მსოფლიოში ცნობილი, 36 წლის მოდელი ირინა შეიკი (ნამდვილი გვარი შეიხლისლამოვა), რომელიც რუსეთის პროვინციაშია დაბადებული და საკმაოდ რთული ბავშვობა აქვს გავლილი, დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია თავის სფეროში და წლებია არ კარგავს ადგილს მსოფლიოს ულამაზეს ქალთა რეიტინგებში. ხუთი წელია, დედის სტატუსსაც ატარებს - პატარა ლეა მსახიობ ბრედლი კუპერთან ქორწინებაში გაჩნდა. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს, თუმცა მეგობრულად ზრდიან შვილს და კარგი ურთიერთობა აქვთ.
ძიძის მომსახურებაზე ირინამ თავიდანვე უარი თქვა. მთელ თავისუფალ დროს ბავშვთან ატარებს და როცა არც მას სცალია და არც ბავშვის მამას, მაშინ ირინას დედა ეხმარება, რომელიც ხშირად სტუმრობს ქალიშვილს. ირინას დას კი წლებია მეუღლე და შვილები ჰყავს და მშობლიურ ჩელიაბინსკში ცხოვრობს.
"ძიძა არ გვყავს, ამიტომ ხანდახან, როცა მეგობრები მთავაზობენ სადმე წასვლას, წვეულებაზე ან კონცერტზე, თან დააყოლებენ ხოლმე: "ვიცით, ახლა ირინა იტყვის: ჩვენ ძიძა არ ვგყავს". ფიქრობენ, რომ ასე ვიძვრენ თავს სადმე წასვლის ვალდებულებისგან. მაგრამ ნამდვილად ასეა, ძიძა არ გვყავს".
ირინა ამბობს, რომ ასეთ წარმატებაზე ვერასოდეს იოცნებებდა. და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მოთხოვნადი მოდელების ხუთეულშია და მისი ჰონორარები ასობით ათას დოლარს აღწევს, ზემდეტად ხარჯვა და ფუფუნება არ უყვარს. ამბობს, რომ პრაქტიკული ადამიანია: "მე მომწონს ფულის ინვესტირება ხარისხიან ნივთებში, რომლებსაც დიდხანს ვატარებ. მაგრამ მთელი ქონების მიცემა ბრენდულ ნივთებში, ბრწყინვალე მოსაცმელში და ა.შ., სისულელეა. დედაჩემი თვეში 10 დოლარს გამოიმუშავებდა. მე ძალიან კარგად ვიცი ნივთების და ფულის ფასი. ვზოგავ - არ ვხარჯავ ბრენდულ ნივთებში, რომლებიც მომავალ წლებში აღარ გამომადგება".
იმავე პრინციპს იზიარებს შვილთან მიმართებაში. მის გოგონას აქვს ყველაფერი აუცილებელი, მაგრამ არავითარი ფუფუნება და ზედმეტი ნივთები.
თუმცა ეს ერთადერთი შეზღუდვა არ არის, რასაც ის გოგონას უწესებს. ამბობს, რომ მკაცრი დედაა და გარდა ამისა, სურს მისი შვილი მოწესრიგებული და კარგი ადამიანი გაიზარდოს, ამიტომაც თავისი მეთოდებით ზრდის, რომლებიც დიდწილად იგივეა, როგორც მას თვითონ ზრდიდნენ. რა თქმა უნდა, აღზრდის მეთოდები ბავშვის მამასთანაც "შეათანხმა", რომელიც აქტიურად არის ჩართული ლეას გაზრდაში და ბრედლიმაც მოიწონა ეს სისტემა.
ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა, რომ მისმა შვილმა გააცნობიეროს, ის არის, რომ დიდი შრომის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ირინასგან განსხვავებით, ლეა კომფორტულ და მდიდრულ გარემოში ცხოვრობს, შეზღუდვები მისთვისაც საჭიროა. ირინა ხშირად უყვება ლეას ამბებს თავის გაჭირვებულ ბავშვობაზე და ლეამ იცის, რომ დედამისს წელიწადში ორჯერ ჰქონდა მხოლოდ კანფეტები: ახალ წელს და დაბადების დღეზე. სათამაშოებიც არ ჰქონდა ბევრი და ერთი ცისფერთვალა თოჯინა იყო მისი მეგობარი, რომლისთვისაც ირინას ბებია ახალ-ახალ კაბებს თავად კერავდა.
