რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ტყვიის დაგროვება ორგანიზმში, რას იწვევს და რა სიმპტომები აქვს ტყვიით მოწამვლას - მშობლები

რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ტყვიის დაგროვება ორგანიზმში, რას იწვევს და რა სიმპტომები აქვს ტყვიით მოწამვლას

2023-04-07 14:54:23+04:00

გონებაგაფანტულობა, ქცევითი დარღვევები, სწავლის უნარ-ჩვევების დაქვეითება, ძვლებისა და კუნთების ზრდის შეფერხება - ამ და სხვა პრობლემებს ორგანიზმში ტყვიის დაგროვება იწვევს. ბოლო წლებში ტყვიის მაღალი შემცველობა ყოველდღიური მოხმარების ნივთებში, სამკაულებში, პარფიუმერულ ნაწარმსა და სათამაშოებშიც აღმოჩნდა. ამის შესახებ გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიასთან ერთად ისაუბრეს. ზაზა თელია უფრო ზუსტად განმარტავს, რა გავლენას ახდენს ტყვია ადამიანის ჯანმრთელობაზე და საიდან ხვდება ის ჩვენს ორგანიზმში:

- ტყვია საშიშია იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმში მისი დაგროვება თვეების ან წლების განმავლობაში ხდება. ზუსტად ამან შეიძლება შექმნას პრობლემები. თუმცა, ხშირად ტყვიით მოწამვლის შესახებ ვერ იგებენ და შესაძლოა, სხვა, არასწორი დიაგნოზი დაისვას. მათ შორის, ბავშვებშიც. ტყვიით მოწამვლის შემთხვევაში ჩვილებსა და ბავშვებში შეიძლება ისეთი სერიოზული ნიშნები შეგვხვდეს, როგორებიცაა:

  • სწავლის, ქცევის დარღვევები
  • სმენისა და მეტყველების დარღვევები
  • რაც ყველაზე სერიოზულია, ზრდისა და განვითარების პრობლემები. თუმცა, შეიძლება ეს პრობლემები სხვა დარღვევებსაც "დაბრალდეს" და საყურადღებოა. მაგალითად, აღნიშნული სიმპტომები აუტიზმის ნიშნებს ძალიან ჰგავს.

მოზრდილ ადამიანებში ტყვიით მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • აღგზნებადობა
  • დეპრესია
  • მეხსიერების დარღვევები
  • მაღალი არტერიული წნევა
  • გულის დაავადებები და სიკვდილიც კი.

საღებავში ყველაზე ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ტყვია. მეტიც, 1978 წლამდე აშენებულ და გარემონტებულ სახლებში ტყვია ყველაზე ხშირად გვხვდება. მას შემდეგ, ნელ-ნელა შემცირდა, თუმცა მაინც ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ საღებავი ტყვიას არ შეიცავს. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, სად ვიყიდოთ და დავაკვირდეთ, ტყვიის შემცველობა მასში რეკომენდებულზე დაბალი არის თუ, არა. საღებავის მტვერი და ნაფოტები ტყვიის შემცველობის ყველაზე ხშირი საფრთხეა.

ასევე, შეიძლება ნიადაგიც დაბინძურებული იყოს. ყველაზე ხშირად კი ქარხნების, აეროპორტებისა და გზატკეცილების მიმდებარე ტერიტორიებზე გვხვდება. თუ აღნიშნულ ტერიტორიებთან ადამიანები ახლოს ცხოვრობენ და ბავშვები ეზოში ქვიშაში, ნიადაგში თამაშობენ, ესეც შეიძლება ტყვიის ერთ-ერთი წყარო იყოს.

მოგეხსენებათ, ძველ სახლებში ხშირადაა რკინის მილები. რკინის მილები შეიძლება ტყვიის ერთ-ერთი წყარო იყოს. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდაციაა, რომ წყლის ონკანისთვის სპეციალური ფილტრი გამოვიყენოთ, რომელიც ტყვიას ფილტრავს.

გარდა ამისა, ტყვია ხშირადაა სამკაულებსა და ტკბილეულში. სადაც აღნიშნულ პროდუქციას ვყიდულობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ სანდო მაღაზიაა და შესაბამისი სერტიფიკატი აქვს.

თუ ჩვენ ძველ აშენებულ სახლში ვცხოვრობთ, რეკომენდაციაა, რომ სპეციალური აპარატის საშუალებით ტყვიის შემცველობა შევამოწმოთ. თუ ადამიანის ტყვიით მოწამვლა დადასტურდა, ან მის ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობაა, ასეთ შემთხვევაში მედიკამეტოზური მკურნალობა ინიშნება. ან კიდევ ისეთი დანამატების გამოყენების რეკომენდაცია გაიცემა, როგორებიცაა D ვიტამინი, კალციუმი და ასე შემდეგ. ორგანიზმში ტყვიის დაგროვება თვეების, ან წლების განმავლობაში ხდება. ერთჯერადი შემხებლობა მინიმალურ რისკებთანაა დაკავშირებული და როგორც წესი, პრობლემებს არ ქმნის.