ეს ამბავი მე-19 საუკუნის დასასრულს, სერბეთში მოხდა. მაშინ ანბანსა და დამწერლობას თავისუფლად მოსახლეობის მხოლოდ 30% ფლობდა და ქვეყნის შიგნითაც არეულობა იყო. მედიცინაში უამრავი ხარვეზი არსებობდა და არც მედიკამენტები იყო ეფექტური. სწორედ ამ ეპოქაში ცხოვრობდა ქალი, სახელად ანა, რომელიც ადამიანების დასახმარებლად სხვადასხვა გზას მიმართავდა და პოპულარული იყო. მას ბაბა ანუიკადაც მოიხსენიებდნენ. მცირე დასახლებაში სამედიცინო დახმარება რომ მიეღოთ, ის ერთადერთი ხსნა იყო და საკმაოდ დიდი ნდობითაც სარგებლობდა. თუმცა, მოგვიანებით მან ეს ნდობა სულ სხვა მიზნებისთვის გამოიყენა...
ანა დი პიშტონია რუმინეთში, 1838 წელს, მდიდარი მეწარმის ოჯახში დაიბადა და იმ დროისთვის შესანიშნავი განათლებაც მიიღო. კარგად იცოდა ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა და უცხოური ენები. გოგონა ოცნებობდა, რომ კარგი განათლებისა და წარმოსადეგი ოჯახის წყალობით, მდიდარ ბიჭზე დაქორწინდებოდა და რუმინეთში მშვიდად იცხოვრებდა, თუმცა ბედი მას სულ სხვა გზას ჰპირდებოდა.
1849 წელს მისი ოჯახი იძულებული გახდა, რუმინეთი დაეტოვებინა და ახლანდელი სერბეთისა და რუმინეთის საზღვარზე დასახლდნენ. იქ უამრავი ახალგაზრდა ოფიცერი იყო და გამოუცდელ ანასაც ერთ-ერთი მათგანი შეუყვარდა. ბიჭმა მასთან ურთიერთობა დაიწყო, თუმცა მოულოდნელად მიატოვა და უთხრა, რომ ჯარში, საბრძოლველად მიჰყავდათ. მალევე გაირკვა, რომ ბიჭმა, რომელიც შეუყვარდა, სიფილისით დააინფიცირა. ეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომლის მკურნალობასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდა და მტკივნეული პროცესიც იყო. ახალგაზრდა ქალისთვის იმედგაცრუება, მიტოვების შეგრძნება, წყენა და ბრაზი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ადამიანები, მით უფრო მამაკაცები, საერთოდ შესძულდა...
ცოტა ხანში ანა 20 წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინდა და მრავალი წელი, მასთან ერთად იცხოვრა. თუმცა, მისი მეუღლე მოულოდნელად, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ქალმა ხალხურ მედიცინას მიმართა და სხვადასხვა ბალახით სამკურნალო პრეპარატებს ამზადებდა. ისევ სამხედრო საზღვართან ცხოვრობდა და ყველაზე ხშირად მისი წამლების კლიენტები სწორედ ოფიცრები იყვნენ.
ანამ მოიგონა ისეთი ჩაი, რომელსაც ის ოფიცრები ყიდულობდნენ, რომლებსაც ჯარში მსახურობისაგან თავდახსნა სურდათ. ჩაის მეშვეობით შეუძლოდ ხდებოდნენ, კომისიის გავლისას ადასტურებდნენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვალეობის შესრულება არ შეეძლოთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი თავს მშვენივრად გრძნობდნენ. მისმა ჩაიმ სწრაფად გაითქვა სახელი და ოფიცრები მას ნამდვილ ხსნას უწოდებდნენ.
თუმცა, გაჟონა იმ ამბავმაც, რომ ზოგიერთი ოფიცერი ისე დაავადდა, დამბლა დაემართა და დაინვალიდდა.
ქალს ანტირეკლამა არ აწყობდა, რადგანაც გეგმავდა, რომ ეს მნიშვნელოვან ბიზნესად უნდა ექცია. ამიტომაც, შექმნა მითი "ჯადოსნური წყლის" შესახებ, რომელიც სხვადასხვა დაავადებისაგან სასწაულებრივად აჯანმრთელებდა ადამიანებს და თითქოს მისი რეცეპტი ქალმა მემკვიდრეობით ბებიისაგან მიიღო, რომელმაც სული ეშმაკს მიჰყიდა.
ანას უამრავი ქალი მიაწყდა, რომლებსაც სურდათ, პირადი ბედნიერება ეპოვათ. ვიღაცას ქმრის ოჯახში დაბრუნება უნდოდა, ვიღაც კარგ ახალგაზრდაზე დაქორწინებაზე ოცნებობდა, ზოგიერთს მშვიდი ცხოვრება სურდა - მოკლედ, მასთან მიდიოდნენ ადამიანები და ფიქრობდნენ, რომ მისი "ჯადოსნური წყალი" ყველა პრობლემას მოაგვარებდა.
მალე რაიონში 150 მამაკაცი დაიღუპა. ქალები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ "ჯადოსნური წყლის" სახელით შხამს ყიდულობდნენ. ანაზე ეჭვი არავის მიუტანია, თუმცა გარკვეული ამბები დროთა განმავლობაში დაგროვდა. ერთ-ერთმა ქალმა მისი "ჯადოსნური წყალი" ორჯერ გამოიყენა. ერთხელ თავის საძულველ ქმარს ჩაუსხა ჭიქაში და მოკლა. მეორედ კი ახალი საქმროს ბიძას დაალევინა, რომ მემკვიდრეობა მათ დარჩენოდათ.
ქალმა ამის შესახებ თავის ნათესავსაც უთხრა, რომელსაც ასევე ალკოჰოლდამოკიდებული ქმარი ჰყავდა და მასთან ცხოვრება აღარ სურდა. ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახმა გამოძიება დაიწყო და დადგინდა, რომ მამაკაცი შხამით იყო მოწამლული. მალე ანამდეც მივიდნენ და მიხვდნენ, რომ სწორედ ის ამზადებდა მომაკვდინებელ ნივთიერებებს...
პოლიციამ ბალახეულის ლაბორატორია გაჩხრიკა, სადაც დარიშხანი და მცენარეული შხამები აღმოაჩინეს. ანა ამზადებდა ისეთ საშუალებას, რომელიც ნელ და მტანჯველ სიკვდილს იწვევდა და ამიტომაც დიდი ხნის განმავლობაში მასზე ვერავინ მიიტანა ეჭვი. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მათი ახლობლები ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდნენ. გამოძიების შედეგად გარდაცვლილების გვამებსაც ჩაუტარეს გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ისინიც მოწამლულები იყვნენ.
სასამართლო პროცესი 1928 წელს დაიწყო. 90 წლის ქალს 150 ადამიანის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი. აღმოჩნდა, რომ იგი ადამიანებს სრულიად გააზრებულად, პირდაპირ კლავდა. მაგალითად, ერთ საღამოს მისი ქოხის წინ ახალდაქორწინებულმა წყვილმა გაიარა. ქალი კიბეზე იჯდა, ახალგაზრდებს კი ლიმონათი შესთავაზა. წყვილი 7 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ისინი მხოლოდ 18 წლისანი იყვნენ...
ანა დი პიშტონიამ ციხეში 8 წელი გაატარა. შემდეგ გაათავისუფლეს და 100 წლამდე საკუთარ სახლში იცხოვრა. ლეგენდის თანახმად, იგი საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.