ნატო ჯანაშია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელია. 37-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს და ამბობს, რომ მოსწავლეებთან, მშობლებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობამ ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა. თავის მხრივ, მრავალი წელია, საკუთარ ენთუზიაზმს, ცოდნასა და სიყვარულს ბავშვებს უზიარებს და ცდილობს, მათ ბევრი საინტერესო აქტივობა შესთავაზოს. თავისი გამოცდილების, მოსწავლეებთან ურთიერთობის, მშობელთა ჩართულობისა და ზოგადად, სკოლის როლის შესახებ თავად გვესაუბრება:
- შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ პედაგოგის პროფესიას ადრეული ასაკიდან ვეზიარე და შევიყვარე. დედაჩემი დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო და მუდმივად მის გვერდით ვიყავი წამოსკუპებული. ერთხელ, როცა წერა-კითხვა ვისწავლე, გაკვეთილის გეგმის შედგენაც კი შევთავაზე. ასე რომ, მასწავლებლის პროფესიის არჩევაზე გადაწყვეტილება ბავშვობიდან მივიღე.
ახლაც ჩემი დევიზია - ასჯერ რომ დავიბადო, ასჯერვე მასწავლებლობას ავირჩევ. ეს დიდი პასუხისმგებლობა ყოველთვის გაცნობიერებული მქონდა, რადგან მიწევს მოსწავლის როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური აღზრდა.
ყოველთვის მიყვარდა პატარები და სწორედ ეს სიყვარული დამეხმარა, რომ ბავშვებთან კარგი ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა. რთული პერიოდი და წინააღმდეგობებიც მქონია, მაგრამ მთავარია, ამის გადაჭრა ჩემი შემოქმედებითი შრომით შევძელი.
- როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის მიყვარდა პატარები, მათთან კონტაქტი, ურთიერთობა, თამაში მომწონდა. 9 წელი საბავშვო ბაღის გამგე ვიყავი. სწორედ ეს დამეხმარა, სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე მათთან სწორი კომუნიკაცია მქონოდა და მათში ნდობა და სიყვარული მომეპოვებინა. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მოსწავლეს სკოლა, სწავლის პროცესი არ უყვარს, არც აინტერესებს, რას ასწავლიან და რისი გაგება შეუძლია. სწორედ ამ დროს მასწავლებელსა და მშობელს განსაკუთრებული როლი აქვთ. ამ შემთხვევაში მოსწავლეს უნდა გავაგებინოთ, რომ სკოლა მარტო გაკვეთილები, საშინაო დავალებები, საკონტროლო წერები არ არის და რომ აქ მათ მეგობრები ელოდებიან. ძალიან ბევრი კლასგარეშე თამაშობა და სახალისო აქტივობა შეიძლება შევთავაზოთ. ამასთანავე, ბავშვებს უნდა მივცეთ წარმოდგენა და დავარწმუნოთ, რომ მასწავლებელი მათი უფროსი მეგობარია, რომელთანაც შეუძლია, ღიად ისაუბროს ნებისმიერ საკითხზე. მასწავლებელი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია ბოლომდე ენდოს. სწორედ ასეთი ურთიერთობა უქრობს მოსწავლეს სკოლაზე „საპატიმროს" წარმოდგენას და მასწავლებლის თბილი დამოკიდებულება მოსიყვარულე ადამიანად აქცევს. ამავდროულად, მსგავსი დამოკიდებულებით, მოსწავლე სკოლაში სწავლის სირთულესაც დაძლევს.
- მოსწავლისა განვითარებასა და ცხოვრებისთვის მომზადებაში მასწავლებლის როლი ძალიან დიდია. მასწავლებლებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლაში საქმე ადამიანებთან, პიროვნებებთან გვაქვს, რომელთა გადარჩენა და სწორ გზაზე დაყენება ჩვენი უპირველესი საზრუნავია. ისინი იმდენად ფაქიზი პიროვნებები არიან, რომ მათთან საუბრისას თითოეული სიტყვა აწონილ-დაწონილი და მოზომილი უნდა იყოს. თითქოს, ახალი პიროვნების "გამოძერწვა’’ და მისი სწორი გზაზე დაყენება თავიდან გვიწევს.
