როგორც ცნობილია, ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე საკმაოდ გავლენიანი და პოპულარული შოუს, "ამერიკული ვარსკვლავის" მონაწილეებს შორის მოხვდა და გამარჯვებისთვის იბრძვის. პირველი შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ, ნუცას მორიგი ტური ელოდა - პარტნიორთან ერთად. მისი პარტნიორი კარინა საკმაოდ ემოციური ადამიანი აღმოჩნდა. როგორც სიუჟეტში ჩანს და შემდეგ ნუცამ თავის მიმართვაშიც აღნიშნა, მცირე გაუგებრობა მოხდა რეპეტიციის დროსთან დაკავშირებით. კარინამ ამის გამო ბევრი ინერვიულა და როგორც მოგვიანებით ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, "დრამა დადგა". როგორც კი პარტნიორმა დაურეკა, ნუცა უმოკლეს დროში მივიდა რეპეტიციაზე, გაიარა მასთან ერთად საჭირო ეტაპები და მაქსიმალურად ცდილობდა გოგონას დამშვიდებას და სცენაზე გამოსვლისთვისაც ამხნევებდა. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე გამოსვლის შემდეგაც განაგრძო პარტნიორმა ნუცას დადანაშაულება არაპუნქტუალურობაში, ქართველმა მომღერალმა ბოლომდე შეინარჩუნა სიმშვიდე და კეთილგანწყობა და სიმღერაც პროფესიონალურად შეასრულა, რითაც შემდეგ ეტაპზე გადასვლა სწორედ მან დაიმსახურა და არა პარტნიორმა.
როდესაც ვიდეო გამოქვეყნდა, კომენტარებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ამ "დრამას" და ბევრი წერდა, რომ ეს მხოლოდ კონკურენციის გამო გამწვავებული ვითარება იყო და გოგონა თავიდანვე იმის გამო ღელავდა, რომ ბევრად ძლიერი კონკურენტი შეხვდა ნუცას სახით. ამან გამოიწვია სწორედ მისი დაძაბულობა. როდესაც ჩანაწერი თავად ნუცამ ნახა, გადაწყვიტა, თვითონაც გამოხმაურებოდა და ვიდეოს კომენტარებშიც გამოხატა საკუთარი აზრი და სოციალურ ქსელში პირად ანგარიშზეც. ვიდეოც ატვირთა, სადაც მისი ცრემლები და რეაქცია ჩანს, და შემდეგი ტექსტი დაწერა:
"ეს ყველაზე დიდი გამოცდა იყო ჩემს ცხოვრებაში! ამ ვიდეომ ცრემლები მომგვარა, თუმცა არა სიხარულის ცრემლები. პირველად არის ჩემს ცხოვრებაში, როცა გამარჯვებას არ აღვნიშნავ, ამის ნაცვლად საჭიროდ ვთვლი, განმარტება გავაკეთო!
დავიწყოთ იქიდან, რომ კონკურსის წესია, ყველა რეპეტიცია ვიყოთ დროულად - არც ერთ მონაწილეს არ აქვს უფლება რეპეტიციის გაცდენის, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მე არასოდეს მეზარება გამოსვლა და მუშაობა, თუნდაც ეს ათასგზის რეპეტიციას გულისხმობდეს, იმიტომ, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და ყველაზე დიდი ვნება ჩემს ცხოვრებაში!
სიმართლე რომ ვთქვა, ამ გამოსვლის შემდეგ მორალურად დანგრეული ვიყავი, თუმცაღა ვცდილობდი ძლიერი დავრჩენილიყავი, ალბათ ყველამ შენიშნეთ, როგორი დამწუხრებული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ყველაფერმა გაიარა, მაგრამ ამ ვიდეომ ისევ დამიბრუნა მოგონებები და ის ნაღვლის შეგრძნება... და ამასთან მიჭირს გამკლავება, თუმცა რადგან ეს კონკურსია, არა კონცერტი, არამედ კონკურსი, ვცდილობ, გავძლიერდე, სხვანაირად გამიჭირდება გზის გაგრძელება - ეს ცხოვრებაა...
მინდა იცოდეთ, რომ 17 საათი მივფრინავდი ლოს-ანჯელესამდე, გამოსვლიდან 1,5 დღით ადრე. განრიგით გადაღებები ყოველდღე იწყებოდა 7 საათზე და გრძელდებოდა ხანდახან დილის 3-4 საათამდე. ოფიციალური რეპეტიციების შემდეგ, არ ვიცოდი, რომ დამატებითი ვოკალური რეპეტიციაც იყო, როგორც ჩანს, გამოვტოვე ეს ინფორმაცია, საუბედუროდ. თუმცა როგორც კი კარინამ დამირეკა, სწრაფად მოვემზადე და დავბრუნდი, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გამევლო რეპეტიციები, იმდენჯერ, რამდენჯერაც მას მოესურვებოდა, და ნამდვილად მინდოდა, ეს გამოცდილება დაუვიწყარი ყოფილიყო ორივესთვის. ბოლოს და ბოლოს, ორივე უნდა დავმტკბარიყავით ამ გამოსვლით, და იმან, რომ კარინა უკმაყოფილო იყო, ჩემზე ძალიან იმოქმედა. ის ძალიან ნიჭიერი გოგონაა, ძლიერი ვოკალით და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს მიაღწევს თავის კარიერაში. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
დასასრულ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო უკეთ გამიცნობთ მე და ჩემს პიროვნებას.
ყველა ძალიან მიყვარხართ! დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!"