25 მარტს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა რიგით მე-10 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოების ცერემონია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენის მსვლელობისას შედგა, კონფერენცია-გამოფენაში კი მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან სამოქალაქო განათლების 200-მდე პედაგოგმა მიიღო. მათ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს და აჩვენეს კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ ცვლიან გარემოს უკეთესობისკენ მოსწავლეებთან ერთად.
კონფერენციას დაესწრო აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელმაც სამოქალაქო განათლების პედაგოგებს სიტყვით მიმართა. აღნიშნა, რომ მათი როლი პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეების აღზრდაში ძალიან დიდია და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა:
"ჩვენ, ამერიკის საელჩო, USAID-ი ძალიან ვამაყობთ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ. მქონდა შესაძლებლობა, დამეთვალიერებინა ის აქტივობები, ფოტოები იმ საქმიანობისა, რასაც თქვენს მოსწავლეებთან ერთად ეწევით და ეს მართლაც ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო. რომ არა თქვენი ჩართულობა და ღვაწლი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ნებისმიერი წარმატებული ქვეყნისა თუ საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიური მოქალაქეები, აქტიური ლიდერები ჰყავდეს, რომლებიც ყოველდღიურად საზოგადოების კეთილდღეობისა და განვითარებისთვის შრომობენ. მინდა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის საელჩოს სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, თითოეულ თქვენგანს, ყველას, იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რასაც საზოგადოების განვითარებისთვის აკეთებთ. საკლასო ოთახებსა და მის გარეთ ხელს უწყობთ უფრო აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეებისა და ლიდერების ჩამოყალიბებას და ზუსტად ეს არის იმის პირობა, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, განვითარდეს. ამაში კი თქვენი საქმიანობით ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ." - თქვა კელი დეგნანმა.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი წლის საუკეთესო პედაგოგების დასახელება იყო. მიმოზა ღოლიჯაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მან შიდა ქართლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიიღო. პედაგოგმა შექმნა თოჯინების თეატრი, რომელიც მოსწავლეებში ტოლერანტობის, გარემოს დაცვის, უფლებებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით ხელს უწყობს მშობელთა როლის გაზრდას სასკოლო ცხოვრებაში და ქმნის სასწავლო რესურსებს, რომლებსაც სხვა სკოლებსაც უზიარებს:
"წლებია, მოსწავლეებთან ერთად, ბევრ განსხვავებულ აქტივობაში ვერთვები. მაგალითად, გასული წლის სექტემბერში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და გორის მერიის დახმარებით განვახორციელეთ პროექტი "აქციე იდეა საქმედ", რომელიც სასკოლო საზოგადოებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. შევქმენი მხარდამჭერ მშობელთა კლუბი და იქ გაწევრიანებული მშობლები, გარკვეულწილად, ელჩის როლს ირგებდნენ სხვა მშობლებთან, რომ ისინიც აქტიურად ჩართულიყვნენ სასკოლო ცხოვრებაში. მათ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტრენინ-მოდულები შევთავაზე, ასევე, გავუზიარე ინფორმაცია, როგორ უნდა ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და რამდენად დიდია თითოეული მათგანის როლი. ასევე, სკოლის ეზოში ვარდების ხეივნის გაშენება დავიწყეთ, დასუფთავების აქცია მოვაწყვეთ სხვადასხვა ლოკაციაზე და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. 27-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს და ჩემს ცხოვრებაში ჩემი მოსწავლეები ყველაზე მთავარი ადამიანები არიან. მოსწავლე სკოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღერძია და ჩვენ, სკოლაში მომუშავე პერსონალმა, ყველამ, ბავშვების გარშემო უნდა ვიტრიალოთ, აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ და მივცეთ მოტივაცია, რომ საკუთარი იდეებით გარემო უკეთესობისაკენ შეცვალონ." - ამბობს მიმოზა ღოლიჯაშვილი
კიდევ ერთი გამარჯვებული ნინო კახნიაშვილია. იგი წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია და იმერეთის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი გახდა. ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ და დემოკრატიული ღირებულებები ჰქონდეთ:
"ჩემთვის, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოქალაქეებს გავუშვებ სკოლიდან. აუცილებელია, მოსწავლემ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეძლოს და ნახოს, რომ რეალურად მის სიტყვასა და აქტივობას ძალიან დიდი როლი აქვს. მოსწავლეებთან ერთად არაერთი პროექტი განვახორციელე, რაც ტოლერანტობის, დემოკრატიული ღირებულებების, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს. კომპლექსური დავალების ფარგლებში, სამოქალაქო განათლების სამუშაო რვეულები შევქმენი, რაც ვფიქრობ, მოსწავლეებს ძალიან გამოადგათ." - ამბობს ნინო კახნიაშვილი.
