5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წიგნების ზღვა არჩევანია, მაგრამ ისეთი წიგნის შერჩევა, რომელიც ბავშვს გართობის გარდა, სასარგებლო და საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმარება, არც ისე მარტივია. კითხვის წყალობით, ბავშვის ლექსიკა მუდმივად იზრდება, უმჯობესდება სასაუბრო მეტყველება, აზრებისა და გრძნობების გამოხატვის უნარი. წიგნის გმირების თავგადასავლებზე, ბავშვი სწავლობს თანაგრძნობას, მოქმედების მოტივების გაგებას და რეაქციის გამოცნობას. გარდა ამისა, მშობლის და ბავშვის ერთობლივი კითხვა აახლოებს პატარას მშობელთან და აჩენს უამრავ თემას კომუნიკაციისთვის.
ბავშვის კითხვის სიყვარულის შესანარჩუნებლად, ძალიან მნიშვნელოვანია წიგნების შერჩევა ასაკის მიხედვით. ამიტომ, თუკი თქვენი პატარასთვის საჩუქარს ეძებთ, წიგნი საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენს ყურადღებას საუკეთესო საბავშვო წიგნების არჩევანით მივიქცევთ, რომლებიც იდეალურია 5 წლამდე წასაკითხად.
„ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა“ ინგლისელი კომიკოსის, ნოველისტისა და ტელწამყვანის, დევიდ ბედიელის ბესტსელერია, რომელმზეც მსოფლიოს წამყვან გამოცემებში ყველაზე პოზიტიური გამოხმაურებები გამოქვეყნდა. წიგნში მოთხრობილია პატარა ბიჭის ისტორია, რომელიც ყველაფერს მამის მიერ შედგენილი დღის განრიგის მიხედვით აკეთებს. სია და პუნქტები მასთითოეულ მოქმედებას კარნახობს. ოჯახი ფიქრობს, რომ ასე ყველაფერი გაცილებით მარტივია. თუმცა ერთ დღეს მათ ცხოვრებაში მოხუცი ძიძა სტოუკი გამოჩნდება და ყველაფერი იცვლება. თუ გსურთ, თქვენს პატარას კითხვა შეაყვაროთ და ამავდროულად, ასწავლოთ, როგორ აკეთოს საქმე ისე, რომ თან ბედნიერი იყოს, მაშინ მას აუცილებლად უნდა წაუკითხოთ ეს წიგნი.
ამ მხიარულ და, იმავდროულად, სევდიან წიგნში მოთხრობილია 11 წლის ლონდონელი ბიჭის თავგადასავალი. ბებიასთან, რომელიც რატომღაც მოსაწყენ ადამიანად ეჩვენებოდა, ერთი საოცარი ამბის წყალობით დამეგობრებამ ბენს სულ სხვა სამყარო გადაუშალა თვალწინ და ასწავლა, რომ ჩვენი მოხუცი ბებიები ან ბაბუები სულაც არ არიან მოსაწყენი ადამიანები, რომ მათთან ბევრი რამის სწავლაც შეიძლება და დროის მხიარულად გატარებაც... და კიდევ, ბენი იმასაც მიხვდა, რომ სანამ დავკარგავთ ჩვენს ბებია-ბაბუებს, მათ სიყვარული და პატივისცემა არ უნდა მოვაკლოთ. დევიდ უოლიამსი ცნობილი ბრიტანელი მხატვარი, კომიკოსი და მწერალია. მისი საბავშვო წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი და მათ შორის ერთ-ერთი, ბავშვებისთვის საყვარელ წიგნი „ბანდიტი ბებია“ ქართულ ენაზეცაა გამოცემული.
სემ გრინს ყოველდღე დაბადების დღე აქვს. ნამდვილ დაბადების დღეზე ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი დაინახა და ჩაიფიქრა, დაბადების დღე ყოველდღე მქონდესო. და აუხდა! მას მერე დაიწყო და რა დაიწყო! წარმოიდგინეთ, ყოველდღე წერთ საჩუქრების სიას და, რასაც მოისურვებთ, ყველაფერს გჩუქნიან.
ყოველ დილით მშობლების მორთმეული საყვარელი საუზმე გხვდებათ სასთუმალთან, საჩუქრები საჩუქრებზე მოაქვთ და სადღესასწაულო ჟრიამულიც არასდროს მთავრდება! ნუთუ არ მოგბეზრდებოდათ? სემს მობეზრდა, ხასიათიც შეეცვალა - თავაზიანი ყმაწვილიდან უკმეხ, ეგოისტ და ჭირვეულ ბიჭად იქცა. ახლა როგორმე უნდა დაიბრუნოს ძველი ცხოვრება და, რაც მთავარია, დაიბრუნოს მოხუცი ბაბუა, რომელიც რამდენიმე დღეა დაიკარგა და უფროსები ვერსად პოულობენ. იქნებ ეს ამბავიც სემის მაგიურ ყოველდღიურ დაბადების დღეს უკავშირდება? დევის ბედიელის „დაბადების დღის ბიჭი“ ძალიან სახალისოა და ის აუცილებლად მოეწონებათ პატარებს.
დევიდ უოლიამსის საბავშვო წიგნი „შუაღამის ბანდა“ სავსეა დასამახსოვრებელი პერსონაჟებით. სიუჟეტი მიჰყვება ტომს, ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული კრიკეტის ავარიის შემდეგ. რა დაჯგუფება გგონიათ შუაღამის ბანდა? ფიქრობთ, ეს ბოროტმოქმედთა გაერთიანებაა? ასე არ არის. გაინტერესებთ? გაიცანით „ლორდი ფანტის სახელობის საავადმყოფოს“ პაციენტები, რომლებიც ორმოცდამეოთხე სართულზე, საბავშვო პალატაში წვანან! ესენი არიან: ტომი,12 წლის - კრიკეტის ბურთი მოხვდა და თავი სტკივა; ემბერი, 12 წლის - ორივე ხელი და ორივე ფეხი მოიტეხა; მათი თანატოლი რობინი - თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ჯერ ვერაფერს ხედავს; ჯორჯი,11 წლის - გლანდები ამოჭრეს; სალი, 10 წლის - ძალიან ავადაა და უმეტეს დროს ძილში ატარებს...
„გრიმვუდი“ ნადია შირინის სათავგადასავლო ჟანრის წიგნია, რომელიც ძალიან უყვართ პატარებს. დატოვა ქალაქის ყველაზე მრისხანე კატა - ნენსიმ ტედს ხელი ჩაჰკიდა და ქალაქიდან წაიყვანა. და-ძმამ საიმედო თავშესაფრად გრიმვუდი აირჩია, თუმცა აქ ქურდბაცაცა არწივი და ბასრკლანჭიანი ბუ ხვდებათ - ხიფათი და განსაცდელი არ მთავრდება...
აჩუქეთ ბავშვს დავიწყარი ემოციები, წიგნი ხომ საუკეთესო საჩუქარია!
შეგახსენებთ, 23 აპრილს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში წიგნის ჩუქების დღე აღინიშნება, ეროვნული ბიბლიოთეკის, „ანაგრამასა“ და „ბიბლუსის“ ინიციატივით კი საქართველოში აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა და შესაბამისი ღონისძიებებიც დაიგეგმა. აღნიშნული აქტივობები მიმართულია წიგნის პოპულარიზაციისა და ცოდნის გაზიარებისკენ.
#აჩუქეწიგნი