- სასურველია, სასწავლო მიზნების მისაღწევად მასწავლებელი სწავლების სხვადასხვა მიდგომასა და მეთოდებს იყენებდეს. ყველაზე მთავარ ამოცანად მიმაჩნია ის, რომ მასწავლებელს გათვითცნობიერებული ჰქონდეს, მოსწავლე ყველაზე კარგად მაშინ სწავლობს, როცა იგი აქტიურია, ქმედითია და არა მაშინ, როდესაც ქმედით ინსტრუქციებს მხოლოდ მასწავლებლისგან იღებს. მოსწავლე მხოლოდ ახალი მასალის მოყოლითა და ახსნით არ სწავლობს, არამედ წიგნებით, თანატოლებთან ურთიერთობით, დაკვირვებებით, კეთებით, საკუთარი გამოცდილებით, გარკვეული დოზით ინტერნეტით - თითოეული ეს საშუალება ნებისმიერ ეტაპზე შემიძლია, გამოვიყენო, მაგრამ მთავარია, პედაგოგიური თვალსაზრისით როგორ ვიყენებთ მათ.
ყველა მასწავლებელი, მათ შორის მეც, დაინტერესებული ვარ მოსწავლეებთან აკადემიური მოსწრების კარგი შედეგი მქონდეს. ამისთვის საჭიროა, ყოველი მოსწავლისთვის შევიმუშაო ინდივიდუალური მიდგომა, სწავლების ხერხები, მეთოდები, რადგან ბავშვები საკუთარი ხასიათითა და თვისებებით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან.
- ყველა ბავშვი სკოლაში შესასვლელად ერთნაირად მზად არ არის. თუმცა, მომავალ პირველკლასელს ცოდნის გარკვეული მარაგი უნდა ჰქონდეს, რომ საგანმანათლებლო პროცესს უფრო ადვილად მოერგოს. უნდა იცოდეს ინფორმაცია საკუთარი თავის, მშობლების და მის გარშემო არსებული სამყაროს შესახებ. ამასთანავე, უნდა ჰქონდეს დათვლის ძირითადი უნარები და განვითარებული მეტყველება (გამონაკლისი სსსმ მოსწავლეა). ამასთანავე, საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის წესები გააზრებულიც ჰქონდეს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალმა პირველკლასელმა მშობლებთან კომუნიკაციით, წიგნის ერთობლივი კითხვით გარესამყაროს შეცნობა შეძლოს. არ არის სავალდებულო, ბავშვმა წინასწარ წერა, კითხვა, ანგარიში იცოდეს, რადგან ეს მას სიახლეების მიმართ ინტერესს უკარგავს. მომავალი პირველკლასელისთვის ყველაფერი უნდა იყოს ახალი, საინტერესო, სახალისო და ფერადი, რათა ახალ სამყაროში შესვლამ სიხარული და ბედნიერება მიანიჭოს.
- პირველკლასელებთან მასწავლებლის შეხვედრის პირველი დღე სასიამოვნო ემოციებთან და შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებული. დადებითი განწყობისა და მოტივაციის შექმნა მეტწილად ჩვენ მიერ დაგეგმილ აქტივობებზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სახალისოა ის.
