ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია დედა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მის მიმართ შვილებს:
- ჩვენ ადამიანთა შორის ვცხოვრობთ და მათთან სხვადასხვა კავშირი გვაქვს. მეგობრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან, ნაცნობებთან, უცნობებთან - ყველასთან თავისი მიდგომა და სიტყვა გვჭირდება. მაგრამ, მათ შორის არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ეს არის დედა. დედას არაფერი უსაყვედუროთ, უხეშად არაფერი უთხრათ. თუ ვინმესგან ზრდილობა და კეთილი ურთიერთობა გისწავლიათ, ეს, პირველ რიგში, დედასთან გამოავლინეთ. ის ჩვენი ცხოვრების თავი და ბოლოა. ღმერთი ადამიანებს დედის მეშვეობით აჩენს. ჩვენს პლანეტას დედის მეშვეობით ასახლებს. ასე, რომ თუ რამე გიწყენინებიათ, დაუყოვნებლივ ბოდიში მოუხადეთ და ამის შემდეგ ალერსი გამოხატეთ, გულში ჩაიხუტეთ. ორი ყური გაქვთ და ორივეთი მოუსმინეთ. ორი თვალი გაქვთ და ხარბად უყურეთ, იმიტომ, რომ დედა წავა და გული არ დაიწყვიტოთ იმითი, რომ მას რაღაც დააკელით.