მას მერე, რაც ნუცა ბუზალაძე "ამერიკულ ვარსკვლავში" გამოჩნდა, ქართველი მაყურებლისთვის აქტუალური გახდა ეს შოუ და მისი ჟიურის წევრებიც, რომელთაგან ორი განსაკუთრებულად ცნობილია - მომღერლები ლაიონელ რიჩი და კეტი პერი. ამჯერად კეტი პერის ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, რომელიც გულითადად ჩაეხუტა ნუცას ერთ-ერთი ემოციური ტურის შემდეგ და მის ყველა გამოსვლას აღტაცებული აკვირდება.
კეტი პერი რა ხანია, აღიარებული ვარსკვლავია. ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და კეთილი ნების ელჩი, მხიარული და ეპატაჟური გოგონა გაკვირვებული ცისფერი თვალებით, წლებია, ხიბლავს მსმენელს და მაყურებელს და უამრავი ჯილდო აქვს მიღებული თავის სფეროში.
კეტი ელიზაბეთ ჰადსონი 1984 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა ამერიკაში, სანტა-ბარბარაში. მისი დედ-მამა ევანგელისტურ ეკლესიაში მსახურობდნენ, პასტორები იყვნენ. კეტის გარდა ოჯახში კიდევ ორი ბავშვი იზრდებოდა. თავის დროზე მისი მშობლები, მარიუს და მერი ჰადსონები, საკმაოდ მგზნებარე ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მერი ჯიმი ჰენდრიკსსაც კი ხვდებოდა ახალგაზრდობაში. თუმცა ქორწინების შემდეგ ორივე "დამშვიდდა" და რელიგიაზე გადაერთნენ. ისეთი ღრმად მორწმუნენი გახდნენ, რომ შვილებს უმკაცრესაც ზრდიდნენ და აიძულებდნენ, ყველა მათი წესი თუ აკრძალვა გაეზიარებინათ. თავდაპირველად ბევრს მოგზაურობდნენ - ახალ-ახალ ქალაქებში აწყობდნენ სამლოცველოებს, ბოლოს კი სანტა-ბარბარაში დაბანაკდნენ.
კეტი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ოჯახს ხშირად ჰქონდა ფინანსური პრობლემები. იყო მომენტები, როცა შემწეობითაც სარგებლობდნენ, ხანდახან კი მშობლები ბავშვებს მრევლის შემოწირულობით კვებავდნენ. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, რელიგიურ ჩარჩოებშიც აქცევდნენ. ხანდახან, აბსურდამდე მიდიოდა მათი აკრძალვები. მაგალითად, Lucky Charms-ის ფირმის კანფეტებსა და ზეფირებს უკრძალავდნენ, რადგან ამ სახელწოდების ხმამაღლა წარმოთქმა თურმე წააგავდა სიტყვას Lucifer (ლუციფერი). ყოველ შემთხვევაში, ასე ეჩვენებოდა მერის და ბავშვებიც არ აპროტესტებდნენ.
კეტი ქრისტიანულ სკოლაში დადიოდა, ყოველ ზაფხულს დადიოდა საზაფხულო ბანაკში, უქმეებზე კი საეკლესიო გუნდში მღეროდა. თუმცა გულის სიღრმეში ძალიან მოსწონდა სახლში აკრძალული "ნირვანას" შემოქმედება, "ქუინის", ალანის მორისეტისა და ჯონ მიტჩელის სიმღერები. საყვარელი შემსრულებლების დისკებს გოგონა საიდუმლოდ უსმენდა მეგობრებთან სტუმრად ყოფნისას.
საკუთარი სახლის კედლებს გარეთ ნამდვილი ონავარი იყო - ცელქ ბავშვებთან მეგობრობდა, სკეიტბორდით დაგორავდა, გორგოლაჭებით და სერფინგზე დგომაც იცოდა. ოჯახში თეთრი ყვავივით გამოირჩეოდა. "ახლა ცოტ-ცოტა მიეჩვივნენ ჩემს შავ იუმორს, მუდმივ სარკაზმს ნებისმიერ თემაზე. მე ვფიქრობ, სრულფასოვანი მხოლოდ მაშინ გავხდი, როცა მშობლიური სახლი დავტოვე. მე არ ვიცოდი, რომ არსებობდა სხვა სამყარო მთელი ამ საეკლესიო სამყაროს მიღმა - ეს ძალიან ჰგავდა ელისის ჩავარდნას კურდლის სოროში", - ამბობს კეტი.
მუსიკის ინტერესი კეტის უფროსი დის დამსახურებით გაუჩნდა. ის უსმენდა თურმე საეკლესიო მუსიკალურ კასეტებს და თან მღეროდა. 13 წლის იუბილეზე კი კეტის მშობლებმა გიტარა აჩუქეს და პირველი სიმღერაც მალევე დაწერა. უკვე 15 წლისამ გააცნობიერა, რომ სურდა, ცხოვრება მუსიკისთვის დაეკავშირებინა. უფროს კლასებში Dos Pueblos-ის სკოლაში ჩააბარა, მუსიკალური პროფილით. მერე მოკლე კურსი გაიარა აკადემიური ვოკალის და ამასობაში მისი სიმღერა საეკლესიო გუნდში როკმუსიკოსებმა - სტივ ტომასმა და ჯენიფერ კნეპმა მოისმინეს, რომელთაც კეტიში დიდი პოტენციალი დაინახეს. სწორედ მათ შეიფარეს გოგონა, მიიწვიეს თავიანთ ხმის ჩამწერ სტუდიაში და პირველი დემო ვერსიებიც ჩაწერეს. ისინივე დაეხმარნენ, უკეთ აეთვისებინა გიტარა და დაეწყო კარგი სიმღერების წერა. 2001 წელს კი კეტის სადებიუტო ალბომიც გამოვიდა, ქრისტიანული პოპის ჟანრში.
პირველი წარმატების შემდეგ, 17 წლის კეტი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა. მალე ფსევდონიმიც აიღო ქალიშვილობის გვარის ნაცვლად და კეტი პერი გახდა. სულ ცოტა ხანში, ნამდვილი აღიარებაც მოვიდა, სუპერვარსკვლავობაც, ჩარტების ლიდერობა, მილიონობით გაყიდული ალბომი, მაღალი ჰონორარები და კეტიმ უკან მოიტოვა გაჭირვებული ბავშვობა.
პირადი ცხოვრება, მისი ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, არ აქვს დიდად სკანდალური და მრავალფეროვანი. 2009 წელს ხვდებოდა ბრიტანელ კომიკოს რასელ ბრენდს, რომელსაც 2010 წელს ინდოეთში გაჰყვა ცოლად, თუმცა ერთ წელიწადში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მცირე ხანს ხვდებოდა მუსიკოს ჯონ მაიერს, 2016 წელს კი ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი გაიცნო და მალევე გაუმიჯნურდა. შემდეგ ხშირად ვრცელდებოდა ცნობები მათი დაშორების შესახებ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ 2019 წელს წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა, 2020 წელს კი კეტიმ ქალიშვილი დეიზი დავ ბლუმი გააჩინა.
კეტი დედობით ტკბება და საკუთარი პირადი ცხოვრების აფიშირებისგან თავს იკავებს. მუსიკაც არ დავიწყებია და ბავშვის გაჩენიდან ოთხ თვეში გამოუშვა ალბომი Cosmic Enegry, ასევე არის "ამერიკული ვარსკვლავის" ჟიურიში და ქველმოქმედებითაც აქტიურადაა დაკავებული.