭირდეს. ეს ნორმალურია. ასევე, 4 წლამდე "გ-ქ-კ" ბგერებს "დ-თ-ტ" ბგერებით ანაცვლებდეს, მაგრამ ესეც ნორმაა. მაგრამ, როდესაც 4 წლის ასაკში ბავშვი რომელიმე ბგერას სწორად ვერ ამბობს, აუცილებელია, სპეციალისტთან ერთხელ კონსულტაცია გავიაროთ, რომ გავარკვიოთ, საარტიკულაციო აპარატში ხომ არ არსებობს ორგანული მიზეზი, რომელიც ამას ხელს უშლის. იმიტომ, რომ თუ ორგანული მიზეზი არსებობს, ის არც 5 წლის ასაკში გაქრება და არც 6-ის.
ეკა ჭავჭავაძე საუბრობს იმაზეც, თუ რა არის ლოგონევროზი:
- ლოგონევროზი ესაა მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ენაბორძიკს ვუწოდებთ. ეს ნევროზის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც საუბრის დროს ვლინდება და ყველაზე ხშირად სტრესთანაა დაკავშირებული. ლოგონევროზები უფრო მეტად 2-დან 4 წლის ასაკში ჩნდება, როდესაც მეტყველების ფუნქცია აქტიურად ვითარდება, მაგრამ ჯერ არ არის განვითარებული და ნებისმიერმა ფაქტორმა შეიძლება ეს რყევა გამოიწვიოს. თუ მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი თავისუფლად ვერ საუბრობს და ეს მარცვლების, სიტყვების გამეორებაში ვლინდება, იწყებს ლაპარაკს და ვეღარ აგრძელებს, ამას შეიძლება მიმიკების შეცვლაც თან ახლდეს, ბავშვთა ნევროლოგს უნდა მივმართოთ, რადგან ნერვულ სისტემაში არსებული მიზეზები გამოირიცხოს. თუ იქ ყველაფერი რიგზეა, მაშინ ფიზიოლოგიური ბორძიკის პერიოდი გვაქვს და 6-დან 7 თვემდე ვიცდით. ლოგონევროზს როგორც სპონტანური განკურნება, ისე საკმაოდ ხშირი რეციდივები, ანუ გამეორებები ახასიათებს.