თუ დაღლილობის განცდა გაწუხებთ და მაგალითად, მესამე სართულზე ცხოვრობთ, ერთ სართულს რომ აივლით, იღლებით, რამდენიმე მეტრის გავლისას გული გიჩქარდებათ, თმა უფრო მეტად გცვივათ, ვიდრე აქამდე გცვიოდათ და ტუჩის კუთხეები დაგისკდათ, თვალის უპეები ჩაშავებული გაქვთ და გგონიათ, რომ ეს ჩივილები ყოველდღიურობის ნაწილია - ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "როგორ გადავრჩი" აღნიშნული სიმპტომების ყველაზე ხშირად გამომწვევ მიზეზს ასახელებს:
- თუ ადვილად იღლებით, გული გიჩქარდებათ, თმა გცვივათ, ტუჩის კუთხეები დაგისკდათ, თვალის უპეები ჩაგიშავდათ, ეს ყველაფერი შეიძლება რკინის დეფიციტით იყოს გამოწვეული, რადგანაც ამ შემთხვევაში სხეულში ჟანგბადი ძალიან ცოტაა და მის გარეშე ძალიან გვიჭირს.
რკინის დეფიციტს ძალიან ბევრი რამ შეიძლება იწვევდეს. მაგალითად, თუ ახალგაზრდა ქალებზე ვლაპარაკობთ, გოგონებში, როგორც წესი, ეს ჩივილები მენსტრუაციის დროს მოჭარბებული სისხლდენითაა გამოწვეული. თუ მენსტრუალური ციკლი 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება, სისხლდენა 80 მლ-ზე მეტია, ამას შეუძლია რკინის დეფიციტი გამოიწვიოს. როგორც წესი, 40 მლ-ზე მეტ სისხლს არ უნდა კარგავდეთ და თავად მენსტრუაცია ტიპურად, 3-5 დღეზე, მაქსიმუმ 7 დღეზე მეტხანს არ უნდა გრძელდებოდეს. უფრო დიდი დროით როცა გრძელდება, მეტ სისხლს კარგავთ და ადვილად დაღლა, გულის აჩქარება, ტუჩის კუთხეების დასკდომა, თვალბუდეების ჩაშავება გივითარდებათ.
თუ უფრო დიდი ასაკის ქალზე ვისაუბრებთ, აქ შეიძლება იგივე ჩივილები საშვილოსნოს ფიბროიდებით, როგორც პაციენტები ეძახიან - კვანძებით იყოს გამოწვეული. ისინი ასევე სისხლდენებით ხასიათდებიან.
გარდა ამისა, თუ საუბარია კიდევ უფრო დიდი ასაკის ქალზე, ამ შემთხვევაში აღნიშნული ჩივილები არა უშუალოდ საშვილოსნოდან სისხლდენებით, არამედ მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენებით იყოს გამოწვეული. ასაკთან ერთად, მსხვილ ნაწლავში პოლიპები, სიმსივნეები ძალიან ხშირია და ისინიც სისხლდენებით ხასიათდებიან.
თუ საშუალო ასაკის მამაკაცებსა და ქალებზეა საუბარი, მათ შემთხვევაში რკინის დეფიციტი შეიძლება წყლულოვანი დაავადებებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, კუჭის წყლულით, თორმეტგოჯას წყლულით, რადგან მათ ქრონიკული სისხლდენები ახლავთ ხოლმე და პაციენტი მცირე-მცირე რაოდენობით სისხლს კარგავს და ეს ჩივილები უვითარდება.
შეიძლება ადამიანს არც წყლული, არც პოლიპები და არც სიმსივნეები ჰქონდეს, მაგრამ რკინას ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს მაინც კარგავდეს.
ასევე, რკინის ნაკლებობა სხეულში შეიძლება ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობითაც იყოს გამოწვეული. როცა, საქმე ბავშვს ეხება, როდესაც ის გარდატეხის ასაკშია, რკინაზე ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს და გარედან მიღება სჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი ასეთ დროს ბავშვს ეუბნება, რომ ყურძნის წვენი დალიოს, ვაშლი შეჭამოს და ეს რკინის შევსებაში დაეხმარება. აბსოლუტური სიცრუეა - ჯერ ერთი, ვაშლში რომ რკინაა, მას ეფექტურად ვერც შევიწოვთ, ის სამვალენტიანია. გარდა ამისა, ყურძნის წვენში რომ რკინაა, ის იმდენად ცოტაა, რომ არაფერში გვეხმარება. თუ რკინის წყაროს მიღება გინდათ, ხორცი უნდა მიირთვათ. მაგრამ, რამდენი ბავშვი ჭამს ხორცს ყოველდღიურად? - არც ისე ბევრი, ამიტომ რკინის დეფიციტი უვითარდებათ.
რკინაზე მოთხოვნილების გაზრდა არა მარტო მოზარდებში, არამედ ფეხმძიმე ქალებშიც გვხვდება. ფეხმძიმეებში იმიტომ გვხვდება, რომ ისინი არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ნაყოფისთვისაც საჭიროებენ. ორსულ ქალებში ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის პრობლემაცაა ხოლმე. ყველა ფეხმძიმე ქალს ფოლიუმის მჟავა სჭირდება იმისთვის, რომ მის ნაყოფს, ნერვული მილის განვითარების ანომალიები არ ჰქონდეს. დეფიციტის შემთხვევაში, ფოლიუმის მჟავა ექიმის მითითებით 400 მიკროგრამი ყოველდღიურად, დაფეხმძიმებამდე 1 თვით ადრე და დაფეხმძიმების შემდეგ მინიმუმ 3 თვის განმავლობაში მაინც უნდა მიიღონ. ასევე, თუ რკინის დეფიციტია გამოხატულია, რკინაც 100-დან 200 მილიგრამამდე უნდა მიიღონ ყოველდღიურად.
როგორც წესი, როდესაც რკინის დანამატების მიღებაზე ვსაუბრობთ, წამლები დღეში ერთხელ, ზოგიერთი მათგანი ორჯერ, ან სამჯერაცაა მისაღები. სასურველია, რომ ეს უშუალოდ საკვების მიღების დროს მოხდეს, რადგან ამ დროს კუჭში მჟავა ბევრია და მომატებული მჟავიანობა რკინის უფრო მეტად ათვისებას ხელს უწყობს.