ბევრ ქვეყანაში 6-8 წლამდე ბიჭებს კაბებს აცმევდნენ დღეს რომ ვინმემ ბიჭს კაბა ჩააცვას, რას აღარ დასწამებენ. აი XVI-XIX საუკუნეებში კი ბევრ ქვეყანაში და სხვათა შორის, წარჩინებულ ოჯახებშიც, 6-8 წლამდე ბიჭებს კაბებს აცმევდნენ. უამრავი პორტრეტია შემონახული, რომლებზეც კარგად ჩანან კაბებში გამოწყობილი ბიჭუნები.
მაგალითად, იმპერატრიცა მარია ვაჟთან, მომავალ იმპერატორ ნიკოლოზ II-სთან ერთად.
ბიჭები მოუთმენლად ელოდნენ, როდის დართავდნენ "მოზრდილთა" სამოსის ჩაცმას – შარვლის. როგორც წესი, ეს 7-8 წლის შემდეგ ხდებოდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად ოჯახურ ზეიმებსაც კი აწყობდნენ. ტრადიცია მხოლოდ მე-20 საუკუნეში გაქრა.
თუმცა სულ ცოტა ხნის, როდესაც ბრიტანეთის პატარა პრინცი ჯორჯი მონათლეს, მას ძველი მონარქიული ტრადიციის თანახმად, გრძელი პერანგი ეცვა – სწორედ გოგონას კაბის მსგავსი.
ძველად მიაჩნდათ, რომ სანამ ბიჭს დედა უვლიდა, მას კაბა უნდა სცმოდა, ხოლო როდესაც მის აღზრდაში მასწავლებლები ან მამა ერთვებოდნენ, მას მამაკაცის სამოსს აცმევდნენ.
კიდევ ერთი მიზეზი – კაბაში ბიჭებს უფრო უიოლდებოდათ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ვინც არ იყო კარგად უზრუნველყოფილი, მათთვის ესეც მნიშვნელოვანი იყო და ისიც, რომ კაბის შეკერვა, დაგრძელება-დამოკლება გაცილებით მარტივი იყო.
მართალია, ბიჭებისა და გოგონების კაბები ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ განსხვავებაც ჰქონდა – ბიჭების კაბების ფერები უფრო მოკრძალებული იყო, ღილებიც სხვანაირად ჰქონდა განლაგებული. რაც შეეხება ფერებს და იმას, თუ როდის გაჩნდა ბიჭებისა და გოგონების სამოსის ფერებში ვარდისფერი და ცისფერი, ამაზე შეგიძლიათ სტატია იხილოთ.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ გამოაქვეყნა ბაბუის ფოტო, რომელსაც თურმე პატარაობიდან კაბებს აცმევდნენ – მშობლებს უნდოდათ, გოგონა ჰყოლოდათ. უფრო დაწვრილებით იხილეთ სტატია.