ქართველ მოსწავლეებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის პრობლემა დაფიქსირდა. სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ბავშვთა ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით, საქართველოს 5 დიდი ქალაქის 211 საჯარო სკოლაში მასშტაბური კვლევა ჩატარდა. სკრინინგული კითხვარის შევსების შედეგად ბავშვებში ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობა შეისწავლეს, კვლევაში 16 654 მე-3 კლასელი მონაწილეობდა, რომელთაგან 12%-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის აშლილობა აღმოაჩნდა. შემთხვევათა უმრავლესობაში მშობელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. თემაზე სიუჟეტი "კვირის მოამბის" ჟურნალისტმა მოამზადა.
ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე მაია გაბუნია კვლევის შედეგად გამოვლენილ ყველაზე ხშირ პრობლემებზე საუბრობს:
"ყველაზე ხშირი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი აღმოჩნდა. შემდეგი აუტიზმი იყო და არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ასაკობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ. მაშინ, როცა მოზარდობის ასაკი ჯერ არ დამდგარა, როგორც წესი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ნაკლებია ხოლმე, ვიდრე მოზარდობაში. მაგრამ, ახლა მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ასევე, გამოხატულია ენისა და მეტყველების განვითარების პრობლემები, შფოთვითი აშლილობები, დასწავლის პრობლემები, ქცევითი დარღვევა." - ამბობს ნევროლოგი.
მაია გაბუნია აღნიშნავს, რომ ზრდასრულების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების 50% 14 წლამდე ასაკში იწყება, 75% კი 24 წლამდე ასაკში. გამომწვევი ფაქტორების დიაპაზონი კი საკმაოდ ვრცელია.
"ბავშვს ყველაფერი ესმის და ყველაფერს ხედავს და ბევრად უფრო მკვეთრად აღიქვამს მოვლენებს, ვიდრე უფროსები. ჩვენ შეგვიძლია, რაღაცები ისე გავატაროთ, რომ არ შევიმჩნიოთ, ბავშვებს კი ეს არ შეუძლიათ. ამიტომ, გასათვალისწინებელია გარემოში არსებული ყველა სტრესი, არახელსაყრელი სიტუაცია, მათ შორის, ტრანსპორტი, ტელევიზორი, რომელსაც ჩავრთავთ და ყველა საინფორმაციო გამოშვება, როგორც წესი, არასასიამოვნო ამბებით იწყება. ეს ყველაფერი ბავშვებს ესმით და ამდენი უარყოფითი ინფორმაციის ნაკადთან გამკლავება უწევთ. უცხოური სტატისტიკის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები 50%-ით გაიზარდა." - აღნიშნავს მაია გაბუნია.
რა გახდა ბავშვებში ფსიქიკური პრობლემების გახშირების მიზეზი, ამ კითხვის პასუხს სპეციალისტები სხვადასხვა ასპექტით ხსნიან: სოციალური გარემო, ოჯახსა თუ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მოზარდებში თვითდამკვიდრების პროცესი და ამის პარალელურად, ბულინგის ხშირი ფაქტები. სოციალურ ქსელებში არსებული აგრესიული რიტორიკა, გაჯეტებთან უვადო დროის გატარება, რაც სარგებელთან ერთად, დამოკიდებულებას იწვევს, დაგროვილი ნეგატიური განცდები კი სხვადასხვა ფორმით ვლინდება.