თბილისის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი კი ნუგზარ სადიკოვი გახდა. ის თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ასწავლის და ამბობს, რომ მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული სხვადასხვა პროექტი არა მხოლოდ სკოლის, არამედ თავად ბავშვების ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად ცვლის:
"პროექტულ სწავლებაში აქტიურად ვარ ჩართული და სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად ბევრ სხვადასხვა აქტივობასა და სოციალურ პროექტს ვახორციელებ. ჩემი მთავარი მიზანია, ჩემი მოსწავლეები სამაგალითო მოქალაქეებად გაიზარდნონ. სამაგალითო მოქალაქეები კი მაშინ გახდებიან, როცა ეცოდინებათ, რა არის ადამიანის ღირსება, უფლებები, თავისუფლება, აღიარება და პატივისცემა როგორც სხვისი, ასევე საკუთარი შრომისა და შესაძლებლობების. რაც მთავარია, ისინი სისტემატურად უნდა იყვნენ ჩართულნი იმ პროცესებში, რაც ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარეობს. ეს არის უმთავრესი მიზანი, რასაც ჩვენი ყოველი აქტივობა ემსახურება." - ამბობს ნუგზარ სადიკოვი.
ამავე ღონისძიებაზე სამოქალაქო განათლების წლის წარმატებული პედაგოგებიც დააჯილდოეს. ერთ-ერთ ირინა მიქავაა, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის წარმატებული მასწავლებელი გახდა. ეს პედაგოგი თბილისიდან ბოლნისში ჩადის, ზრუნავს მოსწავლეების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაზე, გენდერული თანასწორობის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში:
"ჩემთვის სკოლის პერიოდში მასწავლებლობა არასოდეს ყოფილა პრიორიტეტი. შარშან, 23 წლის ასაკში, როდესაც მივიღე შეთავაზება, თბილისიდან ბოლნისში ჩავსულიყავი, როგორც მიწვეული სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ჩემთვის, როგორც მაგისტრატურის სტუდენტისთვის, ეს დამატებითი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ ვიცოდი, რისთვის მივდიოდი ამ რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. კვირაში ორჯერ ჩავდივარ და ვქმნით ცვლილებებს არა მხოლოდ ჩვენი სკოლისთვის, არამედ ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის. ევროკავშირის მხარდაჭერით, შევქმენით ბოლნისის ახალგაზრდული სივრცე, ახალგაზრდებთან ერთად დიპლომატიის სკოლა გავაკეთეთ, დავგეგმეთ 3 ელჩის ვიზიტი და კიდევ იგეგმება მსგავსი აქტივობა. შესაძლებლობები უთვალავია, მასწავლებლობაც არ არის პროფესია, რომლითაც იზღუდები. პირიქით, ეს არის შანსი, რომლითაც შეგვიძლია, ცვლილებები რეალურად განვახორციელოთ." - ამბობს ირინა მიქავა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ სამოქალაქო განათლების სწავლების მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა. ჩვენთან კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სამოქალაქო განათლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია და მსგავს ინიციატივებს მხარს უჭერენ.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ კი კიდევ ერთხელ შეაჯამა ღონისძიების შედეგები და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:
"დღეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. ეს სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის პროფესიული ზეიმის დღეა და აქ მათ მიერ გაწეული შრომის აღიარება და დაფასება ხდება. რეგიონების მიხედვით, წლის საუკეთესო პედაგოგები დავაჯილდოეთ, მათ მიერ მიღწეული შედეგები გამოვაცხადეთ და მხარი დავუჭირეთ. თავად გამოფენის ნაწილში პედაგოგებმა ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. აღნიშნეს, თუ როგორ მიაღწიეს კონკრეტულ შედეგებს და რა დაეხმარათ მოსწავლეების სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციების გაძლიერების მიმართულებით. სტენდებზე ძალიან ბევრი კონკრეტული შედეგია გამოფენილი, როგორებიცაა, მაგალითად, მოსწავლეების თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, საგზაო უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, ახალგაზრდების საკითხების პოპულარიზაციის, გარემოს გამწვანების, დასუფთავებისა თუ მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ბავშვებს ცხოვრებისთვის ვამზადებთ და სკოლას ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ კი, სამოქალაქო განათლება განსაკუთრებული როლით გამოირჩევა. დღევანდელ პრეზენტაციებში, რომლებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი, დიდი აქცენტია გაკეთებული იმაზეც, თუ როგორ ხდება სხვადასხვა დისციპლინებში სამოქალაქო ღირებულებების ინტეგრირება, რომელსაც საზოგადო სიკეთეები მოაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტებით მოსწავლეებისთვის სამოქალაქო აქტიურობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა ერთგვარ უნარ-ჩვევად იქცევა, რაც სამომავლოდ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. ვფიქრობ, მოსწავლეთა თვითმმართველობების გააქტიურება ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ სკოლის მართვაში მიიღონ მონაწილეობა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან ითანამშრომლონ. ამ მიმართულებით, ჩვენ მათ მხარდაჭერას კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ." - აღნიშნა მარინა უშვერიძემ.
კონფერენცია-გამოფენა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ახორციელებს PH International აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. კონფერენცია-გამოფენის ორგანიზატორია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი.
თამარ იაკობაშვილი