ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვებს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. რამ შეიძლება გამოიწვიოს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, რა არის ის საშიში ნიშნები, როცა სპეციალისტის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ცალკეული დარღვევები - აქტუალურ თემაზე აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის დეფექტოლოგი, სურდოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ფონოპედი მზია ზენაიშვილი გვესაუბრება:
- მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება ბევრმა სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს. ეს შესაძლოა, იყოს ყბა-სახის, პირის ღრუს ანომალიური აგებულობა, პროგენია, პროგნატია, სამეტყველო მოტორიკის კუნთების დისპლაზია. ასევე ადრეულ ასაკში, მეტყველების ჩამოყალიბებამდე, პრელინგვალურ პერიოდში სმენის დაქვეითება. მშობლებს ხშირად მოსწონთ, ბავშვებს ენის მოჩლექით რომ ესაუბრებიან, რის შემდეგაც ზოგჯერ, ფონემატიკური ანალიზი აღარ ყალიბდება და ბავშვიც ეჩვევა ისეთი სტილის საუბარს, როგორიც ესმის. ასევე, მეტყველების პრობლემები შეიძლება დაკავშირებული იყოს სოციალურ გარემოსთან, ფსიქოლოგიურ სტრესთან, გაჯეტებისა და ციფრული ტექნოლოგიების ხშირ გამოყენებასთან, რაც მეტყველების შეფერხებას იწვევს. ბავშვის მეტყველების განვითარებაზე გენეტიკური ფაქტორიც საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუკი გენეტიკური განწყობა არსებობს და რომელიმე მშობელმა გვიან დაიწყო საუბარი, შესაძლობელია, მათი შვილის მეტყველების განვითარების შეფერხებაც სწორედ ამ ფაქტორით იყოს გამოწვეული. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სპეციალისტის ჩართულობა, შეფასება და სხვადასხვა მიზეზის გამორიცხვა აუცილებელი პირობაა.
- მეტყველების განვითარების სამი ეტაპი არსებობს. 2-დან 4 თვის ასაკში ბავშვი ღუღუნს იწყებს. 7 თვის ასაკისთვის ღუღუნი ინტონირებულ ფორმას იღებს და მარცვლებს ემსგავსება. ეს განვითარების პირველი ეტაპია. მეორე ეტაპი სენსორულია, როდესაც 7 თვის ასაკიდან 1 წლამდე ასაკში ბავშვი უკვე რამდენიმე წინადადებას აღიქვამს და ესმის, რაზე მივუთითებთ. მესამე ეტაპი კი მეტყველების მოტორული განვითარებაა. 1 წლის ბავშვი, დაახლოებით, 10-12 სიტყვას უნდა ფლობდეს. შესაძლოა, გამართულად ვერ ამბობდეს, მაგრამ ვხვდებოდეთ, რას ამბობს. 2 წლისთვის მას უკვე 30-40 სიტყვის მარაგი უნდა გააჩნდეს და 2-3-სიტყვიან წინადადებასაც ამბობდეს. ხოლო, 2,5-3 წლის ასაკისთვის 3-4-სიტყვიანი წინადადებების თქმა უნდა შეეძლოს. თუ 3 წლის ასაკისთვის ბავშვი არ მეტყველებს, ეს უკვე საგანგაშო ნიშანია და აუცილებელია, მშობელმა სპეციალისტს მიმართოს. მეტიც, როდესაც ბავშვი 3 წლის ასაკში არ ლაპარაკობს, ეს უკვე მეტყველების განვითარების შეფერხების მძიმე ფორმად ითვლება. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ნევროლოგთანაც გაიარონ კონსულტაცია და მეტყველების თერაპევტთანაც. შემდეგ შესაძლოა, ფსიქოლოგის ჩართულობაც გახდეს აუცილებელი.
- როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი ბავშვი 3 წლის ასაკისთვის არ მეტყველებს, მეტყველების ჩემ მიერ ჩამოთვლილი ეტაპები არ გაუვლია, ან კიდევ ძალიან დაგვიანებით გადის. ენის ბორძიკი შეინიშნება, ვერ გვაგებინებს, რა სურს და არც ჩვენს მითითებაზე რეაგირებს, აუცილებელია, ბავშვთა ნევროლოგსა და მეტყველების თერაპევტს მივმართოთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ლოგოპედი იგივე მეტყველების თერაპევტია და ესეც ხშირად ერევათ ხოლმე მშობლებს.
