3 შეცდომა, რომელსაც შვილებთან ურთიერთობისას ვუშვებთ - წიგნის „ერთი კვირა ერთ ოთახში“ მიხედვით - მშობლები

3 შეცდომა, რომელსაც შვილებთან ურთიერთობისას ვუშვებთ - წიგნის „ერთი კვირა ერთ ოთახში“ მიხედვით

2023-05-08 10:46:51+04:00

ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ შვილებს საუკეთესო ბავშვობა ვაჩუქოთ. მათ ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა ვაყენებთ და ყოველდღიურად ვიღვწით, რომ ღირსეული მომავალი შევუქმნათ. ამ მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ ვიღებთ ჩვენ მიერ გაღებულ მსხვერპლთან შეუსაბამო შედეგს - პროტესტი შვილის მხრიდან, ჩვენ მიმართ გამოვლენილი „უსაფუძვლო“ აგრესია და შემაშფოთებელი გაუცხოებაც კი. ამ დროს უსათუოდ გვიპყრობს მთავარი შეკითხვა - „რა შეცდომა დავუშვით“? აღნიშნულ კითხვაზე პასუხს მივაგენით თათული ღვინიანიძის ახალ ბესტსელერში „ერთი კვირა ერთ ოთახში“, რომელიც ავტორმა ყველა მშობელს მიუძღვნა. გთავაზობთ 3 შეცდომას, რომელსაც შვილებთან ვუშვებთ და შედეგს აუცილებლად ვიმკით მათთან ურთიერთობის გაფუჭებისა თუ კონფლიქტების სახით; უარეს შემთხვევაში კი, კავშირის დაკარგვითაც.

პირველი შეცდომა: ჰიპერმზრუნველობა, რომელიც მაკონტროლებელ მექანიზმად გვაქცევს

სიყვარული, უპირველესად, ქმედებაა და მზრუნველობაში ვლინდება; ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შვილის კეთილდღეობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია. კვების რაციონის განსაზღვრა, სწავლა-განათლებაში აქტიური ჩართულობა, სამეგობრო წრის სელექცია, რომანტიკული პარტნიორის შერჩევა, სექსუალური ცხოვრების ზედამხედველობა, კონკრეტული პროფესიისა თუ ჰობისკენ ბიძგი ან დაჟინება, მრავალი სხვა დეტალთან ერთად, მოწმობს, რომ შვილის ცხოვრების ყველა ასპექტში ღრმად ვიჭრებით და საბოლოოდ მასზე სრულ კონტროლს ვამყარებთ. წიგნში „ერთი კვირა ერთ ოთახში“ კარგადაა წარმოჩენილი პროტაგონისტის - ლუკასის - ურთიერთობა დედ-მამასთან, რომელიც ჰიპერმზრუნველობით ვაჟში პროტესტის სურვილს თესავს და გაუცნობიერებლად გაქცევისკენაც კი უბიძგებს მას. რომანის დახმარებით პარალელს ვავლებთ დღევანდელ რეალობასთან და აშკარა ხდება, რომ შვილების „ცხოვრების მოწყობით“ შეპყრობილი მშობლები ვაჟებს/ქალიშვილებს არ უტოვებენ პირად სივრცეს განვითარებისთვის, საკუთარი თავის გაცნობისა და დამოუკიდებლობისთვის, რაც პიროვნებაში შინაგან კონფლიქტს აღვივებს, ოჯახისგან მტკივნეულ სეპარაციას აიძულებს და მშობლებისადმი უარყოფითად განაწყობს.

მეორე შეცდომა: სიყვარულითა და დანაშაულის გრძნობით მანიპულაცია

რთულია გააცნობიერო - და კიდევ უფრო ძნელია აღიარო - რომ შვილით მანიპულირებ: სამართავად იყენებ სიყვარულს, მადლიერებისა და დანაშაულის გრძნობებს. საქმე ისაა, რომ მშობლის გამოცდილება და ცხოვრებისეული სიბრძნე მრავალფეროვანია, ამიტომ ხშირად იმის განსაზღვრა შეგვიძლია, რაც ჩვენი გამოუცდელი და ძალიან ახალგაზრდა შვილებისთვის უხილავია. გვსურს დავიცვათ ისინი და სწორ გზაზე დავაყენოთ, ამ კეთილშობილური მიზნის განსახორციელებლად კი მათი დაყოლიება გვჭირდება, სწორედ ამიტომ მივმართავთ მანიპულაციას. როგორც წიგნის „ერთი კვირა ერთ ოთახში“ მთავარი გმირი ამბობს, „შეიძლება ყველას დაუპირისპირდე, მაგრამ მშობლის წინაშე უძლური ხარ; მხოლოდ მას შეუძლია უბრძოლველად დაგამარცხოს, დანებება გაიძულოს სიყვარულისა და მადლიერების სახელით. სიყვარულით მანიპულირება ყველაზე უღირსი საქციელია უღირს საქციელთა შორის - ამ გრძნობის სამარცხვინო დაკნინებაა, მაგრამ ყველა მიმართავს, ვინც კი სიყვარულით დამონების ძალა შეიცნო.“ გარკვეულ ასაკში ჩვენი შვილები ურთიერთობათა სპეციფიკაში ერკვევიან და მანიპულაციის დაიდენტიფიცირებას იწყებენ; რასაც, ბუნებრივია, თან სდევს ჩვენდამი ბრაზი, ჩვენი დადანაშაულება და ჩვენ წინააღმდეგ აჯანყების სურვილი (თავისუფლების მოსაპოვებლად, საკუთარი ბედ-იღბლის სადავეების ხელში ჩასაგდებად).

