ჩემს მეორე ქორწინებას, ბევრ საზიზღრობასთან ერთად, ღალატიც ახლდა ''ჩემი ბებიისა და ბაბუის თაობა ბევრად უფრო ტრადიციული იყო, ვიდრე მე ვარ, რადგან მათთვის ეს ყველაფერი მეტად ღირებული და ფასეული გახლდათ. თაობებთან ერთად იცვლება შეხედულებები, თუმცა სადღეგრძელოს თქმა, სუფრაზე თამადის ყოლა ჩემს ოჯახშიც შენარჩუნებულია'', - ამბობს სალომე გოგიაშვილი ტრადიციებზე საუბრისას.
- რას იტყვი იმ ტრადიციებზე, რომლებიც შენი აზრით მოძველებულია?
- მაგალითად, ჩვენი ბებიების დროს თუ ქალი უქმროდ აჩენდა ბავშვს, ეს იყო დიდი სირცხვილი, გვარის, ოჯახის, ნათესავების შეურაცხყოფა. მესმის, ამას ჩვენი ბებიები რთულად აღიქვამენ, მაგრამ XXI საუკუნეში შვილის გაჩენა, ქმრით თუ უქმროდ, არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება ქალის მხრიდან, რადგან შვილზე დიდი ბედნიერება არაფერია.
- რას ფიქრობ გერლფრენდ-ბოიფრენდობაზე, ზოგი, რელიგიის კუთხით, ამას უარყოფითად უყურებს.
- უკვე დიდი ხანია მივხვდი, რელიგიას ისე იყენებენ, როგორც უნდათ. რელიგია არაა დოგმა, რომელსაც ეთანხმები თუ არა, მაინც უნდა დაუჯერო. მრუშობა არ შეიძლება და ცოდვად მიიჩნევა, თორემ არსად წერია, ბოიფრენდი არ გაიჩინო და მასთან ერთად არ იცხოვროო. როცა ჩემს შვილს ამის ასაკი მოუვა, ალბათ, გამიჭირდება შეგუება, მაგრამ რაღაც მომენტში ვფიქრობ, ამ ინსტიტუტის არსებობა სწორია. ერთია, როცა ბიჭი დაგპატიჟებს სადღაც, გეტყვის კომპლიმენტს და მეორეა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ყოფით პრობლემებს რომ ეჯახები, გაზისა და შუქის გადასახადი რომ გეკისრება, მერე უფრო ხვდები, გინდა თუ არა იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება, ეწყობით თუ არა, თუნდაც სექსუალურად. თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს პარტნიორების წამდაუწუმ ცვლაში.
დღეს გოგონაზე საუბრისას ბევრი ბიჭისგან მსმენია, 28 წლის ასაკში ისევ ქალიშვილიაო? მის პატიოსნებას კი არ უსვამენ ხაზს, ინტერესდებიან, რაიმე ხომ არ სჭირს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მე რომ ჩემს პირველ მეუღლესთან ერთ ჭერქვეშ მეცხოვრა, არ გამეჩინა შვილი, ჩვენ დღეს ერთად მაინც არ ვიქნებოდით, მაგრამ დანგრეული ოჯახი კი არ გვერქმეოდა, არამედ წყვილი, რომელმაც ერთად ცხოვრება ვერ შეძლო.
- სალომე, კაცის ღალატი ''მოსულა'', ქალის ღალატზე კი ქვეყანა ინგრევა – რატომ?
- ჩემს მეორე ქორწინებას, ბევრ საზიზღრობასთან ერთად, ღალატიც ახლდა. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი, რამდენად მწარეა. ვერ გავაკრიტიკებ ქალებს, რომლებიც იგებენ, ქმარს საყვარელი ჰყავს და პატიობენ. უფრო იმ ქალებს გავაკრიტიკებ, რომლებიც ამ ამბავს ეგუებიან და ცხოვრობენ ორ ოჯახად. არაფერი, არც ფინანსები და არც დამოკიდებულება ქმრისადმი არ მომცემს იმის ძალას, რომ ვიცხოვრო სახლში, სადაც ქმარი არ მოდის, საყვარელთან დროს ატარებს და ამ დროს მე ფურცელზე გაფორმებული ცოლი ვარ. კაცები რომ ''დაძვრებიან'', ეს მამრობითი სქესის ინსტინქტით აიხსნება - კაცი არ იმართება ტვინით, ბუნებით მონადირეა, ჟინს იკმაყოფილებს და უმეტეს შემთხვევაში ამის მერე იმ ქალის სახელიც აღარ ახსოვს.
- და ასეთი ღალატისთვის უნდა დაინგრეს ოჯახი?
- ასეთი ღალატი ქმარმა ცოლს არ უნდა გააგებინოს, მაგრამ თუ ქალს უღირს ქმარი, ამ ერთი შეცდომის გარდა სხვა მხრივ ურთიერთობაში და არამარტო, ძალიან კარგად გრძნობს თავს, მაშინ არ ღირს ოჯახის დანგრევა. ყველა ადამიანს აქვს ერთი შეცდომის უფლება. მე არც მინდა ამის გაფიქრება, თუმცა არავინაა დაზღვეული. ბედნიერი ვარ, არაჩვეულებრივი ქმარი მყავს და ერთი ''გაძრომისთვის'' ამ ბედნიერების დანგრევა არ ღირს, თან ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქმარი საყვარელს არასდროს გაიჩენს. თუმცა, ასეთი რამ რომ გავიგო, შეიძლება, მოვკლა ორივე და მერე ჩაწერთ ჩემთან ინტერვიუს, როგორ მოვკალი ქმარი (იცინის).