ბევრი შვილი მშობლების ტვინს სწრაფად აბერებს: "მრავალშვილიანი მშობლების ფსიქოლოგიური დატვირთვა ასაკში გონებაზე აისახება" - მშობლები

ბევრი შვილი მშობლების ტვინს სწრაფად აბერებს: "მრავალშვილიანი მშობლების ფსიქოლოგიური დატვირთვა ასაკში გონებაზე აისახება"

2023-05-23 18:21:22+04:00

ევროპელმა მკვლევარებმა 20 ქვეყნის ხანდაზმულები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ სამი ან მეტი შვილის აღმზრდელ ადამიანებს საპენსიო ასაკში გონებრივი პრობლემების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ერთ ან ორ შვილს ზრდის. ასეთი შედეგები კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) და პარიზ-დოფინის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა.

მკვლევარებმა ფართომასშტაბიანი გამოკითხვის მონაცემები გაანალიზეს, რომელმაც ავსტრიის, ბელგიის, ხორვატიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების ხანდაზმული მოსახლეობა მოიცვა.

კვლევის ყველა მონაწილე 65 წელზე მეტი ასაკის იყო და ჰყავდა მინიმუმ ორი ბიოლოგიური შვილი ყყავდა.

ანალიზმა აჩვენა, რომ სამი და მეტი შვილის მშობლებში სიბერეში ინტელექტის ტესტების შედეგები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ორი შვილის მშობლებში. უფრო მეტიც, ეს უარყოფითი ეფექტი თანაბრად მოქმედებს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე.

ზოგადად, მეცნიერთა გათვლებით, ბევრი შვილის ყოლა მშობლების კოგნიტურ შესაძლებლობებს მინიმუმ ექვს წლით აბერებს.

მკვლევარები თვლიან, რომ ეს ფენომენი შეიძლება რამდენიმე მიზეზს ეფუძნებოდეს. პირველ რიგში, ყოველი დამატებითი ბავშვი მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს, რაც ამცირებს ოჯახის შემოსავალს და მისი გაღარიბების რისკს ზრდის . ეს ყველაფერი შფოთვასა და სტრესს იწვევს, რაც ასაკში უკვე გონებრივ შესაძლებლობებზეც მოქმედებს.

მეორეც, რაც უფრო მეტი ბავშვია, უფრო მეტ სტრესს განიცდიან მშობლები, ნაკლები სძინავთ და ნაკლები დრო აქვთ დასვენებისთვის, თავის მოვლისა და თვითგანვითარებისთვის.

ეს ყველაფერი ერთად იწვევს დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას მთელი ცხოვრების განმავლობაში და სიბერეში შეიძლება ინტელექტუალური შესაძლებლობების სწრაფი დაქვეითება გამოიწვიოს.