წლების წინ ირლანდია ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა იყო, სადაც რწმენასა და რელიგიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და, ფაქტობრივად, ეს მათი ცხოვრების წესი იყო. რწმენისადმი მიდგომა ხანდახან ფანატიკურიც იყო და ადამიანები საკუთარი ცხოვრებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასე ცდილობდნენ. ამიტომაც, კათოლიკური ეკლესიის ყველა დოგმის დაცვა აუცილებელი იყო და ეკლესიის წარმომადგენლები მკაცრად იდგნენ ზნეობრიობისა და რწმენის სადარაჯოზე. სწორედ მათი ინიციატივით შეიქმნა "მაგდალინელის სამრეცხაოები", რომელთა გარშემოც მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები გაჩაღდა ქვეყანაში.
უპირველეს ყოვლისა, ასეთი დაწესებულები ე.წ "დაცემული" ქალების დასახმარებლად შექმნეს XVIII საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის ბოლომდე იარსება. თავდაპირველად ისინი თავშესაფრებად იყო წარმოდგენილი, რომლებშიც დაუცველ გოგონებს შეეძლოთ, გარკვეული დრო გაეტარებინათ, ესწავლათ ხელობა, გამოესყიდათ ცოდვები და შემდეგ სრულფასოვან ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. რეალურად ეს იყო ე.წ. გამოსასწორებელი "დაცემული ქალებისთვის", მონასტრის ტიპის დაწესებულება.
ასეთ თავშესაფრებში ქალებს ფსიქოლოგიურ დახმარებას არ უწევდნენ, მაგრამ ითვლებოდა, რომ მათ საკუთარი შრომისმოყვარეობით შინაგანი მდგომარეობის მოწესრიგება და "გამოსწორება" შეეძლოთ. გოგონებიც შრომობდნენ და შრომობდნენ... თავშესაფრებში საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა დაწესებულებისთვის თეთრეულის რეცხვა იყო. სწორედ ამ მიზეზით დაერქვა "სამრეცხაო".
გოგონები დიდი ხნის განმავლობაში არ რჩებოდნენ ასეთ დაწესებულებებში. უმეტეს შემთხვევაში, თავშესაფარში რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ.
მაგრამ, ეს მხოლოდ იქამდე გაგრძელდა, ვიდრე სამრეცხაოები "მაგდალინელის თავშესაფრად" არ გადაკეთდა და ნამდვილი რელიგიური საკონცენტრაციო ბანაკები არ გახდა. მას შემდეგ, რაც თავშესაფრებზე კათოლიკურმა ეკლესიამ დაამყარა სრული კონტროლი , იმ მომენტიდან, ქალებისთვის იქ საშინელი ყოფა დაიწყო...
თუ ადრე ასეთ თავშესაფრებში მხოლოდ ისეთი ქალები ხვდებოდნენ, რომლებიც სხეულით ვაჭრობდნენ, ან ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდათ, 1922 წლიდან სია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. იქ აღმოჩნდნენ დედები, რომლებიც მარტო ზრდიდნენ ბავშვებს, ძალადობის მსხვერპლი ქალები, ისეთი გოგონები და ქალები, რომელთა ქცევაც საყოველთაოდ მიღებული ნორმებისაგან განსხვავდებოდა.
ასევე, ამავე სამრეცხაოებში აგზავნიდნენ გოგონებს, რომელთა განვითარებაც სხვადასხვა დაავადების გამო ნორმას ჩამორჩებოდა. მეტიც, თავშესაფარში ხვდებოდნენ გოგონები, რომლებიც ფიზიკურად ძალიან ლამაზები იყვნენ და ისინი ზედმეტად მიმზიდველებქდ მიაჩნდათ.
თავშესაფრის მონაზვნები გოგონებს, ფაქტობრივად, ქუჩებში იჭერდნენ - ავტობუსის გაჩერებებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში აკავებდნენ და ისინი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე "პატიმრებად" იქცეოდნენ. აღმოჩნდა, რომ "დასაჭერ ქალთა" სიის კრიტერიუმები იმდენად ფართო იყო, ირლანდიაში მცხოვრები თითქმის ყველა გოგონა იქ ერთხელ მაინც აღმოჩენილა. გარდა მონაზვნებისა, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თავადაც მიჰყავდათ იქ გოგონები და ფიქრობდნენ, რომ ამას რწმენისთვის აკეთებდნენ და სწორად იქცეოდნენ.
როდესაც გოგონები "სამრეცხაოებში" ხვდებოდნენ, ყველა საბუთს ართმევდნენ და საკუთარ სახელსაც კარგავდნენ. მონაზვნები ყოველდღიურ რუტინას აკონტროლებდნენ და გოგონებს აიძულებდნენ, დღეში 10-12 საათის განმავლობაში, კვირაში ექვსი დღე ემუშავათ.
საქმის შეწყვეტის პროცესი მხოლოდ ლოცვისთვის იყო დასაშვები. აკრძალული იყო ერთმანეთთან საუბარი. თუ რომელიმე მათგანის ქცევა მონაზვნებს შეუსაბამოდ მოეჩვენებოდათ, საჭმელს ართმევდნენ, აიძულებდნენ, დაჩოქილიყვნენ, საჯაროდ ბოდიში მოეხადათ, იატაკზე ეჭამათ და ასე შემდეგ.
"მაგდალინელის სამრეცხაოების" არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში ცხრა ათასზე მეტი ახალშობილი გარდაიცვალა დაბადებისთანავე ან მერე, მოუვლელობის გამო - ისინი იმ დედების შვილები იყვნენ, რომლებიც ქორწინების გარეშე დაორსულდნენ, საჯაროდ გაკიცხეს და იძულებულნი იყვნენ, სწორედ აღნიშნულ თავშესაფარში წასულიყვნენ, სადაც ბავშვების მოსავლელად არავის არ ეცალა, იქ ქალები საშრომად ჰყავდათ. ბევრი პატიმარი თავშესაფარში ყოფნის დროს მკაცრი სასჯელის, არასწორი კვებისა და სხვა არასათანადო პირობის გამოც დაიღუპა. ეს ყველაფერი 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.
1993 წელს დუბლინის სასულიერო ორდენმა გადაწყვიტა, ტერიტორიის ნაწილი გაეყიდა. თავშესაფრის ადგილას 155 აღსაზრდელის უსახელო საფლავი იპოვეს. 1999 წელს თავშესაფრის ყოფილმა აღსაზრდელებმა, სამმა ქალმა აიმაღლა ხმა და საჯაროდ მოყვა, როგორ ექცეოდნენ. სულ მალე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი "სექსი ცივ კლიმატში", რომლისთვისაც თავშესაფარში ნამყოფი არაერთი ქალი გამოიკითხა. ფილმში ისინი ყვებოდნენ სექსუალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე სრულ იზოლაციაზე გარე სამყაროსგან.
21-ე საუკუნის დასაწყისში კი, კიდევ უფრო აქტიური დათვალიერების დროს იპოვეს ათასობით გარდაცვლილი ბავშვის უსახელო საფლავები...