როდესაც პაშა კონოპლიოვი სამი წლის იყო, განვითარების შეფერხების დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ბიჭს რთული განტოლებების ამოხსნა შეეძლო, 15 წლის ასაკში კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა მას სრულიად განსხვავებული ბედი და მომავალი ელოდა...
პაშა კონოპლიოვი მოსკოვში, 1971 წლის 25 მარტს დაიბადა. დედამისი ფიზიკოსი იყო, მამა კი ტექნიკოსი. ბიჭის დედა ყოველთვის ამბობდა, რომ ბავშვი ძალიან სწრაფად, პრაქტიკულად, ტკივილის გარეშე დაიიბადა, თუმცა შემდეგ ბევრი განსაცდელი შეხვდათ. ბავშვს მალევე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. პირველი ინფექცია ჯერ კიდევ სამშობიაროში ყოფნისას აიკიდა, შემდეგ კი ძალიან ხშირად ავადობდა. სამი წლის ასაკში, ქალაქის კლინიკის პედიატრმა აღნიშნა, რომ ბიჭი ძალიან სუსტი იყო და თანატოლებს განვითარებაში ჩამორჩებოდა, ამიტომ მშობლებს შესთავაზა, სპეციალურ ცენტრში წაეყვანათ და მისი გონებრივი შესაძლებლობები შეემოწმებინათ.
თუმცა, ტესტის შედეგები საერთოდ არ იყო ისეთი საოცარი და საშიში, როგორსაც მშობლები ელოდებოდნენ. ბიჭმა ბრწყინვალედ ჩააბარა ყველა ტესტი და მისი ასაკისათვის ძალიან რთულ ამოცანებსაც უმარტივესად გაუმკლავდა. ექიმები გაოცებულები იყვნენ.
სკოლამდე რამდენიმე წლით ადრეც კი პაშამ არა მხოლოდ წერა-კითხვა იცოდა გამართულად, არამედ გამრავლება, გაყოფა, რთული მათემატიკური ოპერაციების გამოთვლაც შეეძლო. პატარა გენიოსის დედა ამბობდა, რომ ბავშვს ჩვეულებრივად ზრდიდა, უბრალოდ, პატარას თავად ჰქონდა ინტერესი, რაღაცები ესწავლა. პაშა ამას ისეთი მონდომებითა და შემართებით აკეთებდა, მშობლები მალევე მიხვდნენ, რომ ბავშვს რაღაც განსაკუთრებული უნარი და შესაძლებლობები ჰქონდა.
შვიდი წლის ასაკში სპეციალური ტესტი ჩააბარა, რომლის მიხედვითაც მისი IQ 142 ქულით შეფასდა. შედარებისთვის მსოფლიოს ცნობილ მოჭადრაკე ჩემპიონებს დაახლოებით 150 ჰქონდათ.
კონოპლიოვს არა მხოლოდ ზუსტი მეცნიერებები, არამედ შემოქმედებითი საქმიანობაც უყვარდა. ძალიან კარგად გამოსდიოდა ხატვა, თარგმნიდა წიგნებს ინგლისურიდან რუსულად, წერდა ლექსებს, ქმნიდა მუსიკას. შემდეგ მშობლებმა მათემატიკურ ლიცეუმში შეიყვანეს, მაგრამ ბიჭს იქ ყოფნა ძალიან უჭირდა, ყოველდღე ცუდი განწყობითა და შეფასებით ბრუნდებოდა, რადგანაც პროგრამა იმდენად მარტივი იყო, რომ მოტივაცია აღარ ჰქონდა. თავისუფალ დროს გამომგონებლობას უთმობდა.
