ერთხელ ჯეკ ნიკოლსონმა თქვა, რომ 2 ათას ქალთან ჰქონდა რომანი. თუმცა ერთადერთხელ დაქორწინდა და ისიც - ახალგაზრდობაში...
დღეს მის ქალებზე და რომანებზე ნაკლებად საუბრობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღელვებს უფრო საზოგადოებას. და თუ მისი კოლეგა ბრიუს უილისი, მსგავსი დიაგნოზით, სულ თვალწინ ჰყავს მაყურებელს, გებულობს სიახლეებს მასზე, ადევნებს თვალს მის ოჯახურ დაბადების დღეს, მის ყოველდღიურობას - გარემოცულს ყოფილი და ახლანდელი ცოლებით და შვილებით, ჯეკ ნიკოლსონი პირიქით, სრულიად ჩაიკეტა საზოგადოებისგან და მასზე ფაქტობრივად არაფერი ვიცით. დიახ, ჰოლივუდში კიდევ ერთი დრამა ვითარდება, ბრიუს უილისის ავადმყოფობის პარალელურად. დემენციით იტანჯება ჯეკ ნიკოლსონი და ექიმების პროგნოზები საკმაოდ არაკეთილსაიმედოა, თან იმ ფონზე, რომ ნიკოლსონი ფაქტობრივად განდეგილად იქცა და ახლო ადამიანების ნახვაზეც კი უარს ამბობს.
კარიერა ჯერ კიდევ ათი წლის წინ დაასრულა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობის სტატუსით. ის რეკორდსმენია ოსკაროსნებს შორის - 12 ნომინაცია და სამი "ოსკარია" მის ბიოგრაფიაში. თავად მიაჩნდა, რომ ეს შედეგები უბრალო გამართლებაა და არა მისი დამსახურება. ხშირად განგებაც კი უთქვამს უარი ისეთ როლზე, რომელიც დიდი წარმატების გარანტი იყო, რადგან ყოველთვის ერჩივნა, ახალი და საინტერესო გამოწვევა მიეღო და არა - მორიგი ჯილდო და აღიარება. მაგალითად, შეეძლო ეთამაშა მაიკლ კორლეონე "ნათლიაში", თუმცა ამის ნაცვლად დათანხმდა როლზე ვესტერნში და ეს არჩევანი არასდროს უნანია. მსახიობის თქმით, არასოდეს დაუგეგმავს ჰოლივუდის დაპყრობა - უბრალოდ, ერთხელაც მიეცა შანსი, ეთამაშა კინოში და ამ შანსით ისარგებლა. აქამდე ყოველთვის ფიქრობდა, რომ ცხოვრებას სპორტს დაუკავშირებდა, ახალგაზრდობაში კალათბურთითა და ამერიკული ფეხბურთით იყო დაკავებული და შემდგომში რეჟისორებს არაერთხელ გამოუყენებიათ მისი შესანიშნავი ფიზიკური ფორმა. ქალებიც არ იყვნენ გულგრილნი მის მიმართ. არადა, არასდროს ყოფილა ყველაზე სექსუალური მამაკაცების სიებში. სამაგიეროდ, სულ ლიდერობდა "ულამაზო, მაგრამ ქარიზმატული ლოველასების" სიას.
