"გავაჩუქებ კაბებს, მხოლოდ იმ გოგონებზე, ვისაც ბანკეტი აქვს და მგონია, რომ ჩემი გვერდში დგომა სჭირდებათ. ასეთი სამი კაბა მაქვს - შავი, იასამნისფერი და რძისფერი... წინასწარ გავისაუბროთ, გამეცანით. ძალიან გამახარებთ, თუ გაგილამაზებთ თქვენთვის მნიშვნელოვან დღეს. მაქვს კიდევ სხვა კაბებიც", - ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ ქალის ტანსაცმლის კონსტრუქტორმა ლალიკო ძამაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უამრავი ადამიანის გამოხმაურება დაიმსახურა. იმ ფონზე, რომ ხშირად მშობლები ფინანსების არქონაზე ძალიან დარდობენ და შვილებისთვის ვერ ახერხებენ საბანკეტოდ სამოსის შეძენას, მსგავსი ინიციატივა, ალბათ, ბევრი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი იქნება. ლალიკო ძამაშვილი საკუთარ საქმიანობაზე გვიყვება და გვესაუბრება იმაზეც, თუ რატომ გადაწყვიტა, გოგონებისთვის საკუთარი კაბები ეჩუქებინა:
- როდესაც ბავშვები ჩემთან მოდიან და მათ ბედნიერ სახეს ვუყურებ, საოცარი შეგრძნება მიჩნდება. ძალიან მოსწონთ, სარკის წინ ტრიალებენ და გახდა აღარ უნდათ და ამით მეც უბედნიერესი ვარ. სულ ვცდილობ, ადამიანებს ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი შევთავაზო, მაგრამ ამის მიუხედავად, ყოფილა შემთხვევები, რომ გოგონები ჩემთან მოსულან, კაბისთვის ზომები აგვიღია, ხარჯები განგვისაზღვრავს და აღარ დაბრუნებულან... შემდეგ ფოტოებს ყოველთვის ვათვალიერებ და ძალიან განვიცდი ხოლმე, როცა ის არ აცვიათ, რაც უნდოდათ. მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ისეთი ოჯახები, რომლებსაც საერთოდ არ შეუძლიათ შვილისთვის სამოსის შეძენა. ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა, რომ მისი კლასელი თავად იკერავს კაბას და ამან იმდენად იმოქმედა ჩემზე, მივხვდი, რაღაც უნდა გამეკეთებინა. საკუთარი შოურუმი მქონდა, მაგრამ როდესაც პანდემია დაიწყო, დავკეტე და კაბები ქალაქგარეთ გავიტანე. ჩემს შვილს ვუთხარი, რომ კონკრეტული კაბები აეღო და თბილისში ჩამოეტანა. მაშინვე ვიფიქრე, რომ უნდა გამეჩუქებინა. სოციალურ ქსელში პოსტი გამოვაქვეყნე.
ეს ჩემი აბსოლუტურად გულწრფელი სურვილი იყო და საკუთარი თავის პოპულარიზაციის მიზნით არ გამიკეთებია. არც მეგონა, ამხელა გამოხმაურება თუ ექნებოდა. 5 კაბიდან 1 დამრჩა, რომელსაც ერთი გოგონა ელოდება, რაიონშია და ჯერ ვერ ჩამოვიდა. ვერ აღგიწერთ, რა ბედნიერი ვარ და რა სიამოვნება მივიღე ამით. ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქორწინო კაბაც გამიჩუქებია, უფასოდ შემიკერავს, უფასოდ მიმიქირავებია, როცა ვგრძნობ, რომ ადამიანს უჭირს და დახმარება სჭირდება. ამას არავინ მავალებს და არც არავინ მიმითითებს, უბრალოდ, ადამიანების გასაჭირს ვგრძნობ და მინდა, რომ რაღაცით მეც დავეხმარო. გოგონამ არ უნდა იტიროს იმის გამო, რომ კაბა ვერ შეიძინა და თანატოლების გვერდით ვერ დადგა.
