ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვისთვის მკერდის გამაგრება ან შესიება შეუნიშნავთ და ამაზე ღელავენ. რა იწვევს მკერდის სიმაგრეს როგორც ახალშობილებში, ასევე მოზრდილ ბავშვებში, მკერდთან დაკავშირებით რომელი სიმპტომებია ყველაზე საყურადღებო, რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ნაადრევი სქესობრივი მომწიფებისა და სიმაღლეში ზრდის შესახებ - აქტუალურ შეკითხვებზე პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის "უნივერსი" დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო დარგში, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი გვესაუბრება:
- ახალშობილებსა და ჩვილებში, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში, მკერდის გამაგრებას დედის სასქესო ჰორმონის, ესტროგენის მოქმედება იწვევს, რომელიც ბავშვზეც აისახება. მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული ნიშანი საშიში არ არის, არც რაიმე ტიპის ჩარევაა საჭირო. ის გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით გაივლის. მკერდის სიმაგრე შესაძლოა გამოვლინდეს, როგორც ახალშობილ ვაჟებში, ასევე გოგონებშიც. კომპრესების დადება, გაღიზიანება და სხვადასხვა ტიპის ჩარევა საჭირო არ არის. მკერდის სიმაგრე დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში თავისით გაივლის.
- გოგონებში სარძევე ჯირკვლების ზრდა სწორედ დვრილის უკან გამაგრების გაჩენით იწყება, რომელიც თანდათან იზრდება, ჯირკვლოვანი ქსოვილი ყალიბდება და მკერდი ეზრდება. ეს სრულიად ნორმალური სიტუაციაა. თუმცა, თუ აღნიშნული ნიშანი 8 წლამდე ასაკში ჩნდება, ეს შესაძლოა, ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მანიშნებელი იყოს და ასეთ შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი და სიტუაციის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელია.
ვაჟებში,მოზარდობის ასაკში, მკერდის გამაგრება ფერმენტულმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს, როცა ვაჟის ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონები ქალის ჰორმონად უფრო ჭარბად გარდაიქმნება. ასეთ შემთხვევებში სქესობრივი მომწიფების დაწყებისას ვაჟებმაც შეიძლება მკერდის მცირე გამაგრება იგრძნონ და შესაძლოა, მკერდის ჯირკვლების ზრდაც აღინიშნოს. შემთხვევათა უმრავლესობაში ეს მდგომარეობა ჩარევის გარეშეც შეიძლება ალაგდეს, მაგრამ ექიმთან კონსულტაციის გავლა, რომ გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნისა და სხვადასხვა პათოლოგიის არსებობა, მაინც მიზანშეწონილია.
- გააჩნია, რა ასაკზე ვსაუბრობთ, მაგრამ ლოკალური გამაგრებები, როდესაც ეს სარძევე ჯირკვლების ზრდას არ უკავშირდება, მკერდიდან გამონადენი, საყურადღებო ნიშნებია. ასეთ შემთხვევაში ექოსკოპიური გამოკვლევა, მამოგრაფია დააზუსტებს, რა პროცესები მიმდინარეობს.
- გოგონებში მკერდის ასიმეტრია შეიძლება ჰორმონების აღმქმელი უჯრედების, რეცეპტორების თავისებურებებით იყოს განპირობებული. სისხლში ერთნაირი რაოდენობის ჰორმონი ცირკულირებს, მაგრამ ქსოვილებში ჰორმონის აღმქმელი უჯრედები რეცეპტორებია და ის შესაძლოა, ასიმეტრიულად იყოს განლაგებული. თუ მკერდის ასიმეტრია ძალიან მკვეთრადაა გამოხატული, შეიძლება, გოგონას პლასტიკური ოპერაციის ჩატარებაც კი დასჭირდეს. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, უკვე ზრდასრულ ასაკში. მცირე ასიმეტრიის შემთხვევაში, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და საშიშ სიმპტომს არ წარმოადგენს. თუ აღინიშნება ლოკალური გამაგრებები,წარმონაქმნების არსებობა და მკერდის მკვეთრი დეფორმაცია,გამონადენის არსებობა მკერდის ჯირკვლიდან,ეს საყურადღებო ნიშანია და აუცილებელია, მამოლოგს მიმართოთ.