იმისათვის, რომ შვილის ნიჭი არ დაეკარგათ, მშობლებმა ცნობილ ფსიქოლოგთან მიიყვანეს, რომელიც ბავშვს აკვირდებოდა და ცდილობდა გაერკვია, რაში იყო მისი ფენომენალური ნიჭის საიდუმლო. ფსიქოლოგი მაშინვე მიხვდა, რომ პაშას რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობები ჰქონდა, ამიტომაც სპეციალიზებულ სკოლაში შეიყვანეს და პირდაპირ მეოთხე კლასში დასვეს. ამავდროულად, ასტრონომიის წრეზე დადიოდა. მისმა მასწავლებელმა ბავშვი შტენბერგში, ასტრონომიულ ინსტიტუტში სამუშაოდ მიიწვია.
ბიჭი 9 წლის იყო, როდესაც პროფესორის ასისტენტად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ასაკის იყო, მას ყველა სერიოზულად ექცეოდა და მის აზრსაც ითვალისწინებდნენ. მე-10 იუბილეს დროს კი ყველაზე უჩვეულო საჩუქარი მიიღო, მისი სამეცნიერო სტატია მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალმა გამოაქვეყნა. ეს პაშასთვის უდიდესი აღიარება და პატივისცემა იყო.
მალე ბიჭის შესახებ მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა ინფორმაცია. ზოგი მისი ნიჭით აღფრთოვანებული იყო, ზოგიც მშობლებს ადანაშაულებდა, რომ ბავშვს ბავშვობა წაართვეს. დედა კი ამბობდა, რომ მას ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, უბრალოდ ძალიან ნიჭიერი იყო. თამაშობდა ეზოშიც, უყვარდა ფეხბურთი და თანატოლებთან გართობა.
15 წლის ასაკში პაშამ საშუალო სკოლა დაამთავრა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მაგრამ ბიჭს იქ ყოფნაც უჭირდა. ყველა სტუდენტი მასზე უფროსი იყო და "ბავშვად“ თვლიდნენ, არ ემეგობრებოდნენ. გოგონები კი მაშინ აქცევდნენ ყურადღებას, როცა დავალების გადაწერა სჭირდებოდათ...
თავიდან პაშას ცხოვრებაში ყველაფერი მაინც ასე თუ ისე მშვიდად იყო, მაგრამ ერთ დღეს ერთი გოგონა განსაკუთრებულად შეუყვარდა. გამოუტყდა კიდეც სიყვარულში, მაგრამ გოგონამ გრძნობაზე არ უპასუხა. პაშას დედა იხსენებს, როგორ მივარდა იმ საღამოს მისი შვილი სახლში, ოთახში ჩაიკეტა, მუსიკა მაღალ ხმაზე ჩართო, ტიროდა და თვითმკვლელობა სცადა.
ამ ამბის შემდეგ თავის თავში ჩაიკეტა და გადაწყვიტა, რაღაც შეეცვალა. პოლიტიკოსობა გადაწყვიტა უცებ, გამოსცემდა საკუთარ გაზეთს და მთელ ქვეყანაში მოგზაურობდა, ადამიანების ყოფას აკვირდებოდა, ხალხს საკუთარ კანდიდატურას სთავაზობდა.
19 წლის ასაკში საოლქო საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი გახდა, შემდეგ კი მაგისტრატურაზე დაიწყო სწავლა. ბევრი ელოდებოდა, რომ კონოპლიოვი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი ფიგურა გახდებოდა... მაგრამ, წლები გადიოდა და მის შესახებ აღარაფერი ვრცელდებოდა. ამასობაში საბჭოთა კავშირიც დაინგრა და ახალგაზრდა გენიოსის წარმატება ბევრმა უგულებელყო, საჭირო კადრად არ მიიჩნევდნენ.
ბიჭს ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, რაც სულ უფრო მწვავდებოდა. ჰქონდა დიაბეტი და ჭარბი წონა. 2000 წლის 17 სექტემბერს, 30 წლის ასაკში ფილტვის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა...
დღეს პაშას სახელი ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ მისი დედა პირად ბლოგს ისევ აწარმოებს და შვილის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას აქვეყნებს.