ბრიტნი სპირსის თაყვანისმცემლები აქტიურად საუბრობენ, რომ მომღერალს კვლავ დიდი პრობლემა აქვს და მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა ისევ არასახარბიელოა. რამდენიმე დღის წინ მათი გაოცება გამოიწვია ვიდეომ, რომელიც სპირსმა საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა და მალევე წაშალა.
ვიდეოში ჩანდა, რომ იგი სახლში ცეკვავდა და ერთ მომენტში, როცა ხელები სახიდან ჩამოიხსნა, ვიდეოში სულ სხვა გოგონას სახე გამოჩნდა. თაყვანისმცემლები ვარაუდობდნენ, რომ მომღერალი ფილტრს იყენებდა და რაღაც მომენტში ეს ფილტრი "მოსძვრა", ან კიდევ "დიპფეიკით" იყო გაკეთებული და ვიდეოში სხვა ადამიანის სახე იყო გამოყენებული.
იანვარში მომღერალი მეუღლესთან ერთად რესტორანში დააფიქსირეს. ის უცნაურად იქცეოდა, არათანმიმდევრულად საუბრობდა, შემდეგ კი სკანდალი მოაწყო. აპრილის დასაწყისში კი მეგობარ კეიდ ჰადსონთან ერთად ჰავაიზე წავიდა დასასვენებლად. მას მერე მეუღლესთან ერთად აღარ უნახავთ და მის ბოლო ქორწინებასაც კონტრაქტით დადებულ ფიქციას უწოდებენ.
ახლა გულშემატკივრები შიშობენ, რომ ბრიტნი სპირსი ისევ გახდა სხვადასხვა არალეგალურ ნივთიერებაზე დამოკიდებული და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. ამას ემატება ის ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც მის გვერდებზე ქვეყნდება, სადაც მომღერალი მოუწესრიგებელია და მუსიკის ფონზე ცეკვავს. ამიტომ, არ გამორიცხავენ, რომ მას ისევ მამის მეურვეობის ქვეშ მოუწიოს ცხოვრებამ.
აღსანიშნავია, რომ ბრიტნი სპირსი მამის მეთვალყურეობით 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და დამოუკიდებლად არც ერთი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. ახლა საუბრობენ, რომ მომღერალი კოფეინსა და სხვადასხვა მასტიმულირებელ საშუალებაზეა დამოკიდებული. როგორც დასავლურ მედიაში იწერება, სპირსი დღის განმავლობაში 3 ლიტრ ენერგეტიკულ სასმელსა და სხვადასხვა პრეპარატს სვამს, რომ ფხიზლად იყოს და იცეკვოს. ეს კი როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს.
როდესაც ბრიტნი მამის მეურვეობის ქვეშ იყო, არ შეეძლო იმის შეჭმა, რაც სურდა. მამა უზღუდავდა გადაადგილებას, მეგობრებთან, ფანებთან ურთიერთობას, არ აძლევდა საკუთარი ცხოვრების წარმართვის უფლებას. 2021 წელს სასამართლომ იგი მეურვეობისაგან ოფიციალურად გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს მამის მეურვედ დანიშვნის გადაწყვეტილება მომღერლის არასტაბილურ მენტალურ ჯანმრთელობასა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. ახლა სპირსის გულშემატკივრები შიშობენ, რომ იგივე განმეორდება.