როგორ გახდა გოგონა ღარიბი ოჯახიდან საბჭოთა კრიმინალური სამყაროს "დედოფალი" და როგორ სცადა თვითმფრინავის გატაცება საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად - ამბავი წარსულიდან - მშობლები

როგორ გახდა გოგონა ღარიბი ოჯახიდან საბჭოთა კრიმინალური სამყაროს "დედოფალი" და როგორ სცადა თვითმფრინავის გატაცება საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად - ამბავი წარსულიდან

2023-03-27 13:17:46+04:00

რეალური ამბების რუბრიკაში ამჯერად საბჭოთა პერიოდის გაუხმაურებელ ამბავს გადავავლებთ თვალს და ქალის ამბავს, რომლის შესახებ არც ისე დიდი ხანია გახდა ცნობილი...

1970-იან წლებში კალინა ნიკიფოროვა "კანონიერ ქურდად" ითვლებოდა, მაგრამ რადგან ის ქალი იყო, ეს სტატუსი მხოლოდ არაოფიციალურად ჰქონდა. კალინას ანგარიშზე მრავალი თაღლითობა, ქურდობა, ძარცვა და ძალადობის ფაქტებია. ნიკიფოროვამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საშიში ქალის ტიტული მოიპოვა და მას "ყველა ქურდის დედას" უწოდებდნენ. ქალს შეეძლო, ბრწყინვალე მეცნიერი გამხდარიყო, თუმცა შესანიშნავი გონება სულ სხვა საქმეზე გადართო. ღარიბი გოგონადან მილიონერ ქალად გადაიქცა და ეს ყველაფერი თაღლითობის, ძარცვის, სპეკულაციების, ტყუილისა და დაშინების გზით მოახერხა.

კალინა მიწისქვეშა კლუბებს, საიდუმლო ქარხანასა და საიუველირო დაწესებულებას ფლობდა. საჭირო დროს, პოლიციასთან მოლაპარაკება შეეძლო და ორმაგ თამაშს თამაშობდა. ცხოვრებაში კი მისი ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილება თვითმფრინავის გატაცება იყო, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცევა სურდა. ამის შემდეგ ნიკიფოროვა მძიმედ დაავადდა და სიცოცხლე მოულოდნელად დაასრულა...

5-1679908859.jpeg
კალინა ნიკიფოროვა

კალინა ჩვეულებრივი ბავშვი იყო. არავის მოსვლია აზრად, რომ მომავალში მთელ კრიმინალურ სამყაროში სახელს გაითქვამდა და საშინელ საქმეებს ჩაიდენდა. როდესაც გოგონა რამდენიმე თვის იყო, ის და მისი მშობლები ბაქოდან მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად, 7 წლის ასაკში კი პირველ კლასში შევიდა. თითქოს, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. კალინა მასწავლებლების ფავორიტი მოსწავლე გახდა: თავაზიანი იყო, ყველას მომხიბვლელი თვალებით უყურებდა, თანაკლასელებს ეხმარებოდა და რაც მთავარია, შესანიშნავად სწავლობდა. მასწავლებლებმა მას წარჩინების სერტიფიკატი, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაბარება და ბრწყინვალე კარიერა უწინასწარმეტყველეს, მაგრამ ნიკიფოროვამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ რადიკალურად განსხვავებული გზა აერჩია.

იგი ღარიბ ებრაულ ოჯახში გაიზარდა, ამიტომ უმაღლეს განათლებაზე, კარგ სამსახურსა და სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარებაზე კი არ ოცნებობდა, არამედ სიღარიბისაგან თავის დაღწევა და გამდიდრება სურდა. 18 წლის ასაკში მდიდარ მამაკაცს შეხვდა და მიხვდა, რომ ეს მისი ოცნების ასრულების ერთ-ერთი გზა იყო. მამაკაცი ცნობილი იუველირი იყო და კალინას ბაბუად შეეფერებოდა, მაგრამ გოგონამ მასზე დაქორწინება მაინც გადაწყვიტა.

