"ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა სიკვდილით მთავრდება" - რატომ არის აცრა აუცილებელი და რას ამბობს ვაქცინოლოგი ვაქცინაციაზე გავრცელებულ მითებზე? - მშობლები

"ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა სიკვდილით მთავრდება" - რატომ არის აცრა აუცილებელი და რას ამბობს ვაქცინოლოგი ვაქცინაციაზე გავრცელებულ მითებზე?

2023-04-29 13:25:04+04:00

ვაქცინოლოგი ნინუკა გოგიჩაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ქუჩის ძაღლმა ან ტყეში ცხოველმა უკბინა, ვაქცინაცია აუცილებელია.

ნინუკა გოგიჩაძე:

- ქუჩის ძაღლის ან ტყის ცხოველის კბენის შემთხვევაში, აუცილებელია აცრა. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც უარი უნდა თქვას აცრაზე. ცოფი არის ერთადერთი დაავადება, სადაც ასიდან ასივე შემთხვევა ცუდად მთავრდება და ადამიანები იღუპებიან. გარდა ამისა, გზა სიკვდილამდე არის საშინელი. ამიტომ, როდესაც ადამიანს ქუჩის ძაღლი უკბენს ან გაკაწრავს, აუცილებელია აცრა.

არსებობს ქვეყნები, სადაც არ ფიქსირდება ცოფის შემთხვევები, ასეთ ქვეყნებში არ ცრიან, მაგრამ ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველოა, სადაც ცოფი ცირკულირებს და ძაღლები არიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამტანები, აცრა აუცილებელია. ჩვენს ქვეყანაში ცოფის ვაქცინა არის დემონიზირებული. არსებობს მოარული ჭორები, რომ აცრის შემდეგ არ შეგიძლია ალკოჰოლის მიღება.

არ არსებობს არანაირი კვლევა და მტკიცებულება, რომ ცოფის ვაქცინით აცრის შემდეგ, ალკოჰოლის მიღება იწვევს გაურკვეველ სიმპტომებს. ჭარბი ალკოჰოლის მიღება, თრობა, ხშირად დალევა არ არის რეკომენდირებული. თუ ადამიანს აქვს ალკოჰოლიზმი, ყოველდღე არის მთვრალი ან ნასვამი, ეს ნიშნავს, რომ მისი იმუნური სისტემა კარგად არ მუშაობს. ამიტომ თუ ადამიანს უკბენს ცოფით დაავადებული ძაღლი, მერე ეს ადამიანი აიცრება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომლის ფონზეც ორგანიზმმა უნდა გამოიმუშაოს ანტისხეულები, ამ შემთხვევაში შეიძლება ორგანიზმმა სათანადო ანტისხეულები ვერ გამოიმუშავოს. ამიტომ რეკომენდირებულია, ალკოჰოლიზმით დაავადებულმა ადამიანმა აცრის შემდეგ დალევისგან თავი შეიკავოს.

ასევე აცრის დღეს, შეიძლება ადამიანს ცოტა სისუსტე ჰქონდეს, ამიტომ თუ თავს ასე გრძნობთ, არ არის საჭირო მიიღოთ ალკოჰოლი, რადგან სიმპტომებს ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

ნინუკა გოგიჩაძემ ასევე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც წერია ის ჩამონათვალი, თუ რა არის აკრძალული ცოფზე ვაქცინაციის შემდეგ. მათ შორის არის შოკოლადი, კოკა კოლა, ღორის ხორცი, შაურმა. თუმცა როგორც ინფექციონისტი ამბობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას, მიირთმევს, რასაც უნდა ზომიერების ფარგლებში. განაგრძეთ კითხვა