შეგიმჩნევიათ, რამდენად სწრაფად იზრდება ბავშვის ფეხები, განსაკუთრებით ბიჭის? ფეხსაცმლის ზომა თითქმის ყოველ სამ თვეში ერთხელ იცვლება და უფროსკლასელის ფეხი შეიძლება ზრდასრულისას მიუახლოვდეს.
ამავდროულად, ფეხების ზრდა სხეულის მთლიანი ზრდის მიმართ არაპროპორციულია: 12 წლის 150 სმ სიმაღლის მოზარდი შეიძლება 40 ან უფრო დიდ ფეხსაცმელს ატარებდეს და ეს არ არის ზღვარი: ფეხი სრულად ყალიბდება გოგონებში 15 წლის ასაკში, ხოლო ბიჭებში 18 წლის ასაკში.
რამდენიმე წლის წინ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა 16 წლის ბერლინელი ბიჭი, რომელსაც 57 ზომის ფეხსაცმელი აცვია.
როგორ უნდა ვითარდებოდეს ფეხები ბავშვებში, რაზე შეიძლება მიუთითებდეს მათი სწრაფი ზრდა და რა არის ნორმის მაჩვენებლები?
ფეხსაცმლის გაზომვის რამდენიმე სისტემა არსებობს: ინგლისური, ევროპული, რუსული, ამერიკული, ჩინური. ყველაზე პოპულარულია ევროპული და ჩვენთანაც ის არის გავრცელებული. ეს არის სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც ფრანგული ინჩის მეოთხედს (6,67 მმ) უდრის.
ფეხსაცმლის ზომის ნორმები საშუალოა, ანუ თუ თქვენი შვილის ზომა არ ემთხვევა ამ მაჩვენებლებს, ეს არ ნიშნავს რომ ბავშვს პრობლემა აქვს, თუმცა თუ ზომები ნორმებს მკვეთრად აცილებულია, ღირს, რომ ბავშვი სპეციალისტს აჩვენოთ. ფეხსაცმლის ზომა შეიძლება განვითარების ზოგიერთ დარღვევაზე მიუთითებდეს.
ახალშობილში ფეხი ძირითადად ხრტილისგან შედგება. ძვლის სტრუქტურა 2 წლის ასაკში ყალიბდება, რის შემდეგაც ფეხი სწრაფ ზრდას იწყებს. ფეხი კიდევ უფრო სწრაფად ვითარდება, როდესაც ბავშვი სიარულს დაიწყებს.
ბავშვის ფეხსაცმელი დაახლოებით სამ თვეში ერთხელ უნდა განახლდეს. 3 წლიდან ბავშვს ფეხი წელიწადში საშუალოდ 1 სმ-ით უგრძელდება. 6 წლამდე ფეხსაცმლის ზომა 4 თვეში ერთხელ იცვლება, ამის შემდეგ - 5-6 თვეში ერთხელ. ყურადღება მიაქციეთ ზაფხულის ფეხსაცმელს: თბილ სეზონზე ბავშვის ფეხი უფრო სწრაფად იზრდება.
აქედან გამომდინარე, ბავშვებს ხშირად სჭირდებათ ფეხსაცმლის შეცვლა. სხვათა შორის, ხშირად ხდება, რომ ერთი ფეხი მეორეზე პატარაა - განსხვავება 0,5-1 სმ-ის ფარგლებშია. ამ დროს ფეხსაცმელი უფრო გრძელის მიხედვით უნდა შეირჩეს.
თითოეულ ბავშვის სხეული ინდივიდუალურად ვითარდება. ბიჭებში ფეხის ზომა უფრო ხშირად იცვლება ვიდრე გოგოებში, რადგან ზრდა უფრო ინტენსიურია.
საშუალოდ, ერთ წლამდე ბავშვის ფეხსაცმლის ზომაა 14,5-დან 21-მდე (ფეხის სიგრძე - 13 სმ-მდე);
1-დან 2 წლამდე - ფეხის სიგრძე 13-დან 15 სმ-მდეა, ევროპული ფეხსაცმლის ზომა - 21-24;
4 წლის ასაკში - 15-17 სმ, ზომა - 26-27;
5-6 წელი - 18-19,4 სმ, ზომა - 29-30;
7-9 წელი - 19,5-24 სმ, ზომა 30-33;
10-12 წელი - 22-23 სმ, ზომა 34-36;
13-15 წლამდე - 24-25 სმ, ზომა 37-39;
16+ წლები - 25,7-29,2 სმ, ზომა 40-45.
მოზარდობის პერიოდში ფეხის ზრდა მნიშვნელოვან რყევებს განიცდის, რაც ზრდის ტემპზე, სქესზე, ჰორმონალურ დონეზე და სხვა მრავალ ინდიკატორზეა დამოკიდებული. ეს პერიოდი ხასიათდება სხეულის სხვადასხვა ნაწილების სწრაფი, ასიმეტრიული ზრდით. ეს არის ნორმალური ეტაპი ბავშვის განვითარებაში. ამიტომ ფეხების დისპროპორცია ფიზიოლოგიურია.
ფეხის აქტიური განვითარება გოგონებში ჩვეულებრივ 13-15 წლამდე, ბიჭებში კი 16-18 წლამდე გრძელდება. საბოლოოდ, ფეხი ზრდას წყვეტს მაშინ, როცა ძვლებში ზრდის ზონები (ხრტილოვანი ფენები) დაიხურება.