რა ასაკში იწყება ბიჭებში სქესობრივი მომწიფება და როდის უნდა მიხვდეთ, რომ ის ნაადრევი, ან დაგვიანებულია - ზურაბ მარშანიას განმარტება - მშობლები

რა ასაკში იწყება ბიჭებში სქესობრივი მომწიფება და როდის უნდა მიხვდეთ, რომ ის ნაადრევი, ან დაგვიანებულია - ზურაბ მარშანიას განმარტება

2023-05-11 11:09:45+04:00

რა ნიშნებით ვლინდება ბიჭებში სქესობრივი მომწიფება, როდის ითვლება ნაადრევად, ან დაგვიანებულად და რა საფრთხეს უქმნის ვაჟის განვითარებას დედის მხრიდან ზედმეტი კონტროლი და მზრუნველობა - ექიმი-სექსოლოგი ზურაბ მარშანია "იმედის დღის" ეთერში საუბრობს:

- ბიჭებში სქესობრივი მომწიფება 10-დან 14 წლამდე პერიოდში იწყება. შეიძლება, ცოტა ადრეც, მაგალითად, 9 წლის ასაკშიც გამოვლინდეს, რაც პათოლოგიად არ მიგვაჩნია. თუმცა, აღსანიშნავია, ბიჭის განვითარების ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესს შეიძლება, ძლიერმა სტრესებმა, ტრავმულმა და ტოქსიკურმა ურთიერთობებმა, რომლებიც ოჯახშია და სამწუხაროდ, ეს ხშირია, ძალიან სერიოზული დაღი დაასვას. გასათვალისწინებელია კვება. როცა სრულფასოვან საკვებს არ ღებულობს, ან ზედმეტად, არაჯანსაღად და ჭარბად იკვებება, ამას სერიოზული მეტაბოლური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია და განვითარებაზე, რა თქმა უნდა, აისახება. სქესობრივ მომწიფებაზე ჭარბი წონაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. როდესაც ჩემთან პაციენტები მოდიან და ანამნეზს ვკრებ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბავშვობის ასაკიდანვე იწყება სიმსუქნე, მეტაბოლური ცვლილებები და ეს ყველაფერი განვითარებაზე აისახება. ნაადრევი სქესობროვი მომწიფების დროს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-გონადური სისტემა უფრო სხვანაირად, აქტიურად მუშაობს. დაგვიანებული სქესობრივი მომწიფებაც, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ დრამატული არ არის. ეს ყველაფერი მართვადია. მშობელი აუცილებლად უნდა ჩაერიოს და სპეციალისტს მიმართოს. საუკეთესო სპეციალისტი ყოველთვის არის პედიატრი, ოჯახის ექიმი, რომელმაც კარგად იცის, ვისთან გადაამისამართოს მსგავსი სიმპტომების მქონე ბავშვი.

როდესაც ბავშვს ეწყება თმიანობა, მეორადი სასქესო ნიშნები ჩნდება, ხმა უბოხდება, სათესლე ჯირკვლები ზომაში იმატებს - ეს ყველაფერი შესამჩნევია და სქესობრივ მომწიფებაზე მიუთითებს. თუ გვიანდება თმიანობის გაჩენა, პირველ რიგში, ბოქვენზე, მოგვიანებით იღლიაში, როცა არც ერთი არ არის, ესე იგი, პრობლემაა. ან სათესლე ჯირკვლები პატარაა. მშობლის მხრიდან ზედმეტი ყურადღება არასდროს არის ცუდი. მაგრამ, ჰიპერმეურვეობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. არსებობს ასეთი კანონზომიერება, რომ დედასა და ბიჭს, მამასა და გოგონას შორის განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. მაგრამ, როცა ეს ყველაფერი ძალიან ზედმეტ სიყვარულში გადადის, პრობლემას იწვევს. არა იმდენად სხეულის განვითარებაში, არამედ ფსიქოსექსუალური განვითარების კუთხით. აბსოლუტურად ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ ფსიქოსექსუალური განვითარების ეტაპები, რომელიც ბიჭმა უნდა გაიაროს, გამოტოვებულია. ამას ხელს დედის ჰიპერმეურვეობა, კონტროლი უწყობს ხელს, როცა ეუბნება: " აქ არ წახვიდე, ამ გოგოსთან არ დაგინახო, ეს შენი ღირსი არ არის, რა დროს შენი გოგოსთან სიარულია" და ასე შემდეგ. მსგავსი ფრაზების თქმა არ შეიძლება. ხშირად მეუბნებიან მშობლები: "რა ვქნა, ვიღაც გოგონაა, ჩემი შვილი ყურადღებას იჩენს, ძალიან მეშინია." რისი გეშინიათ? თანხა მიეცით, წაახალისეთ, ნაყინი, თაიგული უყიდოს. როცა ქალისადმი დამოკიდებულების ასეთი მოდელი შეიქმნება პატარა ასაკიდანვე, აღარც ამდენი ძალადობა იქნება. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია. თუ ბიჭმა ეს ეტაპები გამოტოვა, შევსება ძნელია, თვეები, ხანდახან წლებიც გვჭირდება. მეტი თავისუფლება მიეცით შვილებს და ფსიქოსექსუალური განვითარება წაახალისეთ. სქესობრივი განათლება 16-17 წლამდეც საჭიროა და ინფორმაცია მშობელმა უნდა მიაწოდოს.