ნიკიფოროვა ერთ ღამეში ღარიბი გოგონადან მდიდარ ქალად გადაიქცა. უამრავი ძვირად ღირებული სამკაული, ჩასაცმელი, საჭმელი ჰქონდა, რომლებზეც ადრე ვერც კი იოცნებებდა. ქორწილიდან რამდენიმე წლის შემდეგ მისი ქმარი გარდაიცვალა და მთელი ქონება კალინას დარჩა. უცნობია, რა გახდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ნიკიფოროვას საკმაოდ სოლიდური ქონება უანდერძა. მათ შორის იყო მომგებიანი ბიზნესი, კეთილმოწყობილი ბინა და იმდენი ფული, რომ მთელი ცხოვრება სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, მაინც ეყოფოდა. თუმცა ქალს უფრო მეტი სურდა...

6-1679908898.png
კალინა ნიკიფოროვა

გარდაცვლილი მეუღლის კავშირების წყალობით, ერთ-ერთ სავალუტო კომპანიაში მოხვდა და იქ დაიწყო მუშაობა. ფინანსური სპეკულაციებისა და თაღლითობის საკმაო ნიჭის დამსახურებით, ქალმა 6 თვეში დაწინაურება მოახერხა და სავალუტო მოვაჭრეებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა.

ამის შემდეგ გადაწყვიტა, ძალაუფლება კრიმინალურ სამყაროშიც გაევრცელებინა. ე.წ. ქურდებს მდიდარი ადამიანების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა და ძარცვაში ეხმარებოდა. ამავდროულად კი, ყველაზე პატიოსანი ადამიანის იმიჯს ირგებდა.

თუმცა, ერთხელ კალინას თანამზრახველი პოლიციამ დააკავა და მან, სასჯელის შემსუბუქების მიზნით, ყველა ადამიანის სახელი და გვარი დაასახელა, ვინც საქმეში იყო ჩართული. მათ შორის, ნიკიფოროვასიც. ამიტომაც, კალინა დააპატიმრეს და 3 წლით ციხეში ჩასვეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ქალმა საკუთარი გავლენის გაძლიერება შეძლო, პატიმრებს შორის პატივისცემა დაიმსახურა და ვადაზე ადრეც კი გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ კრიმინალურ ავტორიტეტებს მნიშვნელოვან რჩევებს აძლევდა და საქმის სწორად წარმართვაში ეხმარებოდა, ხელმძღვანელობდა მდიდრული სახლების ძარცვასა და მოპარული საქონლის უსაფრთხოდ გაყიდვას. პარალელურად კი, პოლიციელებთან თანამშრომლობა დაიწყო და მათ დაჰპირდა, რომ დამნაშავეების დაკავებაში დაეხმარებოდა.

ორმაგი თამაში ისე ოსტატურად ითამაშა, რომ კრიმინალური სამყაროდან მისი ხელისუფლებასთან შეთანხმების შესახებ არავინ იცოდა. იმდენად გავლენიან ქალად გადაიქცა, კრიმინალური ავტორიტეტები ცდილობდნენ, მასთან ეთანამშრომლათ. თავად კი ქურდული სამყაროდან ყველაზე გავლენიანი მამაკაცი ვიაჩესლავ ივანკოვი აირჩია, რომელსაც მეტსახელაც "იაპონჩიკს" უწოდებდნენ.

4-1679908946.jpeg
ვიაჩესლავ ივანკოვი

ბევრს სჯეროდა, რომ მამაკაცის დახმარებით კალინამ დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა ქალი დამოუკიდებლად აგრძელებდა განვითარებას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოფიციალურად ბარში დაიწყო მუშაობა, არაოფიციალურად კი ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა. ბარშიც ყველანაირად ცდილობდა, მოგება ენახა. როდესაც ლუდს უკვეთავდნენ, ნახევარს წყალს ურევდა და ორმაგ ფასად ჰყიდდა. ამ გზით დაგროვილი ფულით მან რამდენიმე მიწისქვეშა კლუბი გახსნა, სადაც აზარტული თამაშებით დაინტერესებული ადამიანები იკრიბებოდნენ. მოგვიანებით გამდიდრების კიდევ სხვა გზებსაც მიმართა. უკანონოდ გახსნა ფეხსაცმლის ქარხანა და ბერლინში საიუველირო მაღაზიაც დააარსა, სადაც მოპარულ ძვირფასეულობას აგზავნიდა. გარდა ამისა, სურდა, თავისი ქონება ისრაელში გადაეტანა და საბჭოთა ხელისუფლებისგან ფარულად დაგროვილი სიმდიდრე უფრო უსაფრთხოდ შეენახა, თუმცა ვერ მოახერხა...