- ჩემს საყვარელ საქმეს მთელი ცხოვრება დავუთმე. თავად ვქმნი დიზაინს, მაგრამ არ მაქვს პრეტენზია, დიზაინერი მერქვას. ქალის ტანსაცმლის კონსტრუქტორი ვარ, როგორც უკვე გითხარით, დიზაინს ვქმნი, კონსტრუქციაზე ვფიქრობ და ვხაზავ. გვერდით ძალიან კარგი თანამშრომელი მყავს, რომელიც ამ ყველაფერს მიკერავს და ფრთებს ასხამს. საქართველოში არის ასეთი შეხედულება, შეკერილ კაბას რომ ხედავენ, ან მკერავს ხედავენ მასში, ან დიზაინერს. არავინ ფიქრობს, რომ ძირითადი დასაყრდენი კონსტრუქტორია. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანის ფორმა ზუსტად დაინახო, მისი კარგი დეტალები გამოაჩინო, რაც არ მოსწონს, ოსტატურად დამალო. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ამ საქმეს, დაახლოებით, 20 წელია, ვემსახურები. ჩემი ბრენდი "რარა" შევქმენი, გავხსენი მაღაზია, თუმცა პანდემიის პერიოდში, სამწუხაროდ, ეს მაღაზია დაიკეტა. ახლა ფართი მაქვს ნაქირავები, ძალიან მყუდრო და კომფორტული ადგილია, თუმცა დიდი სივრცე არ არის და ამის გამო გარკვეულ შეკვეთებზე უარის თქმა მიწევს.
- ხშირად გოგონებს სურთ, რომ კონკრეტული კაბა მხოლოდ მათ ეცვათ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ისეთი კაბა შარშან უკვე რამდენიმე შემიკერავს. რა თქმა უნდა, პირდაპირ არ შეიძლება უთხრა და მისი სურვილი დათრგუნო, მაგრამ ვუხსნი, რომ მსგავსი კაბა ბევრი შემიქმნია და ერთად ვცდილობთ, რაიმე დეტალი დავამატოთ, შევცვალოთ, გადავაკეთოთ, რომ გოგონამ ის კაბა ჩაიცვას, რომელიც მოსწონს და თან განსხვავებულიც იყოს. შარშან, ძირითადად, ვარდისფერი და შავი ფერების ტენდენცია ჰქონდათ. წელს უმეტესად თეთრი ფერის საბანკეტო კაბები შევკერე. წლების წინ უფრო დიდი, პომპეზური კაბები მოსწონდათ, ახლა ცდილობენ, მსუბუქი, ცოტა სექსუალური კაბები აირჩიონ, სადაც შიშველი ფეხი, დეკოლტე კარგად ჩანს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ ყველაფერზე საუბრისას დედებს უყურებენ. მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ამ კაბას თავად კი არა, მათი შვილები იცვამენ და საკუთარი გემოვნებით უნდა აარჩიონ.
- დიახ, თეძოზე დრაპირებული, გვერდიდან ღრმად შეხსნილი, მაღლა კორსეტით კაბა ყოველ წელს აქტუალურია.
- ბევრი სხვადასხვა დეტალია გასათვალისწინებელი - ფიგურა, წონა, აღნაგობა და ვცდილობ, ვურჩიო, რას მიაქციონ ყურადღება. რა თქმა უნდა, ეს მათი არჩევანია, მაგრამ რჩევის სახით მაინც ვუზიარებ, რა იქნება უკეთესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი არჩეულ სამოსში თავს კომფორტულად გრძნობდეს და უხერხულობის განცდა არ ჰქონდეს. გოგონებს ბევრს ვესაუბრები ხოლმე, რომ ზუსტად გავიგო, როგორი სტილი უნდათ. ასე კაბაც ძალიან უყვარდებათ და ჩემ მიმართაც დიდ სითბოს გამოხატავენ, რაც ძალიან მაბედნიერებს.
თამარ იაკობაშვილი