- მოზარდობის ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როდესაც გოგონას მენსტრუაციები ეწყება, შესაძლოა, ციკლი 1-2 წლის განმავლობაში არარეგულარული იყოს. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ზოგჯერ მშობლებს ცუდ საქმეს უკეთებს. შესაძლოა, გოგონას პირველ წლებში მენსტრუაციის დარღვევა ჰქონდეს, მაგრამ ამ პერიოდშიცაა სიმპტომები, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და ბავშვი ექიმთან მიიყვანონ. თუ ციკლის დარღვევის ფონზე, არსებობს სისხლდენები, გახანგრძლივებული, ჭარბი მენსტრუაცია, საყურადღებოა. გარდა ამისა, თუ საკვერცხეში ფუნქციური კისტაა, ამანაც შეიძლება ციკლის დარღვევა გამოიწვიოს და მშობელი ფიქრობდეს, რომ ციკლის დარღვევა ნორმალური პროცესია. ჩვენთან, სამწუხაროდ, ექიმთან პროფილაქტიკის მიზნით, საკონსულტაციოდ მისვლა დამკვიდრებული წესი არ არის. საკვერცხის დაკარგვას ბევრი პაციენტი გადაგვირჩენია. საკვერცხეში არსებული ფუნქციური კისტა ჰორმონული მკურნალობით ადვილად იკურნება და შეიძლება, ოპერაციის გარეშე გავაქროთ. მაგრამ, თუ დროულად არ მოხდება გამოვლენა, საკვერცხე კისტის არსებობის ხარჯზე მძიმდება, ადვილად იცვლის ფორმას, იგრიხება, ვითარდება ნეკროზი და საკვერცხე ამოსაღები ხდება. გოგონა ცალი საკვერცხით რჩება. ამიტომ, ყველა მშობელს ვურჩევდი, რომ პროფილაქტიკურად ბავშვთა გინეკოლოგთან მიიყვანონ და ციკლის დარღვევის მიზეზები გამორიცხონ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ არაერთი გინეკოლოგიურ-ენდოკრინული სინდრომი (საკვერცხის პოლიცისტოზი, ჰიპერპროლაქტინემია, ადრენო-გენიტალური სინდრომი) სწორედ მენსტრუალური ციკლის დარღვევით ვლინდება და ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ციკლის დარღვევის მიზეზების დადგენა და მიზეზობრივი მკურნალობა.
თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევას თან ახლავს სახეზე გამონაყარი, ჭარბთმიანობა, სიმსუქნე აუცილებელია სპეციალისტთან მიმართვა და შესაბამისი გამოკვლევა.
გარდა ამისა, საყურადღებო სიმპტომებია როგორც ჭარბი წონა, ასევე სხეულის მასის დეფიციტი. ორივე შემთხვევაში სპეციალისტის ჩართულობა და სწორი მიდგომის შემუშავება აუცილებელია. რაც უფრო მეტად იმატებს ბავშვი წონაში, მით უფრო ძნელია მისი დაკლება. ამან კი შესაძლოა, მთელი რიგი რეპროდუქციული დარღვევები გამოიწვიოს. მაგალითად, ციკლის დარღვევა, შემდგომში უნაყოფობა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ასე შემდეგ. წონის დეფიციტიც, როგორც გითხარით, საყურადღებო სიმპტომია და რეპროდუქციულ ფუნქციაზე უარყოფითად მოქმედებს.
ასევე, ბავშვის კვების კომპონენტებია გასათვალისწინებელია. იგი სრულფასოვნად, ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით მდიდარი საკვებით უნდა იკვებებოდეს. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაშიც ექიმთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია, რომ გავარკვიოთ, რატომ აქვს ბავშვს უმადობა.
უცხოეთში როგორც კი გოგონას სქესობრივი მომწიფება ეწყება, როგორც წესი, ექიმთან მიჰყავთ. ის ერთჯერად კონსულტაციას უტარებს მოზარდს, შეაფასებს, რამდენად სწორად მიმდინარეობს სქესობრივი მომწიფების პროცესი. ჩვენთან,სამწუხაროდ, ასე არ არის. როდესაც 14-15 წლის გოგონა მოჰყავთ, რომელიც 95 კილოგრამს იწონის და მშობელი ამაზე არ ღელავს, ძალიან განვიცდი ხოლმე. ამას სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა და ფორმულაში ჩასმა არ სჭირდება. მშობელი უნდა ხედავდეს, რომ ბავშვს პრობლემა აქვს! ეს ხომ ნათლად ჩანს.
- მოზარდობის პერიოდში გოგონების 50%-ს მტკივნეული მენსტრუაცია აღენიშნება. ამ პერიოდში ორგანიზმში ჰორმონი პროგესტერონის ნაკლებობა უფრო ხშირადაა გამოხატული და ადგილობრივი ჰორმონების, პროსტაგლანდინების შეფარდებითი წილი იზრდება, პროსტაგლანდინები საშვილოსნოს შეკუმშვასა და ტკივილს იწვევს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. შეიძლება ისეთი პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც ტკივილს შეამცირებს და გააქრობს. მტკივნეულ მენსტრუაციას ასევე ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიები შეიძლება იწვევდეს და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სპეციალისტს მივმართოთ. ძალიან ხშირად მტკივნეულ მენსტრუაციას ჭარბი სისხლდენა იწვევს. ასეთ დროს სისხლი კოლტდება და მის გამოდევნას პროსტაგლანდინები ხელს უწყობს, რაც ასევე ტკივილს იწვევს.
