რამდენიმე წლის წინ სრულიად შემთხვევით გაიგო საზოგადოებამ ცნობილი მუსიკოსის დათო ევგენიძის მიერ ჩადენილი ერთი სიკეთის შესახებ. მუსიკოსმა ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა ამ თემაზე, თუმცა თავადევ აღიარა, რომ არ სურდა ამ ამბის გასაჯაროება. როგორც მაშინ დათომ მოყვა,საკუთარი დედის გარდაცვალებით დამძიმებული ტაქსიში ჩაჯდა და მანქანის შუქზე შეამჩნია, რომ მძღოლს სახე აჭრელებული ჰქონდა. ალბათ ძალიან ძნელი მოსასმენია, ადამიანი რომ გეუბნება, სიცოცხლის სამი თვე დამრჩაო... ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა დათოზე, რომ უმოკლეს ვადაში მოახერხა სოლიდური თანხის მობილიზება და უცნობს ღვიძლის ოპერაცია დაუფინანსა. კაცს, რომლის სახელიც კი არ იცოდა და ტელეფონში "ღვიძლის" სახელით ეწერა... მისი ჯანმრთელობისთვის აღებულ ვალს კი თურმე დღემდე იხდის, თუმცა ეს უკვე უმნიშვნელოა, როცა ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარიო, ამბობდა მაშინ მუსიკოსი.
დღეს კი მას თავად დასჭირდა დახმარება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დაინიშნა, რომელსაც თურქეთში იკეთებს და დონორი მისი ახალგზრდა კოლეგა და მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.
"ოპერაციის მერე აკრძალული გვაქვს ალკოჰოლი და გადავწყვიტეთ, თითო ჭიქა ჩაგვერტყა... მე სულ მალე დავბრუნდები - ავისრულებ მე ჩემს ნატვრას, მე გვერდით მყავს მახარა, მზის ამოსვლა მახარა... 25 ში ერთნი გავხდებით", - წერს მუსიკოსი.
ორივეს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ოპერაციის წარმატებით დასრულებას.