როდის იწყება ბიჭებში სქესობრივი მომწიფება და რა ასაკამდე აქვს კაცს შვილოსნობის ფუნქცია - ექიმი-რეპროდუქტოლოგი აქტუალურ თემაზე საუბრობს - მშობლები

როდის იწყება ბიჭებში სქესობრივი მომწიფება და რა ასაკამდე აქვს კაცს შვილოსნობის ფუნქცია - ექიმი-რეპროდუქტოლოგი აქტუალურ თემაზე საუბრობს

2023-04-04 13:17:19+04:00

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე სხვადასხვა აქტუალურ თემაზე გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს და ადამიანებს მნიშვნელოვან რჩევებსა და ინფორმაციას უზიარებს. მამაკაცებსა და ბიჭების მშობლებს კი ეს შეკითხვები ხშირად აქვთ:

- რა ასაკიდან ხდება ბიჭებში სპერმის ჩადგომა?

- ბიჭებში სქესობრივი მომწიფება, დაახლოებით, 9-10 წლის ასაკიდან იწყება და 17 წლამდე გრძელდება. ამ პერიოდში დიდი რაოდენობით ტესტოსტერონი, კაცის ჰორმონი გამოიყოფა, რომელიც სიმაღლეში სწრაფ ზრდას, ასევე ხმის ტემბრის ცვლილებას, თმიანობას სახესა და სხვა ადგილებში იწვევს და ამას სათესლე ჯირკვლებში სპერმის წარმოქმნა ახლავს. დაახლოებით, 12-13 წლის ასაკისთვის ბიჭს უკვე სრულყოფილი სპერმატოგენეზი აქვს. ანუ, წარმოიქმნება სპერმა. ზოგჯერ მათ სპერმის უნებლიე დაღვრა აღენიშნებათ, განსაკუთრებით კი ძილის პერიოდში, რასაც პოლუცია ეწოდება. პოლუცია, ანუ სპერმის უნებლიე დაღვრა, შეიძლება, თვეში 6-7-ჯერ განმეორდეს.

- აქვს თუ არა 60-70 წლის ასაკის კაცს განაყოფიერების უნარი?

- ასაკის მატებასთან ერთად, შვილოსნობის უნარი ქვეითდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალებში კვერცხუჯრედების მარაგი და ხარისხი უარესდება, ხოლო მამაკაცებში სპერმის ხარისხი. მაგრამ, განსხვავება ის არის, რომ ქალებში ეს გაცილებით უფრო სწრაფად ხდება. მაგალითად, 40 წლის ასაკში ქალს კვერცხუჯრედების მარაგი უკვე მინიმალურ ზღვარზე აქვს და ორსულობის შანსი ძალიან დაბალია. ხოლო, კაცებში სპერმის ხარისხის გაუარესება გაცილებით უფრო ნელა ხდება. 50-60 წლის ასაკშიც კი კაცს შეიძლება ჰქონდეს ისეთი სპერმა, რომლითაც შესაძლოა, განაყოფიერება მოხდეს. მეტიც, 70 წლის ასაკშიც კი შეიძლება კაცს განაყოფიერების უნარის მქონე სპერმა ჰქონდეს. ამიტომ, 60-70 წლის ასაკში მამაკაცმა კვერცხუჯრედი რომ გაანაყოფიეროს და ორსულობა დადგეს, რეალობაა და ასე არც თუ ისე იშვიათად ხდება. ხოლო ქალებში 60-70 წლის ასაკში ფიზიოლოგიური გზით, თავისი კვერცხუჯრედით ორსულობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

- როგორ უნდა მიხვდეს მამაკაცი, რომ მას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები აქვს?

- არის შემთხვევები, როდესაც ქალს საშოდან ჭარბი გამონადენი, წვა, ქავილი აწუხებს, ხშირად მკურნალობს ინფექციებს, მაგრამ პერიოდულად მაინც მეორდება მსგავსი სიმპტომები. საქმე იმაშია, რომ ხშირად პარტნიორები, მამაკაცები არ მკურნალობენ, რადგან მათ ამგვარი სიმპტომები არ აქვთ, თავს ჯანმრთელად გრძნობენ და თვლიან, რომ მათ არანაირი ინფექცია არ აქვთ. ან იკეთებენ გამოკვლევას, მაგრამ ნაცხში რაიმე სახის ინფექცია არ ვლინდება. ამიტომ, თვლიან, რომ ანთება, ინფექცია არ აქვთ და არც მკურნალობა სჭირდებათ, რაც არასწორი მიდგომაა. საქმე იმაშია, რომ მამაკაცის საშარდე და სასქესო გზების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო, მამაკაცთან ანთება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ქალს გადასდებენ. ამიტომ, როდესაც ქალს ამგვარი სიმპტომები აქვს, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა აუცილებლად ერთდროულად უნდა მოხდეს.