პირველი კლასის მასწავლებელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, თუ როგორი გულისფანცქალით ელოდებიან მასთან შეხვედრას მშობლები და პირველკლასელები. ამიტომ მათთან შეხვედრისათვის მასწავლებელი მზად უნდა იყოს როგორც საგნის სასწავლებლად, ასევე სულიერი მეგზურის როლის მოსარგებად. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა პირველივე დღეებიდან აღმოაჩინოს, რომ მასწავლებელი მისთვის სანდო ადამიანია. სასურველია, პირველი მასწავლებელი კრეატიული, პოზიტიური იყოს და რაც მთავარია, ბავშვების ესმოდეს, თითოეულ მათგანში ინდივიდუალურ შესაძლებლობებს პოულობდეს. მისთვის ყველა ბავშვის აზრი მისაღები და მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
- გაკვეთილზე მასწავლებლის ყურადღება ყოველთვის იმ მოსწავლისკენ უნდა ჰქონდეს მიმართული, რომელსაც სასწავლო გეგმის დაძლევაში პრობლემა აქვს. მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს. მაგალითად: შრომითი უნარ-ჩვევების დაბალი დონე, მოტივაციის არქონა, სწავლის მიმართ დაინტერესების დაკარგვა, თუ სხვა... ამ პრობლემის მოგვარება კომპლექსურად უნდა მოხდეს. მოსწავლეზე დაკვირვება გვაძლევს საშუალებას, თუ რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარე. ასევე, ვიგებთ ინდივიდუალურ თვისებებსაც. სწორედ ამის შემდეგ დგინდება პრობლემა. გადაჭრის გზები კი მოსწავლესთან ერთად უნდა მოვნახოთ.
პირობითად, გაკვეთილის დასაწყისში, როცა მოსწავლეები კითხულობენ ან ზეპირად პასუხობენ, ამ დროს სუსტ მოსწავლეს ცალკე ეძლევა მარტივი ტიპის დავალება ფერად ფურცლებზე (წითელი, ცისფერი, ყვითელი), სადაც სირთულეების მიხედვითაა განაწილებული დავალება. მოსწავლეები სურვილით ირჩევენ ერთ-ერთს, ასევე გაკვეთილის პერიოდში ხდება რემედიაცია, რაც მოსწავლეს საკითხის უკეთ გაგება-გააზრებაში ეხმარება.
- სკოლა ერთდროულად აკადემიური და აღმზრდელობითი დაწესებულებაა, რომელიც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას და ამისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას. თუმცა, ამავდროულად, კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებას განაპირობებს. აუცილებელია, სკოლამ მოსწავლეს განათლების მნიშვნელობა აჩვენოს და გააზრებინოს, რომ ეს მიზნის მისაღწევად აუცილებელია პირობაა.
სკოლიდან მოსწავლემ, გარდა აკადემიური განათლებისა, ძალიან მნიშვნელოვანი უნარები, ღირებულებები და ფასეულობები უნდა წაიღოს, რომლებიც ცხოვრების გზაზე გამოადგება. სკოლამ, პირველ რიგში, ბავშვს სამშობლო, ბუნება, მისი დაცვა და მოვლა უნდა შეაყვაროს. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამას დაწყებით კლასებში უნდა ჩაეყაროს საფუძველი.
ასევე, სკოლამ მოსწავლეებს ურთიერთობა, საზოგადოებაში ქცევის წესები, კულტურაც უნდა ასწავლოს. მთავარი როლი და პასუხისმგებლობა სწორედ სკოლას ეკისრება. გარდა ამისა, სკოლა მოზარდს შემოქმედებით, კრეატიულ უნარებს უნდა უვითარებდეს და აღმზრდელობით ფუნქციას ატარებდეს. ჩემი საყვარელი ფრაზაა: "ვინც მოითმენს, ის მოიგებს."
- მასწავლებელი და მოსწავლე პირობითი ცნებებია. მასწავლებელი მთელი ცხოვრება სწავლობს, რათა ყოველთვის ახალი, საინტერესო საკითხები, აქტივობები და სავარჯიშოები შეიტანოს საკლასო ოთახში. მთელი ჩემი პროფესიული მოღვაწეობა სწორედ ამით შემოიფარგლება.
მოსწავლეებისგანაც ძალიან ბევრი რამ მისწავლია. რომ არა ისინი, შესაძლოა, საკუთარი ინტერესის გამო არც კი მომეძია ახალი ინფორმაცია. მაგრამ მოსწავლეთა დაინტერესებამ გადამაშლევინა და გამახსენა ძველი წლების ნასწავლი და დავიწყებულიც კი.
