20 მაისს, გამთენისას, 4:00 საათზე, პარიზის მე-15 უბნის პოლიციაში სატელეფონო ზარი გაისმა. 58 წლის ქალის თქმით, სახლში დაბრუნებულს მისი პარტნიორი გარდაცვლილი დახვდა. ქალი კრისტიან აარონ ბულონზე საუბრობდა, ლეგენდარული მსახიობის, ალენ დელონის ვაჟზე. ვაჟზე, რომელიც მსახიობს თავის შვილად არასდროს უღიარებია. 60 წლის ფოტოგრაფის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს.
გამოძიების პირველადი მონაცემებით, არი ბულონს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ცოტა ხნის წინ ის საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მას შემდეგ კი, რაც დაცემის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო, ძირითადად ეტლით გადაადგილდებოდა. არის ცხედარი პარიზის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაასვენეს.
ბულონის პარტნიორმა ქალმა, რომელიც კაცს ბოლო დროს ყურადღებას აქცევდა, განაცხადა, რომ ცხედარი პირველად მან იპოვა. გარდაცვალების დროს ქალი სახლში არ იმყოფებოდა. არი თავის 21 წლის ვაჟთან ერთად დატოვა. ცნობილი გახდა, რომ კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, რადგან სამართალდამცველების ცნობით, ცხედარს გახრწნა ჰქონდა დაწყებული.
პოლიციამ ქალი დააკავა "საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანისთვის აუცილებელი დახმარების არაღმოჩენის" გამო.
არი ბულონი, 60 წლის ფოტოგრაფი, ათწლეულების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ის ალენ დელონის შვილი იყო, თუმცა მსახიობი ამას ყოველთვის უარყოფდა.
კრისტიან აარონ ბულონის დედა ცნობილი მოდელი, ენდი უორჰოლის მუზა და Velvet Underground-ის წამყვანი მომღერალი გახლდათ, სასცენო სახელით "ნიკო.“ ქალი მუდმივად ამტკიცებდა, რომ მისი ვაჟი 1960-იანი წლების დასაწყისში ალენ დელონთან ხანმოკლე რომანის შემდეგ დაიბადა. აარონის დედა 1988 წელს ველოსიპედიდან გადავარდნის დროს მიღებული თავის ტრავმით გარდაიცვალა.
არის მამა არ აღიარებდა, მაგრამ მისი ცხოვრების დრამა მხოლოდ ეს არ ყოფილა - არც დედას ჰქონდა სურვილი, რომ შვილი გაეზარდა. ბავშვი ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ალენ დელონის დედა ჩაფრინდა და სავარაუდო შვილიშვილი თავისთან, პარიზში წაიყვანა. ედიტმა და მისმა მეორე მეუღლემ პოლ ბულონმა, აარონი იშვილეს. ბიჭი, რომელიც მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ალენ დელონის ბიოლოგიური შვილი იყო, მსახიობის მამინაცვლის გვარით მოკვდა.
აარონს დედასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ისინი პრაქტიკულად არ ურთიერთობდნენ. დედობას ბებია უწევდა. როდესაც ალენ დელონი დედის სანახავად მიდიოდა, მას წინასწარ აფრთხილებდა, რომ ბავშვი სადმე დამალულიყო, რადგან მისი ნახვის სურვილი არ ჰქონდა.
6 წლის ასაკში ბებიამ ბიჭი კათოლიკურ სკოლა-ინტერნატში მიაბარა, 16 წლის იყო, როდესაც იქაურობა მიატოვა და მზარეულობა გადაწყვიტა, მაგრამ ერთ წელიწადში გადაწყვიტა, რომ დედასთან დაბრუნებულიყო.
მოგვიანებით, თავის ავტობიოგრაფიულ ფილმში Love Never Forgets, არი ბულონი დედასთან ურთიერთობაზე საუბრობდა, ის ჰყვებოდა, როგორ იღებდნენ ერთად ნარკოტიკს.
"16 წლის ასაკიდან ვიყენებდით ერთსა და იმავე წამალს. ეს იყო ერთად ყოფნის საშუალება", - თქვა მან 2018 წელს ინტერვიუში.
25 წლის იყო, როდესაც 49 წლის დედა დაეღუპა. ამის შემდეგ ბიჭი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდა. მკურნალობას წლები დასჭირდა. შემდეგ არი პერიოდულად მსახიობობდა, ფოტოგრაფობდა. განაგრძეთ კითხვა