ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, ბოლო პერიოდია, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და განხილვადი სელებრითია საქართველოში, რადგან უდიდეს წარმატებას მიაღწია და "ამერიკის ვარსკვლავის" ცნობილ შოუში მოხვდა. უკვე რამდენიმე ეტაპი გაიარა და საუკეთესო 24 მონაწილეს შორისაც დაასახელეს. პირველს ეს დედას ახარა, მისთვის ყველაზე ძვირფას და საყვარელ ადამიანს, რომელზეც ხშირად ამბობს, რომ სწორედ ის არის მისთვის ყველაზე მისაბაძი.
ნუცას მშობლები ერთმანეთს ნუცას დაბადებიდან მალევე დაშორდნენ და ნუცა ძირითადად დედამ გაზარდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ნუცას დედა ნინო კანკავა ამბობს: „შვილი მამაჩემმა გამაზრდევინა დიდი სითბოთი, ყურადღებით და მზრუნველობით. ნუცა ყოველთვის განიცდიდა, რომ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, დედიკო, თუ შენ გათხოვდები, მე შენთან აღარ დავწვებიო“.
ნუცა ლელა წურწუმიას შოუში სტუმრად მყოფიც ამბობს, რომ დედასთან 16 წლამდე იწვა და ძალიან იყო მასზე მიჯაჭვული. ახლა, რაც გაიზარდა, სურს ყველა ის ამაგი და გაწეული შრომა დაუფასოს და დედამ მისით ძალიან იამაყოს.
„დედაჩემის მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი ადამიანია. ბავშვობიდან სულ მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა მისთვის... ყოველთვის ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემით ძალიან ეამაყა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე ხდება... არასდროს ეგონა, რომ ქუჩაში გააჩერებდნენ, თქვენი შვილი გვიყვარს. ყველგან სადაც შედის, ეფერებიან და ამაზე ნამდვილად ოცნებობდა. მიხარია, რომ ეს შევძელი.
სულ სხვა მომენტია, როდესაც მამასთან ერთად არ იზრდები. დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს არ მინახავს. მთელი თავისი ცხოვრება მე მომიძღვნა, შეყვარებულიც არ ჰყოლია, რომ მე არ მეგრძნო თავი ცუდად... ძალიან მიჯაჭვული ვიყავი დედაჩემთან, ეგოისტურად... ამ ადამიანმა ძალიან დიდ სიყვარულში გამზარდა და ახლა ვიყენებ ამ დიდ სიყვარულს, ყველა ადამიანთან შემიძლია და მინდა, რომ ეს სიყვარული გავცე”, – ამბობს ნუცა.