7 ოქროს წესი, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად ჩაცმა მალე ისწავლოს - ეს მნიშვნელოვანი უნარია ბაღში და სკოლაში წამსვლელი ბავშვისთვის - მშობლები

7 ოქროს წესი, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად ჩაცმა მალე ისწავლოს - ეს მნიშვნელოვანი უნარია ბაღში და სკოლაში წამსვლელი ბავშვისთვის

2023-05-02 11:13:14+04:00

როდესაც მშობლები საკუთარ შვილებს ტანსაცმელს აცმევენ, ამას სიამოვნებით აკეთებენ, ბავშვის მიმართ სითბოს გამოხატავენ და სიყვარულს უზიარებენ. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, აუცილებელია, მან თავად, დამოუკიდებლად შეძლოს სამოსის მორგება, თასმებისა და ღილების შეკვრა და მოწესრიგება.

ფსიქოლოგების თქმით, 3 წლის ასაკისთვის ბავშვები უკვე გააზრებულად ახერხებენ ტანსაცმლის ჩაცმასა და არჩევას. როგორც წესი, ამ ასაკის ბავშვები უკვე ბაღში დადიან და ჩაცმის ელემენტარული უნარები გამომუშავებული აქვთ. ოთხი წლის ასაკისთვის, მაისურის, სვიტერის, ქურთუკის, კაბისა თუ ფეხსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა უნდა შეეძლოთ, თუმცა შესაძლოა, თასმა ამ ასაკში თავად ვერ შეკრან. ხოლო, როგორც სპეციალისტები ამბობენ, 7 წლის ასაკისთვის ბავშვს უკვე სრულად უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად ჩაცმა. დღეს გაგიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მიაჩვიოთ თქვენი შვილი, დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე ჩაიცვას:

იყავით მომთმენი და თანმიმდევრული

როდესაც ბავშვი 1 წლისაა, საკუთარი ქუდის მოხდას ცდილობს, ტანსაცმელს ეხება და ნელ-ნელა გამოცდილებას აგროვებს, რომ მომავალში უფრო გაცნობიერებული ქცევა ჩამოიყალიბოს. გამოხატეთ აღფრთოვანება ყოველი ახალი უნარის განვითარებისას და იყავით მომთმენი. თუკი უყვირებთ, ნეგატიურ ფრაზებს ეტყვით, რომ თავისით ჩაიცვას, ან ეტყვით, რომ ცუდად გამოსდის, ამან შესაძლოა, ბავშვს თავდაჯერებულობაც დააკარგვინოს და ახალი უნარების აღმოჩენის სურვილიც. ვიდრე თქვენი შვილი დამოუკიდებლად ჩაცმას ისწავლის, სასურველია, წინასწარ მოამზადოთ, ადრეული ასაკიდანვე ათამაშოთ, თითები გაუვარჯიშოთ, მაგალითად, პლასტილინი დააჭყლეტინოთ, გამოაძერწინოთ, დაახატინოთ და ასე შემდეგ. იყიდეთ მაქმანები, ღილები, ფერადი თოკები, რომ ბავშვი მასთან თამაშსა და ურთიერთობას მიეჩვიოს.

1-1683011839.jpeg

დაიმახსოვრეთ ყველაფერი

ნებისმიერი სხვა უნარის მსგავსად, ჩაცმის უნარი ბავშვში თანდათან ყალიბდება. მაგრამ ეს უფრო სწრაფად მოხდება, თუ თქვენც დაეხმარებით.