აუცილებელია, მასწავლებელი შემოქმედებითი იყოს. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, ღამით გამხსენებია ან მომფიქრებია ახალი აქტივობა და სასთუმალთან შემოდებული ბლოკნოტში უცბად ჩამინიშნავს, მერე განმიხორციელებია და საუკეთესო აქტივობაც გამომსვლია. ასეთი შემთხვევა ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში ბევრჯერ ყოფილა.
მასწავლებელი საგნის ცოდნას ყოველთვის უნდა ხვეწდეს. მიუხედავად ამდენწლიანი სწავლებისა, ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებს ახალი მეთოდები და მიდგომები შევთავაზო. მათ კეთებით სწავლება ძალიან უყვართ და ეს გზა ათვისებაში უკეთ ეხმარებათ.
გააკეთე ის, რაც მოსწავლეს მოსწონს; შექმენი ის, რაც მოსწავლეს გაახარებს და დააინტერესებს; მოიქეცი ისე, რომ მოსწავლე გაახალისო და გახადო მიმდობი; თუ მოსწავლე გიყვარს და მასაც უყვარხარ, სწორედ აქ გაქვს კარგი შედეგი.
ასევე, მოსწავლეთა წარმატებისთვის სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს ოჯახს, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. მშობელთა ჩართულობა საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც დადებითად აისახება. სასწავლო პროცესში მათი აქტიურობა სკოლის კულტურას ამდიდრებს. სკოლაც დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მშობლებთან აქტიური ჩართულობა ჰქონდეს.
როდესაც მშობელი შვილის განათლების პროცესშია ჩართული, მოსწავლეს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. ასევე, მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელს ეხმარება, გახდეს უფრო თავდაჯერებული. მასწავლებლები მეტად აფასებენ თავიანთ პროფესიას.
- პირველი, რაც ჩემი პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილებიდან მინდა ვურჩიო დამწყებ მასწავლებელს არის ის, რომ უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად მისი ქცევის, წესის, ზრდილობის, ოჯახური წარმომავლობის, რასისა და რელიგიისა.
მარტო საგნის ცოდნა ვერაფერს მოიტანს, თუ არ იცი, როგორ უნდა მიუდგე თითოეულ მოსწავლეს. უნდა გაითვალისწინო მისი ინდივიდუალური თავისებურებები.
მასწავლებელი უნდა უყვარდე მოსწავლეს, უნდა იყო მისი მეგობარი. ის მას მეგობრად, მესაიდუმლედ, თავის უახლოეს ადამიანად უნდა თვლიდეს. დადგენილია, რომ მოსწავლეს რომელი მასწავლებელიც უყვარს, მის საგანსაც კარგად სწავლობს. ასე, რომ წარმატების მისაღწევად ურთიერთსიყვარული ყველაზე კარგია.
არასოდეს დაიბაროთ მშობელი საყვედურის სათქმელად, რადგან ამით მშობელსა და მოსწავლეში ნდობას კარგავთ. შეიძლება ეს უმტკივნეულოდ გააკეთოთ. შეეცადეთ, მოსწავლესთან საერთო ენა მოძებნოთ. მშობელს სკოლაში მოსვლა უნდა უხაროდეს. ყოფილა შემთხვევა, მისი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობლის დაბარების გარეშე შემიძენია მოსწავლისათვის საჭირო სასწავლო ნივთი.
სკოლის, მშობლის, კოლეგებისა და საზოგადოების წინაშე მხოლოდ და მხოლოდ შენი შრომითა და შემოქმედებით უნდა გახდე საყვარელი მასწავლებელი. იცოდეთ, რომ შრომა არსად და არასდროს დაიკარგება. იყავით ბედნიერი მოსწავლის ბედნიერებით.
თამარ იაკობაშვილი