დიდი ხნის განმავლობაში კალინასა და იაპონჩიკს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა დროთა განმავლობაში, საყვარლები გახდნენ. ივანკოვს ოფიციალურად ცოლის ყოლა ეკრძალებოდა, მაგრამ მათი წყვილი კრიმინალურ სამყაროში აღიარებული იყო. მეტიც, იაპონჩიკმა ნიკიფოროვას ვაჟზეც აიღო პასუხისმგებლობა, რომელიც ქალს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა.

3-1679909067.jpeg
კალინა და მისი ვაჟი, ვიქტორი

1970-იანი წლების ბოლო კალინა მიხვდა, რომ არ სურდა, ვინმეზე დამოკიდებული ყოფილიყო და ამ მიზნით საკუთარი კრიმინალური დაჯგუფება შექმნა. მისი მფარველი იაპონჩიკი ციხეში აღმოჩნდა და კალინა უკვე დიდ "იმპერიას" მართავდა. ის კიდევ ერთხელ გათხოვდა. ამჯერადაც მისი რჩეული კანონიერი ქურდი, რუბენ სარქისიანი, მეტსახელად "პროფესორი" იყო.

ქალმა კრიმინალურ სამყაროში არსებული წესების მიხედვით, კანონიერი ქურდის წოდება ვერ მიიღო, მაგრამ ამ სამყაროში დედოფლად აღიარებდნენ. მეტიც, მისი შვილიც ამ გზას დაადგა და კანონიერი ქურდი გახდა.

2-1679909115.jpeg
რუბენ სარქისიანი

კიდევ რამდენიმე მსხვილი საქმის შემდეგ, ნიკიფოროვა მიხვდა, რომ არა მხოლოდ ფულის გამომუშავება, არამედ ფულის დახარჯვაც სურდა. მას შეეძლო ძვირად ღირებული ტანსაცმელი, ბინები, მანქანები და სამკაულები ეყიდა, მაგრამ იძულებული გახდა, თვალშისაცემი მოკრძალებული ცხოვრების წესი გაეგრძელებინა, რათა საბჭოთა ხელისუფლებას ეჭვი არ გასჩენოდა. ამავდროულად, პოლიციის მუდმივი ყურადღებითა და სხვა ჯგუფებთან დაპირისპირებებითაც დაიღალა და თავს ცუდად გრძნობდა.

სწორედ ამ პერიოდში ექიმებმა მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. კალინა ფიქრობდა, რომ ამხელა ქონებით სათანადო მკურნალობასაც მოახერხებდა, თუმცა საბჭოთა ექიმებმა მისი დახმარება ვერ მოახერხეს. ქალს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდებოდა, მაგრამ ქვეყნიდან არ უშვებდნენ. ამიტომ, ერთადერთ გზად თვითმფრინავის გატაცება რჩებოდა.

მან და მისმა ქმარმა რუბენმა ეს საქმეც დაგეგმეს, სურდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიეღოთ და მთელი ქონება იქ გადაეტანათ. გეგმის აღსრულებას უკვე აპირებდნენ, როდესაც 1988 წელს ნიკიფოროვა მოულოდნელად გარდაიცვალა...

მისი ცხედარი ქმარმა ერევანში გადაასვენა და იქ დაკრძალა...

იაპონჩიკი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა. თუმცა, იქაც აგრძელებდა ჩვეულ საქმიანობას და ისევ ციხეში მოხვდა. ვადის ამოწურვის შემდეგ კი ამერიკიდან კვლავ რუსეთში დააბრუნეს. კაცი 2009 წელს მოკლეს.

ნიკიფოროვას ერთადერთი ვაჟის ცხოვრებაც ტრაგიკული აღმოჩნდა. თავიდან ცდილობდა, დედის მიერ აშენებული იმპერია ემართა, თუმცა 6 წლის შემდეგ ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებასთან ჩხუბი მოუვიდა და მოკლეს.

რაც შეეხება "პროფესორს", საყვარელი ქალის გარდაცვალების შემდეგ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი საერთოდ გაწყვიტა და ჭადრაკის მწვრთნელი გახდა...

9 ათასზე მეტი მოკლული ახალშობილი და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა გამოსასწორებლად - ირლანდიურ სამრეცხაოებში გამოკეტილი გზას აცდენილი ქალების მწარე ხვედრი