ბუჩე ბუსე ქახრამანი 1996 წლის 1-ელ აპრილს დაიბადა თურქეთის ქალაქ იზმირში. ბავშვობიდან უნდოდა მსახიობობა და უმაღლესი განათლებაც ამ მიმართულებით მიიღო. სამსახიობო კარიერა კი 2017 წელს დაიწყო სერიალებით.

რამდენიმე საკმაოდ წარმატებულ თურქულ სერიალში ითამაშა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა სერიალმა "ჩემი ფავორიტი". ეს პროექტი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და ულამაზესი წყვილის შუაში ჩამდგარი ბუჩეს გმირი - ფელო, ყველამ იცის, ვინც სერიალს უყურებს. თუმცა გოგონა ვერც წარმოიდგენდა, რომ პოპულარობას ამდენი ნეგატივი მოჰყვებოდა.

აღმოჩნდა, რომ მაყურებლების დიდი ნაწილი სულაც არ ფიქრობს, რომ ბუჩე როლს ასახიერებს, მას აიგივებენ პერსონაჟთან და სოციალურ ქსელში ლანძღავენ დაუსრულებლად. იმდენად ერჩიან და იმხელა ნეგატივი გამოიწვია მისმა გმირმა, რომელიც შეყვარებულ წყვილს ხელს უშლის ბედნიერებაში, რომ საქმეში ბუჩეს მენეჯერი ჩაერთო და სასამართლომდეც კი მივიდნენ. მენეჯერმა რამდენიმე ჰეითერს უჩივლა და შედეგებს ელოდებიან.

ამბობდნენ, რომ მორიგ სეზონში ბუჩე შეიძლებოდა აღარც ყოფილიყო, თუმცა იმხელა აჟიოტაჟი და რეიტინგი მოჰყვა მის პერსონაჟს, კონტრაქტი გაუგრძელეს და კვლავ ითამაშებს ამ სერიალში.


პირად ცხოვრებას ბუჩე არ ასაჯაროებს და ჯერჯერობით ოფიციალურად მის გვერდით არავინ არის.