ამანდა ბაინსის დებიუტი ტელევიზიაში 9 წლის ასაკში შედგა. გოგონას მამა სტომატოლოგი იყო, დედა კი მენეჯერი, თუმცა თავად თავისუფალ დროს თეატრალურ შეკრებებს ესწრებოდა და ბავშვობიდან ხელოვნება აინტერესებდა. ერთ-ერთი სამოყვარულო სპექტაკლის დროს ჰოლივუდის კასტინგის მენეჯერმა შენიშნა და Nickelodeon-ის ერთ-ერთ სერიალში მიიწვია.
ამანდას ამერიკული კინოინდუსტრიის მომავალი შეარქვეს. გულმოდგინედ სწავლობდა სცენარებს, ყურადღებით უსმენდა რეჟისორებს და საოცარი გარდასახვის უნარი ჰქონდა. რომ ეუბნებოდნენ, ეტირა, 1 წუთში მთელი ხმით ტიროდა, როცა სიუჟეტი მოუთხოვდა, ბუნებრივად იცინოდა...
როდესაც გოგონა 13 წლის გახდა, "ამანდას შოუ" შექმნა და ამ პროგრამის წამყვანი თავად გახდა. ამის გამო მან Kids' Choice Awards-ი ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მიიღო. ძალიან პოპულარული გახდა და უამრავ მოზარდს, გოგონას სურდა, მისთვის მიებაძა.
მალე მის შესახებ არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში გაიგეს. 2002 წელს კი პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში "დიდი მსუქანი მატყუარა" გადაიღეს. მომდევნო წელს კოლინ ფერტთან ერთად ითამაშა ფილმში "რა სურს გოგონას".
2006 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ის - კაცია", სადაც მთავარ როლს სწორედ ამანდა თამაშობდა და სცენარიც სპეციალურად მისთვის დაიწერა. ამანდა სკოლის მოსწავლე გოგონას, ვიოლას როლს ასრულებდა, რომელიც საფეხბურთო გუნდში მოსახვედრად ბიჭად გარდაისახა.
რეჟისორ ენდი ფიკმანს იმდენად შეუყვარდა ამანდა, უფლება მისცა, ფილმისთვის მომავალი პარტნიორი თავად აერჩია. გოგონამ აღიარა, რომ ჩენინგ ტატუმზე ყოველთვის შეყვარებული იყო და მასთან ერთად სურდა თამაში.
სხვათა შორის, ამანდამ საუკეთესო ეკრანულ კოცნაში Teen Choice Awards-ის ნომინაცია მიიღო. ამის შემდეგ ჩენინგმა გოგონას არაერთხელ გადაუხადა მადლობა, რომ სწორედ მისი არჩევანით დაიწყო ვარსკვლავური კარიერა.
ამანდას ცხოვრებაში თავბრუდამხვევი წარმატება მოვიდა. თინეიჯერების კერპი გახდა, ხშირად სთხოვდნენ ინტერვიუებს, ავტოგრაფებს, ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი, საკმაოდ მაღალ ჰონორარებს იღებდა და ესწრებოდა მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
თუმცა, დროთა განმავლობაში, გოგონა ახალ როლებზე უარს ამბობდა. ჯერჯერობით პოპულარული იყო: ჟურნალმა Forbes-მა მსახიობი 21 წლამდე ასაკის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავების ტოპ 10-ში შეიყვანა, Maxim-მა კი მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ქალების სიაში დაასახელა.
როგორც ჩანს, ამასობაში ახალგაზრდა მსახიობთან კრიზისი ძლიერდებოდა. ეკრანზე ბოლოს 2009 წელს გამოჩნდა - ემა სტოუნთან ერთად ერთ-ერთ კომედიაში ითამაშა, შემდეგ კი საბოლოოდ გაუჩინარდა.
