ექიმ ნუტრიციოლოგს, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორს მარი მალაზონიას, რომელსაც მრავალი წელია საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "პირადი ექიმი მარი მალაზონია" მიჰყავს, შვილებმა დაბადების დღე ემოციურად მიულოცეს. ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი რამდენიმე დღის წინ 56 წლის გახდა. იგი ორი შვილის დედაა - ოთო და ანანო საზღვარგარეთ სწავლობენ და დედას დაბადების დღე დისტანციურად მიულოცეს. მარი მალაზონიამ ცრემლები ვერ შეიკავა და შვილებს მადლობა გადაუხადა.
რამდენიმე წლის წინ Mshoblebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში მარი მალაზონია დედობასა და შვილებთან დამოკიდებულებაზე ამბობდა:
"27 წლის ასაკში გავხდი დედა. მე მყავს ერთ წელიწადში დაბადებული, არატყუპი ორი შვილი - წლის დასაწყისში შემეძინა ვაჟი და წლის ბოლოს, საახალწლოდ დაიბადა გოგონა. შვილების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასეთია: ვთვლი, რომ შვილი არაა ჩვენი ბიოლოგიური პროდუქტი, შვილი არ არის ჩვენი განუხორციელებელი ოცნებების რეალიზაციის ინსტრუმენტი, შვილი და ზოგადად ბავშვი არ არის ზრდასრული ადამიანი მინიატურაში, ნებისმიერი ბავშვი არის განაკუთრებული მოვლენა და მას ასეთივე მიდგომა სჭირდება. არაა საჭირო ენის მოჩლექვით საუბარი, თუმცა არც დასჯის განსაკუთრებული მეთოდის შემუშავებაა აუცილებელი. მუდმივად უნდა ვიყოთ შვილთან კონტაქტში, მათთან ურთიერთობა, საუბარი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მუცლადყოფნის პერიოდშივე უნდა დავიწყოთ. რასაკვირველია, ჩემი მოსაზრებები არაა სტანდარტი, მაგრამ ჩემი დამოკიდებულბაა ასეთია: თუ ჩვენ შვილების მოსმენა ვისწავლეთ მუცლადყოფნის პერიოდში და ამ ჩვევას არ ვღალატობთ მათთან ურთიერთობის არცერთ ეტაპზე, მაშინ აღმოვაჩნეთ, რომ მაშინაც კი, როცა შვილები არ ლაპარაკობენ, აუცილებლად გვიამბობენ საკუთარ ისტორიას. მაშინ კი, როცა ლაპარაკს იწყებენ, ჩვენ ვხდებით მათთვის საუკეთესო და საიმედო მსმენელები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევაც შეუძლიათ. ასეთი ურთიერთობის შემთხვევაში ყველა კრიტიკული ასაკი ადვილად გასავლელია, ზოგჯერ შეუმჩნეველიც კი." - აღნიშნავდა მარი მალაზონია.