  • მიეცით ტანსაცმელთან ურთიერთობის შესაძლებლობა - ბავშვს არა მხოლოდ სწორად ჩაცმა უნდა შეეძლოს, არამედ მისი მოწესრიგებაც. დაეხმარეთ, რომ დაკეცვა, შენახვა, გასარეცხი და სუფთა საგნების ერთმანეთისაგან გამორჩევა შეძლოს.
  • გადახედეთ გარდერობს - ვიდრე ბავშვს ტანსაცმელს უყიდით, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ისეთი სამოსი აარჩიოთ, რომელშიც თავისუფლად იქნება და თავს კომფორტულად იგრძნობს, ქამარი უნდა რეგულირდებოდეს, მაისურები და პერანგები კი კისერზე არ უნდა უჭერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობს, მისი ჩაცმა აღარ მოუნდება.
  • ესაუბრეთ იმაზე, თუ რა თანმიმდევრობით უნდა ჩაიცვას ტანსაცმელი - აუხსენით, რომ ჯერ ტრუსი უნდა მოირგოს, შემდეგ მაისური, წინდები, შარვალი და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ უფრო სწრაფად დაიმახსოვროს, აჩვენეთ წიგნებში ეს პროცესი.
  • ასწავლეთ გარჩევა, როგორ ჩაიცვას წაღმა - ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ბავშვმა სწორად შეძლოს ტანსაცმლის მორგება.
  • გაუზიარეთ ჩაცმის საიდუმლოებები - უთხარით, რომ შარვალსა და ფეხსაცმელს უფრო მარტივად ჩაიცვამს, თუ დივანზე დაჯდება და არა ფეხზე დადგება.

3-1683011859.jpg

4 მიზეზი, რის გამოც ბავშვს არ სურს, დამოუკიდებლად ჩაიცვას :

სათანადო ცოდნის არქონა

ყველაფერს თანმიმდევრული მოქმედება სჭირდება. თუ თქვენ დროის დაზოგვის მიზნით, სწრაფად ჩააცმევთ ხოლმე ბავშვს, არ მისცემთ დამოუკიდებლად სამოსის მორგების უფლებას და მოულოდნელად, 5 წლის ასაკში მოსთხოვთ, რომ ახლა თქვენი დახმარების გარეშე ჩაიცვას, არაფერი გამოვა. წლებთან ერთად, როგორც აღვნიშნეთ, ნელ-ნელა უნდა მისცეთ ბავშვს შესაძლებლობა, რომ საჭირო უნარები გამოიმუშაოს.

დაზარება

როგორც წესი, ბავშვებისთვის ეს პროცესი მოსაწყენია და ურჩევნიათ, დედამ ჩააცვას. მაგრამ, დაუთქვით დრო, პირობითად, 10 წუთი და უთხარით, რომ ამ ინტერვალში თავად ჩაიცვას. მიეცით შესაძლებლობა, რომ ეს თავად გააკეთოს და იყავით მომთმენი, როდესაც შარვლის ჩაცმასა თუ მაისურის მორგებას ნელ-ნელა დაიწყებს.

არაკომფორტულობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმისათვის, რომ ბავშვს ტანსაცმლის მორგება არ დაეზაროს, თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს, არაფერი უჭერდეს და აწუხებდეს. აირჩიეთ ისეთი სამოსი, რომელსაც ნაკლები ელვაშესაკრავი, თასმები აქვს. თამაშის დროს ხელს არ უნდა უშლიდეს და უსიამოვნო შეგრძნებას არ უნდა უჩენდეს.

ცუდი განწყობა

როდესაც ბავშვი გაღიზიანებულია, კარგად არ ეძინა, რაღაც აწუხებს, შესაძლოა, ჩაცმისა და გარეთ გასვლის სურვილი არ ჰქონდეს და ამას აპროტესტებდეს, ტიროდეს და ჭირვეულობდეს. ასეთ დროს აუცილებელია, დაძალებითა და ჩხუბით კი არ აიძულოთ ჩაცმა, არამედ ცოტახანს დაუჯდეთ, გაესაუბროთ, ჰკითხოთ, რა აწუხებს, დაეხმაროთ ემოციების მართვაში და ის ნელ-ნელა ხასიათზე მოვა.

4-1683011872.jpg

ჩაცმა თამაშით

თამაში ბავშვებისთვის ახალი უნარების სწავლის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და საყვარელი გზაა. ამ თვალსაზრისით, არც ჩაცმაა გამონაკლისი. გამოიყენეთ ეს ტექნიკა, ეთამაშეთ და ნახავთ, რომ მას ხალისი გაუჩნდება. მაგალითად, შეგიძლიათ, შემდეგი თამაშები გამოიყენოთ:

