მშობლების უმეტესობას სურს, რომ მათმა შვილებმა მშვიდ, უსაფრთხო სამყაროში იცხოვრონ. ისინი იცავენ მათ, ცდილობენ ბავშვისთვის შექმნან სივრცე, სადაც მათ არაფერი დაემუქრებათ, სადაც სტრესის და შიშის გარეშე შეძლებენ ცხოვრებას. ბავშვებს უმალავენ ოჯახურ პრობლემებს, არ იციან, როგორ შეატყობინონ ოჯახის წევრების გარდაცვალება და ა.შ.
უსიამოვნებებისგან გამუდმებული დაცვა სინამდვილეში ეხმარება თუ აუარესებს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას?
როდესაც ოჯახში რაიმე ცუდი ხდება, ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვმა ვერაფერი შეამჩნია. რაც არ უნდა კარგი მსახიობი იყოთ, ძნელია მუდმივად აკონტროლოთ თქვენი გრძნობები და არასოდეს შეგეტყოთ დარდი და ნერვიულობა, ხანდახან ცრემლებიც. ბავშვები ამ ყველაფერს ხედავენ, მაგრამ როცა მათთვის მიზეზი გაუგებარია, როცა აშკარად ხედავენ, რომ სიმართლეს უმალავენ, თავს დაუცველად და გარიყულად გრძნობენ.
რა თქმა უნდა, ბავშვთან საუბრისას არ არის აუცილებელი, ყველაფერი სიტყვასიტყვით და ზუსტად აღწეროთ - მისი ასაკის და განვითარების დონე ნამდვილად გასათვალისწინებელია. მას ნამდვილად სჭირდება დაცვა, თუმცა არა სიმართლისგან, არამედ ზედმეტი ინფორმაციისა და ძალიან მძიმე სიტყვებისგან.
პირველ რიგში თქვენს გრძნობებზე დაელაპარაკეთ. ეს დიალოგის დასაწყისი იქნება. ილაპარაკეთ ბავშვების თანდასწრებით - ნუ წაართმევთ მათ მოსმენისა და კითხვების დასმის უფლებას. დაე, ინერვიულონ, შეშინდნენ და იტირონ დედასთან და მამასთან ერთად, ვიდრე თავი მოტყუებულად ან გარიყულად იგრძნონ. მათ მაშინ უფრო ეშინიათ, როცა ვერ არკვევენ, რა ხდება მათ გარშემო.
არც ის იქნება ტრაგედია, თუ დაინახავენ, რომ მშობელი ყოველთვის ძლიერი არ არის. ამით ისწავლიან, რომ სისუსტე ზოგჯერ ნორმალურია და მომავალში ეს გააძლიერებთ.
მეცნიერებაც სიმართლის მხარესაა - სინგაპურში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომლებსაც ბავშვობაში ხშირად ატყუებდნენ, უფრო უჭირთ ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებთან გამკლავება, ისინი უფრო ეგოისტურად იზრდებიან და ამავდროულად უფრო მეტად იტანჯებიან დანაშაულის და სირცხვილის გრძნობით. და ასევე, ისინიც ხშირად ატყუებენ მშობლებს.