ჯეკი მართლაც არასდროს ყოფილა წყნარი და ჩუმი. 2013 წელს გამოვიდა მისი ბიოგრაფია, რომელშიც ცალკე თავი მიეძღვნა მის გატაცებას ქალებით და... აკრძალული პრეპარატებით. აღმოჩნდა, რომ ნიკოლსონი ათწლეული ვერ აღწევდა თავს დამოკიდებულებას და კოლეგები "ქრონიკულ ნარკომანსაც" კი ეძახდნენ. თავად ამბობდა, რომ სპორტის სიყვარული სკოლაშივე გაუქრა და მის ნაცვლად ლუდის სიყვარული გაჩნდა. როგორც ჩანს, ლუდს შემდეგ სხვა შემცვლელები გამოუჩნდნენ... რეჟისორებს აშინებდათ ნიკოლსონის არასერიოზული დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. მას თითქოს არ აღელვებდა არც რეპუტაციის გაფუჭება და არც ის, რომ როლების გარეშე დარჩებოდა. პროდიუსერები ხშირად ხუჭავდნენ თვალებს მის კაპრიზებზე და იტანდნენ მის რთულ ხასიათს - მეორე ასეთი მსახიობი ნამდვილად არ იყო. ახლა ბევრი, ვინც თავის დროზე ჯეკთან მუშაობდა, აღნიშნავს, რომ ყველაზე კარგად შეშლილებს ასახიერებდა. თითქოს ფსიქიკურად არაჯანმრთელი ადამიანების როლების შესრულებაზე თანხმდებოდა და ამით დასცინოდა ცხოვრებას. ახლა კი თავადაც იტანჯება განუკურნებელი დაავადებით და ახლობლებსაც ძლივს ცნობს.
რეჟისორებისგან განსხვავებით, ქალებს სულ არ აშინებდათ მისი რთული ხასიათი. თავად დიდად არ არჩევდა, ვისთან გაება რომანი. ადრევე გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდობის სიამეები ბოლომდე შეეგრძნო და მრავალი წლის განმავლობაში მისდევდა ამ პრინციპს. "იყო დრო, როცა თავი განუმეორებელ მამაკაცად მიმაჩნდა. არავინ მეუბნებოდა უარს", - აღიარებდა ჯეკი, უკვე პენსიაში გასული. ერთხელ კი გამოაცხადა, რომ ორი ათასზე მეტი ქალთან დაწოლილა. "მე არ მაქვს ქალის სილამაზის კრიტერიუმები. ერთ ტიპაჟზე თუ ჩაიციკლები, შეიძლება, ბევრი საინტერესო გამოტოვო. ჩემი ქსელი ფართოა, თუმცა საზომი მაღალია. სექსი ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ შეყვარება - მხოლოდ პიროვნების", - ამბობდა ნიკოლსონი.
ქორწინება რომ არ იყო მისთვის მოგონილი, ამას ჯეკი მალევე მიხვდა. 1960-იან წლებში ხვდებოდა მსახიობ სანდრა ნაიტს. რამდენიმე წელში ქალმა თვითონ შესთავაზა, ვიქორწინოთო და ჯეკიც დათანხმდა. ერთ წელიწადში ეყოლათ ქალიშვილი ჯენიფერი. თუმცა ქორწინება მალე დაირღვა. იმ პერიოდს დაემთხვა ფინანსური პრობლემებიც, ჯეკს არ ჰქონდა სტაბილური შემოსავალი და წყვილი ხშირად ჩხუბობდა. გარდა ამისა, სანდრასთვის ხშირად მოჰქონდათ ამბები ჯეკის რომანებზე და თუ ერთხელ და ორჯერ აპატია, მერე აღარ დახუჭა თვალები და 1968 წელს განქორწინდნენ... ჯეკს აღარც უქორწინია ამის შემდეგ.
ცოლი აღარ მოუყვანია, თუმცა მის ცოვრებაში მაინც იყო ერთი ქალი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და რომელთანაც წლები გაატარა. ეს იყო მსახიობი ანჟელიკა ჰიუსტონი. წყვილს მრავალი წელი უყვარდა ერთმანეთი. ხშირად ჩხუბობდნენ, შორდებოდნენ, რიგდებოდნენ. მთელი ჰოლივუდი ადევნებდა თვალს მათ რომანს. ჯეკს იზიდავდა ქალის სილამაზე, ჭკუა და მიზანდასახულობა - ანჟელიკა მოკლე დროში თვითრეალიზდა, როგორც მსახიობი და რეჟისორი.