- კონკრეტული ასაკის მითითება საკმაოდ რთულია, რადგანაც თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ბევრ სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებს. მაგალითად, როდესაც ბგერების წარმოთქმაა დარღვეული, სამედიცინო ლიტერატურაში პირდაპირაა მითითებული, რომ 3 წლის ასაკში უკეთესად სწორდება, ვიდრე 4-ის. 4 წლის ასაკში უფრო უკეთ სწორდება, ვიდრე 5 წლის შემთხვევაში... ამიტომ, რაც უფრო ადრე მივაქცევთ პრობლემას ყურადღებას, მეტყველების დარღვევის გამოსწორების უფრო დიდი შანსია. გასათვალისწინებელია დარღვევის ტიპი, ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მზაობა და ასე შემდეგ. როგორც აღვნიშნე, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. თუმცა, ზედა ზღვარიც არსებობს. მაგალითად, როდესაც ლოგონევროზის შემთხვევებით 18 წელზე მეტი ასაკის ადამიანები მომმართავენ, მე მათ ვუხსნი, რომ ჩარევა საკმაოდ დაგვიანებულია, მაგრამ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურ მონაცემებზეა დამოკიდებული. ყველაზე ცუდ ვარიანტში, მეტყველების ტექნიკის იმ სტილს მაინც ვასწავლი, საჯაროდ საუბრისას როგორ მოიხსნას სპაზმი და როგორ გააგრძელოს ინტონირებული, სწორი საუბარი მოცემულ სიტუაციაში.
- ყველაზე გვიან "რ" ბგერა სწორდება. თუმცა, 4-5 წლის ასაკისთვის ესეც გასწორებული უნდა იყოს. ასე რომ, 5 წლის ასაკისთვის ბავშვი სრულად და გამართულად უნდა წარმოთქვამდეს როგორც ცალკეულ ბგერებს, ასევე სიტყვებს. თუმცა, ეს იმ შემთხვევაშია, თუკი მან დროულად დაიწყო საუბარი. თუ ადრეულ ასაკში მეტყველების შეფერხება იყო და ბავშვმა გვიან დაიწყო მეტყველება, ავტომატურად, განვითარების ეტაპებიც შედარებით გადაიწევს. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიც სპეციალისტთან - ნევროლოგთან, მეტყველების თერაპევტთან კონსულტაციის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია სწორად შეფასდეს.
- ლოგოპედიაში მეტყველების დარღვევის ძალიან ბევრი ფორმა არსებობს. მათ შორის, ყველაზე ხშირი ლოგონევროზი, ენაბორძიკი, ენაბლუობაა - ეს ერთი და იგივეა. როდესაც ლოგონევროზზე ვმუშაობთ და მის აღმოფხვრას ვცდილობთ, სრული კომპლექსური მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ფსიქოლოგი, მხოლოდ ლოგოპედი ან მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა კარგ შედეგს არ მოგვცემს. ლოგონევროზს, ყველა პათოლოგიისაგან განსხვავებით, რეციდივი ახასიათებს, თუ მას სწორად, კომპლექსურად, დღის რეჟიმის შედგენით, გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით არ ვუმკურნალეთ, სტრესისა და ძლიერი ემოციის ფონზე, ისეთი ფორმით შეიძლება განვითარდეს, რომ ბევრად უფრო რთული იყოს მისი გამოსწორება. ამიტომ, როგორც კი მშობელი შენიშნავს, რომ ბავშვი გამართულად ვერ ლაპარაკობს და ენაბორძიკი აღენიშნება, მაშინვე მიმართონ ნევროლოგსა და მეტყველების თერაპევტს. ენის ბორძიკზე დალოდება და ფიქრი, რომ თავისით გაივლის, არაფრით არ შეიძლება. თუნდაც რამდენიმე დღე იყოს გასული, ნუ დაელოდებით და სპეციალისტს მიმართეთ. თავად აღნიშნული დარღვევის საავტორო პროგრამა მაქვს და სპეციალური კომპლექსური მკურნალობა შევიმუშავე, რომელიც ლოგოთერაპიას, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტურ დანიშნულებას, ფსიქოთერაპიის ელემენტებს, ფიზიოთერაპიას აერთიანებს და ძალიან კარგ შედეგს ვიღებთ. განსაკუთრებით მინდა ვთხოვო მშობლებს, ლოგონევროზს უყურადღებოდ ნუ დატოვებენ. ეს არის ნევროზი არეკლილი მეტყველების ცენტრზე, რომელიც მეტყველებითი სპაზმის ფორმით ვლინდება და შესაძლოა, ადამიანის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუარესოს. პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 2%-ს მეტყველების ეს დარღვევა აღენიშნება.
- ყველაზე ხშირად მოზარდებში ლოგონევროზის პრობლემას ვხვდებით და ეს შეიძლება, ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული. ასევე, ხშირი პრობლემაა რომელიმე ბგერათა ჯგუფის დაგვიანებული განვითარება, არასწორად გამოთქმა, რასაც სპეციალისტის ჩარევა აუცილებლად სჭირდება.