ირინას სუპერწარმატებული კარიერა აქვს ფეშენ-ბიზნესში და მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი მოდელების ხუთეულშია. მოდელის პროფესია მას ავალდებულებს, ხშირად დაესწროს წვეულებებს, გაემგზავროს შორს გადაღებებზე, მაგრამ ისწავლა პრიორიტეტების დალაგება: მაშინაც, როცა სამუშაოს ირჩევს, ყოველთვის ახსოვს, რომ ოჯახი ყველაზე მთავარია. თუმცა ლეას ყოველთვის ახსენებს იმას, რომ ქალმა უნდა იმუშაოს და აუცილებლად შრომით მიაღწიოს მიზნად.
ირინა ყვება, რომ ერთხელ გოგონა ისტერიკაში ჩავარდა, როცა გაიგო, რომ დედა სამუშაოზე მიდიოდა. "მახსოვს, ერთხელ ლეა საბავშვო ბაღიდან დაბრუნდა და ამბობს: "აუ, ისევ მუშაობას აპირებ? მე კი მინდა, რომ დარჩე". როცა ტირილი დაიწყო, ვუთხარი: "აი, ხედავ, სახლში შუქი გვინტია და საჭმელი გვაქვს მაგიდაზე. ამიტომ არიან ვალდებულნი დედა და მამა, რომ სამსახურში წავიდნენ". მინდა, ქალი გავზარდო და ვასწავლო ის, რაც მე მასწავლეს ბებომ და დედამ - მუშაობა აუცილებელია", - ამბობს ირინა.
მეორე თემა, რაზეც ირინა ლეას დარიგებებს აძლევს, პაპარაცებია. თავად ამას დიდი ხანია, მიჩვეულია, თუმცა ლეა პირველ ხანებში ძალიან ემოციურად რეაგირებდა. როცა ფოტოგრაფებს დაინახავდა ქუჩაში, რომლებიც მათ გადაღებას ცდილობდნენ, ტირილს იწყებდა. ირინამ დაისვა ბავშვი და აუხსნა, რომ ესეც მათი სამუშაოა და თუ ფოტოებს არ გადაიღებენ, მათი შვილები იშიმშილებენ. ეს ხომ არ არის კარგი? ამიტომ სხვისი შრომაც უნდა დააფასო. დარიგებამ მართლაც იმუშავა და ხანდახან ლეა თავადაც პოზირებს პაპარაცებთან, ხან კი ეჭყანება ფოტოგრაფებს.
შეიკის აღზრდის მეთოდების შემდეგი პუნქტი ზრდილობის გაკვეთილებია. ერთ-ერთ ინტერვიუში ირინამ აღიარა, რომ ჯადოსნური ფრაზის "თუ შეიძლებას" გარეშე მისი შვილი სასურველს ვერ მიიღებს. ადრეული ბავშვობიდან ასწავლის კარგ მანერებს და ზრდილობას. სადილობის შემდეგაც ყოველთვის უნდა გადაიხადოს მადლობა, შინაც და გარეთაც.
ირინამ ისიც გადაწყვიტა, რომ მის შვილს დედის მშობლიური ენა სცოდნოდა. ამიტომ არა მხოლოდ სახლში საუბრობს რუსულად, როდესაც დედამისიც სტუმრობს, არამედ ოთხი წლიდან დაჰყავს ლეა ნიუ-იორკის რუსულენოვან სკოლაში, რომ კარგად ისწავლოს ეს ენა.
მოდელი იმასაც აღიარებს, რომ სულაც არ ზრდის გოგონას მასზე დამოკიდებულად. ყოველთვის უტოვებს არჩევანის საშუალებას და რჩევებსაც კი ეკითხება.
ირინას თქმით, დედობა ყველაზე მაგარი რამაა ამქვეყნად: "ვგრძნობ, რომ იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, ვიდრე შვილის მიმართ სიყვარული". შეიკის თქმით, ადრე ვერც იოცნებებდა იმაზე, რაც ახლა ხდება მის ცხოვრებაში.