ქალი დიდხანს უძლებდა მის სირთულეებს, ცდილობდა არ ეეჭვიანა მის ინტრიგებზე, ჯეკის მორიგი გართობის შემდეგ სახლში დატოვებულ ქალის ტრუსებზე და კეთილგონივრულად პასუხობდა ტელეფონზე მის თაყვანისმცემელ ქალბატონებს. მაგრამ მისი მოთმინების ფიალაც აივსო, როცა ნიკოლსონის მორიგი საყვარელი ერთ დღესაც - დაორსულდა...
წყვილი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს და ჯეკს ისღა დარჩენოდა, ხანმოკლე რომანებს დასჯერებოდა ცნობილ თუ უცნობ მოდელებთან, მსახიობებთან, მომღერლებთან... მას მიაწერდნენ რომანს მერილ სტრიპთან, მოდელ ჯენის დიკინსონთან, ბერძენი მილიარდერის შვილ კრისტინა ონასისთან, ლარა ფლინ ბოილთან და ა.შ. ქორწინებაში გაჩენილი ერთი ქალიშვილის გარდა, კიდევ ხუთი შვილი გაუჩნდა უკანონო ურთიერთობებიდან.
ნიკოლსონი ჰოლივუდის ერთ-ერთი უმდიდრესი მსახიობია, ამიტომ არასდროს უღელვია მომავალზე თუ დაკარგულ შანსებზე. ერთხელ 10-წამიანი სარეკლამო რგოლის გახმოვანებაში 10 მლნ დოლარი შესთავაზეს. მსახიობმა მოისმინა პირობები და... უარი თქვა. გამოაცხადა, რომ ქალებისგან განსხვავებით, სამუშაოს სერიოზულად უდგებოდა და არ "გახარჯავდა" თავს "ნებისმიერი სისულელისთვის".
...მთელი ამ მგზნებარე ცხოვრების შემდეგ, ჯეკმა უცებ გადაწყვიტა, რომ დაიღალა და სიმშვიდე უნდა. 70 წლისა გადავიდა მალჰოლანდ დრაივზე მდებარე სახლში და სულ უფრო იშვიათად გამოდიოდა გარეთ, სტუმრებსაც ნაკლებად იღებდა. "დიდხანს მეშინოდა მარტოობის. თუმცა მომიწია ამასთან შეგუება. ადრე ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მჭირდებოდა ვინმესთან საუბარი, თორემ გავგიჟდებოდი. მაგრამ ახლა მომწონს მარტო ყოფნა. გულწრფელად. მარტოობა დიდი ფუფუნებაა. ახლა ყოველთვის მარტო მძინავს", - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
2017 წელს ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. გავრცელდა ხმები, რომ ასაკის გამო უკვე უჭირდა პერსონაჟის რეპლიკების დამახსოვრება და აღარ გაიწვალა თავი. თანაც, ბოლოს და ბოლოს, ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო კარიერაში და საარაკო ფულიც იშოვა, ამიტომ არავინ კიცხავდა ამ არჩევანისთვის. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ მის თავს უფრო სერიოზული რამ ხდებოდა. მეხსიერების პრობლემები იყო არა ასაკობრივი, არამედ დაავადებისგან გამოწვეული. დემენციამ თანდათან ჩაკეტა სახლში და ახლა ფაქტობრივად აღარც გამოდის გარეთ. ბოლოს 2021 წელს გამოჩნდა საჯაროდ, როცა კალათბურთის მატჩს დაესწრო ვაჟთან ერთად. მას მერე მხოლოდ შვილები და ახლო მეგობრები ხედავენ. შვილები მასთან რეგულარულად მიდიან, თუმცა ჯეკს აღარც მათი დანახვა უხარია და ამბობს, რომ მარტო უკეთ გრძნობს თავს. "ფიზიკურად ნორმალურადაა, თუმცა გონებრივად - არა. ძალიან ძნელი სანახავია, რომ ასეთი სუპერნიჭიერი მსახიობი, ასეთად იქცა", - აღიარებენ მის გარემოცვაში...
22 აპრილს ჯეკს 86 წელი შეუსრულდა.