ბოლო პერიოდში, საქართველოში ჩუტყვავილის შემთხვევები გაზრდილია. რამდენიმე დღის წინ, გორში მომხდარმა ტრაგედიამ, რომლის დროსაც 4 წლის ბავშვი ჩუტყვავილის გართულების შედეგად გარდაიცვალა, მშობლები დაავადების სახიფათო ნიშნებზე კიდევ ერთხელ დააფიქრა . ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ აუცილებლად სპეციალისტს და რა ნიშნები არ უნდა გამოგრჩეთ მაშინ, როდესაც ბავშვს ჩუტყვავილა აქვს:
- ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციაა. მისი გამომწვევი ვარიცელა-ზოსტერია, ჰერპეს ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და დაავადებას მწვავე დასაწყისი ახასიათებს. ინკუბაციური პერიოდი, დაახლოებით, რამდენიმე დღიდან, მაქსიმუმ 3 კვირამდე გრძელდება. საშუალოდ, მე-10-მე-14 დღეს შეიძლება გამოვლინდეს და როგორც აღვნიშნე, მწვავედ იწყება. შესაძლოა, პაციენტს აღენიშნებოდეს ტემპერატურული რეაქცია, ზოგადი სისუსტე, შემდეგ კი სპეციფიკური გამონაყარი ვითარდება. თავიდან, შესაძლოა, ლაქოვანი ელემენტები იყოს, შემდეგ უკვე ბუშტუკები, ანუ ვეზიკულები ჩნდება. როგორც წესი, თავდაპირველად, გამონაყარი სახეზე, თავის თმიან ნაწილში, გულ-მკერდზე ვითარდება და შემდეგ უკვე მთელ სხეულზე ვრცელდება. ძირითადად, ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკში გვხვდება ხოლმე და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, მძიმე მიმდინარეობაც აღინიშნება. დაახლოებით, 100-დან 2 პაციენტი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, ეს ეხება როგორც ბავშვთა ასაკს, ასევე მოზრდილებსაც.
- არის გარკვეული საყურადღებო ნიშნები, რომლებზეც მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. თუ არის მაღალი, უკონტროლო ცხელება და პირველ 48 საათში საკმაოდ უხვი გამონაყარი ვითარდება, გამონაყარი მთელ სხეულზეა გავრცელებული, ან კიდევ არის ე.წ. ჰემორაგიული გამონაყარი, ანუ გამონაყარს სხეულზე თან ახლავს სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები, ეს საკმაოდ სერიოზული სიმპტომებია და ნიშნავს იმას, რომ მშობელმა პირველივე დღეებიდან ექიმს უნდა მიმართოს, რომელიც მდგომარეობას შეაფასებს და ადეკვატურ რეკომენდაციებს მოგვცემს. არსებობს ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი, რომლის დაწყებაც მსგავს გართულებულ შემთხვევებში პირველ 48-72 საათში საკმაოდ ეფექტურია და დაავადების მძიმე მიმდინარეობას თავიდან გვარიდებს.
- ყველაზე ხშირად ჩუტყვავილის ვირუსული პნევმონია გვხვდება, რომელიც, როგორც წესი, მე-3-მე-4 დღიდან ვითარდება და სუნთქვის მზარდი უკმარისობით, ციანოზით, ძლიერი საერთო სისუსტით ხასიათდება. ესეც, რა თქმა უნდა, საყურადღებო ნიშნებია და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე, ჩუტყვავილას შეიძლება, ნევროლოგიური გართულებებიც ჰქონდეს. მაგალითად, მენინგოენცეფალიტი, ცერებელიტი - ეს გართულებები შესაძლოა, არა მხოლოდ დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში, არამედ მისი გადატანის შემდეგაც განვითარდეს. არის შემთხვევები, როდესაც დაავადება, თითქოს, დასრულდა, სხეულზე გამონაყარი აღარაა, მაგრამ ბავშვს აქვს ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, ესეც საკმაოდ საყურადღებო ნიშნებად უნდა ჩავთვალოთ და აუცილებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებას დროულად მივმართოთ. გარდა ამისა, არსებობს მეორადი ბაქტერიული ინფექციების განვითარების რისკიც. ჩუტყვავილის გამონაყარი შესაძლოა, გვექავებოდეს, ან სპონტანურად დაზიანდეს. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში ამის ხშირი შემთხვევებია, როდესაც გამონაყარი ზიანდება და მეორადად ბაქტერიული ინფექცია ვითარდება. შედეგად, შესაძლოა, პაციენტს კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია აღენიშნებოდეს, შუპდება კიდური, ან ის მიდამო, სადაც ინფექცია შეიჭრა. ასევე, შეიძლება, გამოხატული იყოს მაღალი ცხელებაც. ასეთ დროსაც მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტს დროულად მივმართოთ.
- ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩუტყვავილის შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია. ძირითადად, დატვირთვა ამბულატორიებზე მოდის, თუმცა არის გართულებული შემთხვევებიც, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ეს, უფრო მეტად, მოზრდილ კონტინგენტს ეხება, მაგრამ გართულებული შემთხვევები ბავშვებშიცაა.
- თუ პაციენტს რაიმე ფონური დაავადება აქვს, რომელიც ადამიანს იმუნოკომპრომენტირებულის სტატუსს აძლევს, ეს შესაძლოა, რისკფაქტორად ჩავთვალოთ. ასევე, ინფექციის მართვა მცირეწლოვან ბავშვებში უფრო რთულია და გამონაყრისა და ცხელების ფონზე შესაძლოა, უფრო ადრეულ ეტაპზე დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია. ასევე, კიდევ ერთი რისკფაქტორი ასაკია. რაც უფრო დიდი ასაკისაა ადამიანი, რისკი იმისა, რომ დაავადება მძიმედ წარიმართოს, შედარებით მაღალია.
- მსოფლიოში ვაქცინა არსებობს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ამ ეტაპზე დანერგილი არ არის. ჩუტყვავილის ვაქცინა პაციენტს მძიმე მიმდინარეობისაგან იცავს, თუმცა არსებობს გარკვეული შეფერხებები, რის გამოც ის ყველა ქვეყანაში დანერგილი არ არის. ეს რთული პროცესია, მოსამზადებელი სამუშაოები, მდგომარეობის შეფასება სჭირდება და მისი კალენდარულ ვაქცინაციაში ჩართვა მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განვიხილოთ.
- ჩემი, როგორც ინფექციონისტის რეკომენდაცია იქნება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დაავადების გაჩენის პირველივე ნიშნებისთანავე, კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ და სწორი რჩევები მიიღეთ. როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც უფრო მეტად ეფექტური პირველ 48-72 საათშია. ამიტომ, პირველივე ეტაპზე მდგომარეობის შეფასება მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება საშიშ სიმპტომებზე. ასევე, აღნიშნული დაავადება საკმაოდ გადამდებია, ამიტომაც ნუ გაუშვებთ ბავშვს სკოლაში, ბაღსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გადამდებლობის პერიოდი, საშუალოდ, 5-8 დღემდეა.
თამარ იაკობაშვილი