  • "მოარტყი მიზანში" - ბავშვს სთხოვეთ, რომ შეძლოს, მკლავი, ფეხი, თავი ზუსტად მოათავსოს ტანსაცმელში.
  • "სხეულის ნაწილების პოვნა" - ჰკითხეთ, სად აქვს ხელები, ფეხები, კისერი, შემდეგ ტანსაცმელზე აღმოაჩენინეთ იგივე და ნელ-ნელა მიხვდება, სხეულის რომელი ნაწილი ტანსაცმლის რომელ ნაწილში უნდა მოათავსოს.
  • "კონკურენცია" - ჩაიცვით გვერდიგვერდ და ერთგვარი შეჯიბრი მოაწყვეთ.
  • "ფეშენ-შოუ" - პატარა ბავშვებს მშობლების ტანსაცმლის მორგება ძალიან უყვართ. ნუ დაუშლით, მიეცით შესაძლებლობა, თავად ჩაიცვას და პატარა პოდიუმიც მოაწყვეთ.
  • "მოტივაცია" - გამოიწვიეთ ერთგვარი ინტერესი, დაეჭვებით უთხარით: "აბა, თუ შეძლებ შენ ამ სვიტერის მორგებას", ხოლო როცა ჩაიცვამს, გამოხატეთ აღფრთოვანება, რომ მომავალში კვლავ ჰქონდეს მოტივაცია.

5-1683011885.jpg

7 "ოქროს" წესი, რომ ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმა ასწავლოთ:

  1. იყავით მშვიდი და მომთმენი - შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მოთხოვნა იყოს, რადგანაც კეთილგანწყობის შენარჩუნება რთულია, როდესაც ბავშვი ერთ ღილს რამდენიმე წუთის განმავლობაში იკრავს, მაგრამ ნუ აჩქარდებით და გააკრიტიკებთ. ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა დაასრულოს ის, რაც დაიწყო. ასე მისი საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილება ყალიბდება. თქვენი ზეწოლა და ჩხუბი, პროტესტს გაზრდის და შესაძლოა, საერთოდ უარი თქვას დამოუკიდებლად ჩაცმაზე.
  2. ეკონტაქტეთ ჩაცმის დროს - როდესაც ბავშვს ტანსაცმელს აცმევთ, ეკონტაქტეთ და ხმამაღლა წარმოთქვით ის, რასაც აკეთებთ. ბავშვიც ამ თანმიმდევრობას დაიმახსოვრებს და თავადაც გაიმეორებს.
  3. გაითვალისწინეთ ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები - ყველა ბავშვი ერთნაირად მონდომებული და აქტიური არ არის. ზოგი ჩაცმას, ღილების შეკვრას, მოწესრიგებას გაცილებით სწრაფად ახერხებს, ზოგს კი უფრო მშვიდი ბუნება აქვს და დრო სჭირდება.
  4. გაითვალისწინეთ მისი აზრი - თუ გსურთ, ბავშვმა სიამოვნებით ჩაიცვას, მიეცით შესაძლებლობა, ის სამოსი აირჩიოს, რაც თავად სურს. რა თქმა უნდა, ზამთარში თხელი მაისურით გასვლის შესაძლებლობას ვერ მისცემთ, მაგრამ სხვადასხვა ვარიანტს შორის, თავად აარჩევინეთ, რომელი სურს, რომ მოირგოს.
  5. მიეცით მაგალითი - ბავშვები ძალიან კარგად სწავლობენ მაგალითით, თუნდაც უფროსი დედმამიშვილების შემთხვევებზე. ამიტომ, აჩვენეთ, როგორ იცვამენ ისინი, თავად როგორ ცდილობთ ღილების შეკვრას.
  6. დაეხმარეთ - თუ ბავშვი კოლგოტს იცვამს, შეაქეთ, რომ ეს დამოუკიდებლად მოახერხა, მაგრამ შემდეგ გაუსწორეთ, დაეხმარეთ, რომ სწორად ჰქონდეს ფეხზე მორგებული.
  7. შეაქეთ - უთხარით, რომ ძალიან კარგია, ასეთი მონდომებული რომაა. აღნიშნეთ მცირე წარმატება, უნარის გაუმჯობესება. კატეგორიულად არ შეიძლება ყვირილი, ჩხუბი, ნეგატიური ფრაზების თქმა, სხვებზე შედარება და სხვა ბავშვების ფონზე მისი დაკნინება. წაახალისეთ მცდელობა და მომავალში უკეთესად გამოუვა.