"თუ დედა შვილს ცივად ექცევა და სითბოს არ გამოხატავს, ეს ბავშვის ცხოვრებაზე მძიმე კვალს ტოვებს" – ბავშვები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მშობლებს არ უყვარდათ - მშობლები

"თუ დედა შვილს ცივად ექცევა და სითბოს არ გამოხატავს, ეს ბავშვის ცხოვრებაზე მძიმე კვალს ტოვებს" – ბავშვები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მშობლებს არ უყვარდათ

2023-05-04 12:38:32+04:00

ბავშვების ცხოვრებაში, მათ განვითარებასა და სამომავლო წარმატებაში მშობლებს განსაკუთრებული როლი აქვთ. ფსიქოლოგები ყოველთვის აღნიშნავენ, რამდენად მნიშვნელოვანია, მშობლებმა შვილების მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატონ, ჩაეხუტონ და შეაქონ. მათი თქმით, ეს პირდაპირ მოქმედებს თვითშეფასებაზე და სამომავლო წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და სხვადასხვა წიგნის ავტორი, ჯონის უები დარწმუნებულია, რომ თუ დედა შვილის მიმართ ცივია, არ გამოხატავს გრძნობებს, არ ეფერება და სითბოს არ უზიარებს, ეს ბავშვის ცხოვრებასა და ქცევაზე საკმაოდ ძლიერ კვალს ტოვებს. იგი ასახელებს კონკრეტულ ნიშნებს, თუ რა შეიძლება ახასიათებდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში ფიქრობდნენ, რომ მშობლებს არ უყვარდათ:

1. კარგი მსმენელები არიან, მაგრამ საკუთარ თავზე იშვიათად საუბრობენ

ალბათ, სანაცნობო წრეში გყავთ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ, ყველაფერი გაუზიაროთ, თქვენი დარდისა და პრობლემების შესახებ მოუყვეთ. თუმცა, ამავდროულად, მის შესახებ თავად ბევრი არაფერი იცოდეთ, რადგანაც საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს. ასეთ ადამიანებს თავისი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის ეშინიათ, რადგანაც ფიქრობენ, რომ ეს სხვისთვის უმნიშვნელოა და არავინ გაიზიარებს.

2. ფიქრობენ მხოლოდ სხვებზე

ადამიანები, რომლებსაც ბავშვობის ტრავმა აქვთ და ფიქრობენ, რომ მშობლებისთვის არასასურველნი იყვნენ, ხშირ შემთხვევაში, ზრდასრულობაში მსხვერპლის გაღებას არიან მიჩვეულნი. ირგვლივმყოფებს ეკითხებიან, როგორ გრძნობენ თავს, დახმარება ხომ არ სჭირდებათ, მზრუნველობას გამოხატავენ. მაგრამ, თავად რომ ჰკითხოთ, როგორაა, შესაძლოა, დაიბნეს, რეალური განცდები დამალოს და თქვას: "კი, კი, ყველაფერი კარგადაა."

7-1683189875.jpg

3. არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების გამოხატვა

თუ ბავშვს თავიდანვე არ აგრძნობინებთ, რომ მისი ემოციები, განცდები მნიშვნელოვანია, რომ უსმენთ და მზად ხართ, დაეხმაროთ, მომავალში ვერც თავად შეძლებს გრძნობების გამოხატვას. ასეთ ადამიანებს პირად ურთიერთობებშიც ძალიან უჭირთ. მაგალითად, მეუღლე, შეყვარებული ყველანაირად ცდილობს, ასიამოვნოს, კარგი განწყობა შეუქმნას, თავად კი დუმს და ვერ ამბობს, რა მოსწონს და რა უხარია.

4. არ საუბრობენ ბავშვობაზე

ასეთი ადამიანები ხშირად წარსულის გახსენებას გაურბიან და საერთოდ არ სურთ, ბავშვობაზე ილაპარაკონ. თუ შეეკითხებით, როგორ სწავლობდა სკოლაში, რას აკეთებდა შაბათ-კვირას, რა მულტფილმების ყურება უყვარდა, შესაძლოა, თქვას, რომ არ ახსოვს და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანოს.

5. გაურბიან კონფლიქტებს

კონფლიქტის არიდება, რა თქმა უნდა, სასარგებლო უნარია, მაგრამ როცა ეს ადამიანს საკუთარი თავის, ინტერესების, გრძნობებისა და რეალური სურვილების მსხვერპლშეწირვად უჯდებათ, ძალიან ცუდია. ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობაში მშობლების მხარდაჭერა არ ჰქონდათ, სულ უნდათ, არავინ გამოხატოს მათ მიმართ პრეტენზია, თრგუნავენ იმას, რაც თავად სურთ და ისე იქცევიან, რომ კონფლიქტი არ გამოიწვიონ.

5-1683189893.jpg

6. არ იციან, როგორ მოიქცნენ მაშინ, როცა სხვა გამოხატავს ემოციას

როგორც წესი, ასეთი ადამიანები ძალიან იბნევიან, როცა ხედავენ, რომ სხვა ტირის, რადგანაც მას ოჯახში თანაგრძნობის მაგალითი არ ჰქონია და არ იცის, როგორ მოიქცეს.

როგორ ავირიდოთ მსგავსი პრობლემები თავიდან?

  • დაინტერესდით ბავშვის ემოციებით - ჰკითხეთ, როგორ ჩაიარა მისმა დღემ, რაზე ინერვიულა, რა გაუხარდა. აგრძნობინეთ, რომ მისი სიტყვები და ემოციები თქვენთვის მნიშვნელოვანია.
  • გვერდით დაუდექით, თუ კონფლიქტი აქვს - არასოდეს გაკიცხოთ და დაამციროთ საჯაროდ. დაელაპარაკეთ მაშინ, როცა მარტო იქნებით და აუხსენით, რა არ მოგწონთ. გამოხატეთ მხარდაჭერა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლის სახით ძლიერი დასაყრდენი ჰყავს.
  • ესაუბრეთ გრძნობებზე - მოიყვანეთ მულტფილმის გმირების მაგალითები. განიხილეთ, რა სწყინთ და უხარიათ მათ. უთხარით, რომ საკუთარ ემოციებზე საუბარი სირცხვილი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია.
  • დაიცავით საზღვარი - თუ ამჩნევთ, რომ ბავშვს საუბარი არ სურს, ნუ აიძულებთ. იყავით მომთმენი, გაუზიარეთ თქვენი განცდები, ემოციები, მიეცით მაგალითი და თავადაც დაიწყებს საუბარს.