დანაშაულის გრძნობა, რომელსაც შვილებში ვნერგავთ, რათა ჩვენი აზრი გაითვალისწინონ, საბოლოო ჯამში აზარალებს მათ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, აისახება ცხოვრების ყველა ასპექტზე, ხელს უშლის საკუთარი თავის შეყვარებას, შინაგანი ჰარმონიის მიღწევას, ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებას, კარიერის შექმნასა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. „წარმოვიდგინე, ალექსანდრეს სახე, როცა დაინახავდა, რომ მისი საამაყო ვაჟი სუფრასაც კი ვერ უძღვებოდა, არათუ დიპლომატიურ მისიას. ვერ ვიტანდი იმედგაცრუებას... საკუთარი იმედების გაცრუებაზე მეტად, იმას ვერ ვიტანდი, სხვას რომ ვუცრუებდი იმედს. დანაშაულის გრძნობა ისე შემოიპარა, თითქოს სულის სარკმელი ღია დამრჩა, მიაგნო და დრო იხელთა. ისეთი დაღლილი ვიყავი ამ განცდასთან თანაცხოვრებით... სულის მოთქმა მჭირდებოდა! რამდენჯერ გავაძევე და მაინც ყოველ ჯერზე იპოვა უკან დასაბრუნებელი გზა. სწორი ნაბიჯის გადადგმის დროსაც კი თან მდევდა, რადგან ის, რაც ჩემთვის იყო სწორი, სხვისი საზომით, შესაძლოა არასწორი ყოფილიყო - ასე ვიხლიჩებოდი სხვადასხვა საზომებს შორის.“ - წერს ლუკასი.

მესამე შეცდომა: ეგოიზმი - შვილის ინდივიდუალიზმის უარყოფა და საკუთარ თავთან მიმსგავსების მცდელობა

ხშირად სრულიად გაუცნობიერებლად, ზოგჯერ კი ცნობიერის კარნახით, შვილებში ჩვენს თავს ვხედავთ და ვცდილობთ, მათი მეშვეობით ხელახლა განვლოთ საკუთარი ცხოვრება - ავიხდინოთ განუხორციელებელი ოცნებები, გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები, დავიკმაყოფილოთ მსხვრევადი ეგო და განვიკურნოთ ტრავმებისგან. ამ დროს სრულიად უგულებელვყოფთ შვილის გრძნობებსა და ემოციებს, თვალს ვხუჭავთ მის ინდივიდუალიზმზე, რაც ჩვეულებრივ, მრავალი სახით ვლინდება - ინტერესების, შეხედულებებისა და მისწრაფებების სხვადასხვაობით. როცა ვაჟის/ქალიშვილის სურვილები თუ მოსაზრებები ჩვენსას არ ემთხვევა, იმედი გვიცრუვდება და შიშიც კი გვიპყრობს, რომ დავკარგავთ შვილს და ამავდროულად, საკუთარი თავის არარეალიზებულ ნაწილს; ამით კი ერთი მხრივ, ხელიდან გამოგვეცლება „ბოლო შანსი“, მეორე მხრივ, მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ შვილი არც ჩვენი საკუთრებაა და არც ჩვენი „მეორე სიცოცხლე.“ რომანის „ერთი კვირა ერთ ოთახში“ პროტაგონისტი თვითგამორკვევისას დედ-მამას ეგოიზმში ადანაშაულებს და გამოხატავს გულის ტკივილს, რომ მშობლები არ ინტერესდებიან ხოლმე შვილების სულიერი მდგომარეობით, ეს კი თავის მხრივ, სამუდამო დაღს ასვამს პიროვნებას ზრდასრულობისას: „ადრევე გავაცნობიერე, რომ მშობლები ყველაზე ნაკლებად იცნობენ შვილებს, ზედმეტად გატაცებულნი არიან თავიანთი წარმოდგენებით და, რაც მთავარია, იმედით, რომელსაც შვილებზე ამყარებენ. შენც აღარაფერი გრჩება იმის გარდა, რომ მოერგო მათ მიერ შერჩეულ როლს და ისე იცხოვრო, როგორც ელოდებიან... ამისთვის კი, რა თქმა უნდა, საზღაურსაც ახდევინებ - აუცილებლად სჯი, გაუცნობიერებლად მაინც.“

მიუხედავად იმისა, რომ რომანი „ერთი კვირა ერთ ოთახში“ სავსეა მშობლებისთვის განკუთვნილი გაკვეთილებითა და ხერხებით, რომლებიც დაგვეხმარება შვილებთან კონფლიქტის მოგვარებაში, გადავწყვიტეთ, მათი აღმოჩენისა და გაანალიზების დანარჩენი გზები თქვენთვის დაგვეთმო. ვფიქრობთ, რომ შვილის შინაგან სამყაროში მოგზაურობას თითოეული ჩვენგანი დამოუკიდებლად უნდა შეუდგეს. ჩვენც, ავტორის მსგავსად, გვჯერა, რომ თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა შესაძლებელია, თუკი წარმოვაჩენთ მზაობას და შვილების პრიზმიდანაც აღვიქვამთ ცხოვრებას.

R