13-21 მაისს, ალბანეთის ქალაქ დურესში, ჩატარდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7-დან 17 წლამდე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის.საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი გახლდათ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა.
საქართველოს ნაკრები 19 მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი ტურნირზე და საერთო ჯამში დიდი წარმატებით გამოვიდა, მოიპოვა რა 8 სხვადასხვა სინჯის მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო). ჩვენი ნაკრებიდან პირველ ადგილს დაეუფლნენ:15 წლამდე გოგონებში ანასტასია კირთაძე (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე),13 წლამდე გოგონებში კესარია მგელაძე (მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე),11 წლამდე გოგონებში ანასტასია ჭიჭინაძე (მწვრთნელი გია მენაბდე), 9 წლამდე გოგონებში კი 8 წლის მარიამ რეხვიაშვილი (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი).
ვერცხლის მედალი მოიპოვეს 7 წლამდე გოგონებში სოფია ლიმარმა (მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე) და 15 წლამდე გოგონებში მარიამ ცეცხლაძემ (მწვრთნელი დავით მაღალაშვილი). ბრინჯაოს მედალი აიღეს 7 წლამდე გოგონებში ელენე გოგოლაძემ (მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) და 15 წლამდე ბიჭებში ლუკა კილაძემ (მწვრთნელი ზურაბ სტურუა).
პატარა მარიამს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ჩემპიონატზე წასვლამდე პრობლემა ის იყო, რომ მხოლოდ მონაწილეების გამგზავრება ფინანსდებოდა და დედა პატარა მარიამს მარტო ვერ გაუშვებდა. საბედნიეროდ, საზოგადოება აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში და როგორც მარიამის დედამ, ნატო ტოროშელიძემ გვითხრა, მას მერე, რაც მედიაში გამოქვეყნდა სტატია მარიამზე, ბევრი ადამიანი დაეხმარათ, რის წყალობითაც მარიამი დედასთან ერთად გაემგზავრა და ასე გამარჯვებითაც გადაუხადა მადლობა ყველას.