- რა თქმა უნდა, აღნიშნულ ასაკში მეტყველებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია. ასეთ დროს ჯობს, კონსულტაცია მეტყველების თერაპევტთან გაიაროთ, რადგანაც მან უნდა განსაზღვროს, რა ფორმის დამახინჯებული მეტყველებაა. ის გასცემს რეკომენდაციას, რამდენად სჭირდება პაციენტს ნევროლოგის ან სტომატოლოგის დახმარება. აქვე ერთ საინტერესო პრაქტიკას გაგიზიარებთ. ძალიან ხშირად მყოლია ბავშვები მიღებაზე, რომლებიც ან დამახინჯებულად საუბრობენ, ან ლაპარაკს აგვიანებენ და ქირურგის, პედიატრის, ან ოჯახში, უფროსი თაობის წარმომადგენლის მოთხოვნით მას ენის ლაგამი ჩაუჭრეს. მინდა აღვნიშნო, რომ სტომატოლოგისა და ლოგოპედის გარდა არავის აქვს უფლება, ლაგამი ჩაჭრას. ლაგამი რაც არ უნდა მოკლე იყოს, თუკი ენის წვერი ზედა მაგარ სასას სწვდება და შიშინა ბგერათა ჯგუფის წარმოთქმა დარღვეული არ არის, მაშინ ეს მისი ფიზიოლოგიური აგებულებაა და სხვა მეტყველებით დარღვევებზე მისი მოკლე ფორმა პასუხს არ აგებს. ამიტომ, ნუ მიაყენებთ ბავშვებს ტრავმას. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია დეფექტოლოგ ლოგოპედთან და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. ლაგამის ღრმად ჩაჭრას შეიძლება სხვა უკურეაქცია მოჰყვეს და მეტყველების სერიოზული დარღვევა და დამახინჯება გამოიწვიოს.
- კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ლოგოპედი და მეტყველების თერაპევტი ერთი და იგივე პროფესიის წარმომადგენლები არიან. როდესაც მოზარდი სისინა და შიშინა ბგერებს მკაფიოდ ვერ წარმოთქვამს და ჯერ კიდევ უყურადღებოდაა, რა თქმა უნდა, ოჯახს ეკისრება პასუხისმგებლობა და მას ლოგოპედის დახმარება სჭირდება.
- ვფიქრობ, ეს ქართული ლინგვისტიკური და გრამატიკული წყობიდან გამომდინარე გამოწვეული პრობლემაა, რომელიც ძალიან მარტივად გამოსწორებადია, თუ ადამიანი სპეციალისტს მიმართავს და აღნიშნული ბგერის წარმოთქმის სწორ ტექნიკას ისწავლის. ზოგადად, ითვლება, რომ ყველაზე რთული გასასწორებელი "რ" ბგერაა და თუ პაციენტი ექიმთან მიმართვას დააგვიანებს, შესაძლოა, ის საერთოდ აღარ გასწორდეს. დღევანდელი თაობა გაჯეტებსა და ტექნოლოგიებზე განსაკუთრებითაა დამოკიდებული. კორონავირუსის პანდემიის დროს რომ "ლოკდაუნი" გამოცხადდა, სკოლები, ბაღები დაიხურა და ბავშვებიც განსაკუთრებით დიდ დროს გაჯეტებთან ატარებდნენ, ჩვენ, ექიმები, მუშაობას ვაგრძელებდით და მინდა გითხრათ, რომ ასეთი დიდი რაოდენობით არასდროს მყოლია პაციენტები, რომლებსაც მეტყველების განვითარების შეფერხება ჰქონდათ.
- მეტყველების პრობლემები ოჯახში ტოქსიკურ გარემოს, მუდმივ სტრესს, დაძაბულობას შეიძლება თავისუფლად დავუკავშიროთ. თუ ბავშვი ადრეულ ასაკში ფიქოლოგიურ სტრესს იღებს, ამან შესაძლოა, მეტყველების განვითარების შეფერხება გამოიწვიოს. ასევე, ეს ლოგონევროზის დაწყებასაც პირდაპირ უკავშირდება. თუ ბავშვს ისედაც ლაბილური ნერვული სისტემა აქვს, ამას ოჯახური უსიამოვნებები და დაძაბული გარემო ემატება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას უქმნის. როგორც აღვნიშნე, თუ ლოგონევროზს შესაბამისი მკურნალობა არ ჩაუტარდა, ის ადამიანს შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაჰყვეს.
- მშობელმა უნდა იცოდეს, თუკი მისი შვილი აგვიანებს ლაპარაკს, თუ ის ვერ წარმოთქვამს ბგერებს, აწუხებს ენის ბორძიკი, არ შეიძლება, დაელოდოს გარკვეულ ასაკს. დროულად მიმართეთ სპეციალისტს და ასეთ შემთხვევაში პრობლემა, რა თქმა უნდა, გამოსწორებადი და შედეგიანია. ავტომატიზირებული ვერბალური მეტყველების გადაკეთება მერე საკმაოდ რთულია. ამიტომაც, დროულად ჩატარებულ ღონისძიებებს სასურველ შედეგამდე მივყავართ.
თამარ იაკობაშვილი