ითვლება, რომ მენოპაუზის პერიოდში ჰორმონალური ფონის ცვლილება არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, ლიბიდოს დონეზეც უარყოფითად აისახება. ბევრ ქალს სერიოზულად სჯერა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ინტიმურ ცხოვრებას უნდა დაემშვიდობოს.
საქმე იმაშია, რომ მენოპაუზის დროს, ჰორმონალური ცვლილებების გამო, ბევრი ქალი დეპრესიას განიცდის. თავდაჯერებულობა უქვეითდება, ასაკი აშინებს და ორგანიზმში ცვლილებებსაც ძნელად ეგუება. ამ ყველაფერმა შეუძლებელია გავლენა არ იქონიოს ინტიმურ ცხოვრებაზე. ამიტომ, მენოპაუზის დაწყებიდან სადღაც 5-7 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია, ქალმა მეტი ყურადღება დაუთმოს საკუთარ თავს.
ბევრი შუახნის ქალი უჩივის მეხსიერების დაქვეითებას, ძილიანობას, თითქოს აზრების მოკრება უჭირს. ხშირად ეს ალცჰეიმერის სიმპტომები ჰგონიათ, მაგრამ სინამდვილეში ეს მოვლენები ჰორმონალური უკმარისობით არის გამოწვეული, ნაწილობრივ კი გონებრივი, ფიზიკური და ემოციური დაღლილობით. არსებობს ასეთი ფრაზა "დამღალა ამ დაღლილობამ" - ეს ზუსტი ახსნაა იმისა, თუ როგორ გრძნობენ თავს მენოპაუზის ფაზაში მყოფი ქალები.
ერთადერთი ეფექტური დახმარება ამ პერიოდში ესტროგენოთერაპიაა. ანტიდეპრესანტებიც ხშირად გვეხმარება. გინეკოლოგმა შეიძლება დანიშნოს ჰორმონოთერაპიის ექვსთვიანი კურსი და ამაში სარისკო არაფერია. ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, თანდათანობით ქრება დაღლილობას და ე.წ ალები.
ესტროგენოთერაპია მდგომარეობას აუმჯობესებს, თუმცა ცხოვრების საერთო ხარისხის გამოსასწორებლად ეს საკმარისი არაა, ვინაიდან ემოციურ ფონს მხოლოდ ჰორმონები არ განაპირობებს. განწყობას გადაუჭრელი პრობლემებიც აფუჭებს. ქალი საკუთარ თავში იკეტება, გაურბის ადამიანებს, უფრო და უფრო ნაკლები ურთიერთობა აქვს ქმართან. ზოგჯერ მეორე ნახევარი აღიზიანებს კიდეც. ზოგიერთ წყვილს ამ ასაკში კომუნიკაცია უჭირს, ხოლო ქალის სექსუალობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ურთიერთობებთან, პარტნიორის ქცევაზე, განწყობაზე, მისგან წამოსულ ემოციურ ტალღებზე.
ლიბიდოს ნაკლებობა მენოპაუზის დროს მრავალი ფაქტორითაა გამწვეული. ჰორმონები, ურთიერთობები, სტრესი, გარეგნობის ცვლილებები, ენერგიის დაკარგვა და უძილობა, სხეულის ცვლილებები. სქესობრივი ჰორმონების დონის დაქვეითება გავლენას ახდენს სექსუალური ლტოლვის დაკარგვაზე, თუმცა იშვიათად არის ამის ერთადერთი მიზეზი. მთავარი სექსუალური ორგანო ტვინია. სწორედ ის შეიცავს ლიბიდოს ბიოლოგიურად ემოციურ კომპონენტებს და თუ აქ პრობლემებია, მაშინ ბუნებრივია, ლიბიდო აქტიური ვერ იქნება.
ზოგიერთი წყვილი კომფორტულად ეგუება სექსუალური აქტივობის დაკარგვას და ესეც ნორმალურია, მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის ჯანსაღი ინტიმური ცხოვრება მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირად ურთიერთობებში. ლიბიდოს დაქვეითების მიზეზად ძირითადად ჰორმონებს განიხილავენ, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემებიც აღიარებულია, მაგრამ ნაკლებად არის გათვალისწინებული. ქალებიც და მამაკაცებიც მათ დამალვას ამჯობინებენ.
არსებობს გამონათქვამი: "ქალებს უნდათ სიყვარული, კაცებს კი სექსი". ხშირად ქალები სექსოლოგებს, გინეკოლოგებს, ფსიქოლოგებს მიმართავენ დახმარებისთვის, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქმრებისთვის. ბევრი ქალი კარგავს თავდაჯერებას და ინტიმური ურთიერთობების თავიდან აცილებას იწყებს. არ მოსწონთ საკუთარი სხეული და მდგომარეობა. ეშინიათ ქმრისგან კრიტიკის მოსმენის, რაც ხელს უშლის მოდუნებაში. იჯერებენ, რომ სექსი აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი მათ ასაკში და ამის გარეშეც შესაძლებელია ცხოვრება. ამის გამოც ეჩვენებათ, რომ ლიბიდო კლებას იწყებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცებმა ამ პერიოდში მხარი დაუჭირონ მეუღლეებს, მეტი ყურადღება დაუთმონ მათ.
როგორც უკვე ვთქვით, საქმე ტვინშია. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების ნათელ მხარეებზე უნდა გადაერთოთ, პოზიტიური აზროვნება ისწავლოთ. ეს დაგეხმარებათ იმის გააზრებაში, რომ სექსუალურობა და მგრძნობელობა წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება.
ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მიიღოთ საკუთარი თავი. დაბერების პროცესის თავიდან აცილება შეუძლებელია. სხეულის ფორმა ყოველთვის იცვლება. ამიტომ, შუახნის ასაკში აუცილებელია ფიზიკური აქტივობა: ის კარგად მოქმედებს ალებზე, ემოციურ მდგომარეობაზე, ენერგიულობაზე; ხელს უშლის წელის ირგვლივ ე. წ. ესტროგენული ცხიმის წარმოქმნას. ამ პერიოდში იდეალურია იოგა, პილატესი და ნებისმიერი მშვიდი აქტივობა.
ბევრმა ქალმა არ იცის, რა ხდება მათ თავს სინამდვილეში. თავს ისე ცუდად გრძნობენ, ზოგს ჰგონია, რომ კიბო აქვს. ჯობია მენოპაუზას შეხედოთ, როგორც საბაბს საკუთარ თავზე მეტი ზრუნვისთვის. ის მართლაც გადაგიყვანთ ცხოვრების ახალი ეტაპზე, სადაც ნამდვილად არის ვნება არა აუცილებლად კონკრეტული ადამიანის მიმართ, არამედ ზოგადად ცხოვრების მიმართ. ამით სიცოცხლის წყურვილიც იმატებს და სიცოცხლის ხარისხიც უმჯობესდება.
საკუთარი თავის მიღება, თავდაჯერებულობა და ცხოვრებით ტკბობის უნარი განუყოფლად არის დაკავშირებული ინტიმური ცხოვრების ხარისხთან. ფიზიკური ინტიმური ურთიერთობა ჩვენი მუდმივად განვითარებადი სექსუალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. რა თქმა უნდა, 65 წლის შემდეგ ეს უკანა პლანზე გადაიწევს, მაგრამ მაინც შეძლებთ ჩახუტებითა და კოცნით ისიამოვნოთ.