ოჯახმა ლატარიაში სოლიდური თანხა მოიგო, თუმცა მალე მათი 8 წლის ვაჟი გაიტაცეს... - ტრაგედია, რომლის შემდეგაც ლატარიის გათამაშების წესები მთლიანად შეიცვალა - მშობლები

ოჯახმა ლატარიაში სოლიდური თანხა მოიგო, თუმცა მალე მათი 8 წლის ვაჟი გაიტაცეს... - ტრაგედია, რომლის შემდეგაც ლატარიის გათამაშების წესები მთლიანად შეიცვალა

2023-05-26 10:17:38+04:00

1960 წელს ავსტრალიელმა წყვილმა, ბაზილი და ფრიდა ტორნებმა, გადაწყვიტა, ავსტრალიის მთავრობის მიერ გამართული ლატარიიდან ბილეთები შეეძინა. ლატარიის გამარჯვებული 100 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯილდოს იღებდა. იმ დროისათვის, ეს თანხა, დაახლოებით, 2,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. ცოლ-ქმარმა მოულოდნელად გაიმარჯვა და ეს მათთვის ძალიან დიდი სიხარული იყო... მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, დიდი გამარჯვებიდან ერთი თვის შემდეგ მათი ვაჟი გრემი კრიმინალებმა გაიტაცეს...

1-1685082014.jpg
გრემ ტორნი

მაშინ ავსტრალიაში სიდნეის ოპერის თეატრი შენდებოდა, რაც ხელისუფლებას საკმაოდ ძვირი უჯდებოდა. ამიტომაც გადაწყვიტეს, ლატარია შეექმნათ და ამ გზით, დამატებითი შემოსავალი მიეღოთ. თუმცა, ჯილდოც, როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ სოლიდური იყო.

1960 წლის 1 სექტემბერს ლატარიის შედეგები გამოცხადდა. გამარჯვებული 37 წლის მამაკაცი, ბაზილ ტორნი იყო, რომელიც სამხრეთ უელსში ცხოვრობდა. იმ დროისათვის, ლატარიის გამარჯვებულს ანონიმურად დარჩენის უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც, ბაზილისა და მისი ოჯახის შესახებ ქვეყანაში არსებული გაზეთების პირველივე გვერდებზე გამოქვეყნდა. გამოსახული იყო მათი ფოტოები, საცხოვრებელი ადგილი, დეტალური მისამართი.

ბაზილ ტორნი მეუღლესთან, ფრიდასთან, 8 წლის ვაჟთან, გრემთან და 3 წლის ქალიშვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ცოლ-ქმარმა ლატარიისთვის 10-მდე ბილეთი შეიძინა, მათ შორის კი 1 გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

1960 წლის 7 ივლისს გრემ ტორნმა ჩვეულებრივ დატოვა სახლი და სკოლისაკენ გაემართა. გზად მას ოჯახის მეგობარი, ფილისი უნდა დახვედროდა, რომელსაც ბიჭი სკოლაში თავის ორ შვილთან ერთად მიჰყავდა. როდესაც ფილისი დათქმულ დროს მივიდა, გრემი იქ არ დახვდა, სადაც ყოველდღე იდგა ხოლმე. კაცი ბავშვის ოჯახში წავიდა, რომ მისი ამბავი გაეგო. სახლში კი ეგონათ, რომ გრემი უკვე სკოლაში იყო. როდესაც სკოლაში დარეკეს, აღმოჩნდა, რომ ბიჭი არც იქ იყო. მალევე პოლიციაში განაცხადეს, თუმცა დაახლოებით 1 საათში მშობლებს უცნობმა ადამიანმა ტელეფონით დაურეკა და უთხრა, რომ მათი შვილი მასთან იყო.

2-1685082042.jpg
ბაზილ და ფრიდა ტორნები

გამტაცებელი ოჯახისაგან 25 ათას ფუნტ სტერლინგს ითხოვდა და თუ დათქმულ დროს თანხას არ მიიტანდნენ, ბავშვის მოკვლით იმუქრებოდა.

ავსტრალიის პოლიციამ ამბავი გაახმაურა, გამტაცებლის მოთხოვნებს არ დაემორჩილა და პრესკონფერენცია გამართა. ფაქტი გაზეთების პირველივე გვერდებზე აღმოჩნდა. როდესაც გამტაცებელმა ოჯახთან კიდევ ერთხელ დარეკა, მის ზარს პოლიციელმა უპასუხა. მან თქვა, რომ ფული ორ დიდ კონვერტში უნდა ჩაეწყოთ. თუმცა, მოულოდნელად ზარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე გათიშა.

ქვეყნის მასშტაბით ისტორიაში ყველაზე დიდი სამძებრო სამუშაოები დაიწყო. პოლიციამ რამდენიმე საათში უამრავი სახლში გაჩხრიკა, შემოწმდა ყველა თავშესაფარი. ტელევიზიებით დაკარგული ბავშვის სურათებს აჩვენებდნენ. მეორე დღეს სიდნეის გარეუბანში გრემის სასკოლო ჩანთა იპოვეს. რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებდა, საქმეში ვერტმფრენები და ძაღლებიც ჩართეს, თუმცა უშედეგოდ...

6-1685082114.jpg

გრემის გაუჩინარებიდან 1 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, სამწუხაროდ, ბავშვის ცხედარი ჩრდილოეთ სიდნეის გარეუბანში აღმოაჩინეს. ბიჭს ხელ-ფეხი თოკით ჰქონდა შეკრული. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გამტაცებელმა ბავშვი გატაცებიდან 24 საათში მოკლა.

9-1685082080.jpg
სტივენ ბრედლი

ბავშვის დედამ მოგვიანებით გაიხსენა, რომ ვიდრე გრემს გაიტაცებდნენ, მათ კარზე უცნობმა სათვალიანმა მამაკაცმა დააკაკუნა და ვიღაც სხვა იკითხა. როდესაც გაიგო, რომ იმ სახლში არ ცხოვრობდა ის, ვისაც ეძებდა, წავიდა. შემდეგ ადგილობრივებმაც განაცხადეს, რომ ბავშვის გატაცების დღეს ლურჯ ავტომანქანას ხედავდნენ. გამტაცებლის დასადგენად ძალიან დიდი ოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ აღრიცხვაზე აიყვანა ყველა მანქანა, რაც აღწერილობას ემთხვეოდა, გაირკვა დამატებითი დეტალებიც და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გამტაცებელი სტივენ ბრედლი იყო, რომელმაც ავსტრალია ოჯახთან ერთად იქამდე დატოვა, ვიდრე პოლიცია დააკავებდა. კაცი აეროპორტში დააკავეს, ლონდონისკენ რომ მიემგზავრებოდა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1968 წელს ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამის შემდეგ ავსტრალიაში ლატარიის წესები მთლიანად შეიცვალა და ყველა გამარჯვებულს მიეცა უფლება, რომ საკუთარი ვინაობა არ გაემჟღავნებინათ და ანონიმურად დარჩენილიყვნენ, რომ მსგავსი ტრაგედიები თავიდან აერიდებინათ.