ამანდა არალეგალური ნივთიერებების მოხმარებისა და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის რამდენჯერმე დააკავეს. მას შემდეგ, რაც გოგონას მართვის მოწმობა საერთოდ ჩამოართვეს, მაინც დაჯდა საჭესთან და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
ბაინსს ასოციალური ქცევის გამო სასამართლოში რეგულარულად იბარებდნენ. მუდმივად ცდილობდა, იმიჯი შეეცვალა, სათვალეებს, პარიკს იყენებდა, მაგრამ ჟურნალისტები მაინც უცდიდნენ ქუჩაში.
მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ამანდას ქცევა არა მხოლოდ მისი თავისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც საზიანო იყო, მასზე კონტროლისა და მეურვეობის უფლება მშობლებს გადასცეს. მან, ფაქტობრივად, ბრიტნი სპირსის ბედი გაიმეორა. სრულად დაკარგა დამოუკიდებლობა და ვერც საკუთარ პირად ცხოვრებას აკონტროლებდა.
თუმცა, გოგონას სოციალური ქსელების გამოყენების უფლება მაინც მისცეს. მსახიობი ისეთ ფოტოებს აქვეყნებდა, თაყვანისმცემლები გაოცებულები იყვნენ. ხშირად ათავსებდა პოსტებს, რომელიც დიდ სკანდალს იწვევდა. მაგალითად, ბაინსი წერდა, რომ მასზე მამა ძალადობდა, რომ ტვინში ჩიპი ჩაუნერგეს და ასე შემდეგ. ამავდროულად, შეურაცხყოფას აყენებდა სხვა ვარსკვლავებს.
გოგონა 2018 წელს გამოჩნდა და გამოცემა People-ს ინტერვიუ მისცა. თქვა, რომ ყველა სირთულე უკან დარჩა, მშობლებთან ურთიერთობის აღდგენა და ფილმებში თამაში სურდა. ორი წლის შემდეგ კი მსახიობმა განაცხადა, რომ პოლ მაიკლზე დაქორწინდა. პაპარაცებმა წყვილი ლოს-ანჯელესში რამდენჯერმე დააფიქსირეს. ისინი ბედნიერად გამოიყურებოდნენ და ამანდას თაყვანისმცემლები იმედოვნებდნენ, რომ გოგონას ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდა. მეტიც, მათ სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს ჰეშთეგით #FreeAmandaBynes, საქმეში ადვოკატებიც ჩაერთნენ და 2022 წელს გოგონა მშობლების 10-წლიანი მეურვეობისაგან გაათავისუფლეს. მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ და ამბობდნენ, რომ ამანდა სარეაბილიტაციო ცენტრში რამდენჯერმე წაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა.
მართლაც, დიდი ხნის ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ ამანდა უცნაურ ქცევას არ წყვეტდა. 2022 წლის ზაფხულზე განაცხადა, რომ საქმროსთან ნიშნობა ჩაშალა, ორი კვირის შემდეგ კი მიატოვა.
36 წლის მსახიობი, რომელიც რამდენჯერმე მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, ცდილობს, ცხოვრების ნორმალურ სტილს დაუბრუნდეს და ახალ შეთავაზებებსაც განიხილავს. 2023 წლის მარტის შუა რიცხვებში თაყვანისმცემლებს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პრესკონფერენციას ვერ დაესწრო. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ მაშინაც ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო.
როგორც ცნობილია, კლინიკაში გადაყვანამდე მსახიობი ქუჩაში სრულიად შიშველი დააფიქსირეს. მანქანებს აჩერებდა და სამაშველო სამსახურის გამოძახებას სთხოვდა. მანამდე კი რამდენიმე დღე ქუჩაში ცხოვრობდა. ექიმებმა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთხელ უკვე დაუსვეს მსგავსი დიაგნოზი - მაშინ ამანდამ მეზობლის ავტოფარეხს ცეცხლი წაუკიდა...
მსახიობის მშობლების თქმით, ამანდა უკვე სახლში იმყოფება. ქალი ცდილობს, ისევ დაბრუნდეს კინოსამყაროში და საოცნებო როლები კვლავ მიიღოს.