- მშობელი, როგორც წესი, ყოველთვის ამჩნევს, რომ მისი შვილი თანატოლებს, კლასელებს სიმაღლეში ჩამორჩება. ექიმთან მიმართვა მაშინაა ეფექტური, ვიდრე ზრდის ზონები დაიხურება. ამიტომ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.სიმაღლეში ზრდის შეფერხებას არასრულფასოვანი კვებაც იწვევს, თუმცა არსებობს გენეტიკური პათოლოგიები, რომლებიც ასევე აფერხებს პროცესს. მაგალითად, ტერნერის სინდრომი, როცა საკვერცხეები არ ფუნქციონირებს. ან კიდევ შესაძლოა, ორგანიზმში ზრდის ჰორმონის დეფიციტი არსებობდეს, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია იყოს დაქვეითებული, კუჭ-ნაწლავის პრობლემები ჰქონდეს და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რომ შეფასდეს, რა იწვევს ზრდაში ჩამორჩენას. მაგრამ, როგორც კი ზრდის ზონები დაიხურება, მკურნალობა ეფექტური აღარ იქნება. ზრდის ზონების გამოკვლევა რენტგენოლოგიურად ხდება. გოგონები,ვიდრე პირველი მენსტრუაცია დაეწყებათ, სიმაღლეში ნახტომს აკეთებენ. ერთ წელიწადში 8-10 სმ-მდე იზრდებიან. ამის შემდეგ ზრდის პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობს. როგორც კი საკვერცხე სრულყოფილად იწყებს ფუნქციონირებას, ესტროგენები, რომლებსაც ის გამოჰყოფს, ზრდის ზონებს ხურავენ.
ბიჭებში სქესობრივი მომწიფება, დაახლოებით, 10 წლის შემდეგ იწყება და მამაკაცის ჰორმონები, რომლებსაც სათესლე ჯირკვალი გამოჰყოფს, ასევე ზრდის ზონების დახურვას ხელს უწყობს. თუმცა, ბიჭების შემთხვევაში სქესობრივი მომწიფება უფრო გვიან იწყება, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. ვიდრე სქესობრივი მომწიფება დაიწყება, ზრდის პოტენციალი კარგადაა გამოკვეთილი, შემდეგ უკვე მცირდება. სქესობრივი მომწიფების დასრულებისას ზრდის ზონებიც იხურება. იქამდე ჩარევას და კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რა თქმა უნდა, აზრი აქვს და ექიმს უნდა მიმართოთ.
- თუ გოგონებში 8 წლის ასაკამდე სარძევე ჯირკვლების ზრდა შეინიშნება, დაეწყო მენსტრუაცია, აქვს ჭარბთმიანობა - ეს საყურადღებო ნიშნებია და ნაადრევ სქესობრივ მომწიფებაზე მიუთითებს. როდესაც მეორადი სასქესო ნიშნები ჩნდება, ვიდრე პირველი მენსტრუაცია დაიწყება, საშუალოდ, 2,5 წელი უნდა იყოს შუალედი. თუმცა, თუ ეს პერიოდი გოგონამ აჩქარებულად გაიარა, სარძევე ჯირკვლები გაეზარდა და 6 თვეში მენსტრუაცია დაეწყო, ესეც საყურადღებოა.
ბიჭებში თუ 10 წლამდე ასაკში იწყება სქესობრივი მომწიფება, ჩნდება მეორადი სასქესო ნიშნები, ნაადრევად ითვლება. გოგონებში, საქართველოში, საშუალოდ, პირველი მენსტრუაციის დაწყების ასაკი 12,5 წელია. მაგრამ, ამას 10 წლიდან სარძევე ჯირკვლების ზრდა უსწრებს წინ. ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ყველაზე საყურადღებო შედეგი სიმაღლეში ზრდის შეჩერებაა. ამიტომაა აუცილებელი, რომ სპეციალისტმა შეაფასოს და სწორი მკურნალობა დროულად დაიწყოს. თუ გოგონას 15 წლამდე მენსტრუაცია არ აქვს, არც მკერდის ჯირკვლების ზრდაა დაწყებული, ძალიან საყურადღებო ნიშანია და სქესობრივ მომწიფებაში შეფერხებაზე მიუთითებს, ასეთ შემთხვევებშიც ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.
თამარ იაკობაშვილი